ორი პატრიარქის დასკვნა: სომხეთში ქართული ტაძრები საფრთხეშია

საქართველოში ყოველთა სომეხთა პატრიარქის, გარეგინ მეორის ვიზიტი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა და ორივე ქვეყანაში, ბევრისთვის მოულოდნელი შედეგებითაც დასრულდა. უკვე მრავალი წელია, საუბრები, დავა მიმდინარეობს თუ გარკვეული მოსაზრებები გამოითქმება საქართველოში მდებარე სომხური ეკლესიების მდგომარეობაზე, სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული ქართული ტაძრების საკითხი კი, კამათში, ყოველთვის მეათეხარისხოვან ადგილს იკავებდა.

ორი პატრიაქის გადაწყვეტილებით, სიტუაცია დაბალანსდა. მიღებული გადაწყვეტილებით, ქართული ტაძრები სომხეთში ოფიციალურად დარეგისტრირდება მართლმადიდებლურ ტაძრებად და სომხეთში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიაც ჩამოყალიბდება.

სომხეთში მდებარე ქართული ტაძრები, ამჟამად მართლაც უმძიმეს მდგომარეობაშია. მაგალითად, ახტალის უძველესი სამონასტრო კომპლექსის ფრესკები, სადაც საეპისკოპოსო ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალმა დააარსა, ფაქტობრივად, განადგურების პირასაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაძრის საკურთხველის თავზე მდებარე ღვირთისმშობლის ფრესკა, რომელიც წვიმისაგან თითქმის მთლიანდ ჩამონგრეული და გადარეცხილია.

ტაძარში 40 მოწამის უნიკალური ფრესკაა, ასევე, ქართველი მეფეების, წმინდანების სილამაზით და ორიგინალურობით გამორჩეული მოხატულობა, რომელიც ლამის ყოველთვიურად ნადგურდება. ეკლესიის ადგილობრივი მეთვალყურის თქმით, მათ სასწრაფო მიხედვა სჭირდება. ტაძარი, მიუხედავად მისი არაოფიციალური მართლმადიდებლური სტატუსისა, კათოლიკურ–გრიგორიანულად არის მოწყობილი და სანთლებიც გრიგორიანული იყიდება.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ქართული კულტურის უძველესი ძეგლი, ქობაირის მონასტერია, სადამდეც მისასვლელი გზაც კი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ტაძარი, რომელშიც თამარ მეფის ამირსპასალარის, ზაქარია მხარგრძელის და მისი ოჯახის საძვალე მდებარეობს, საქართველოს ისტორიის უამრავ და მნიშვნელოვან ფურცელს იტევს. აღსანიშნავია, რომ ქობაირის მონასტრის სიახლოვეს კიდევ სხვა დანგრეულ–განადგურებული ქართული ძეგლების ნაშთებიც მდებარეობს, რომლებიც მსურველი მნახევლებისთვის სრულიად მიუდგომელია. თავად მონასტერში ნგრევის პროცესები მიდის.

მიუხედავად ამისა, ნაგებობას – თავისი ფრესკებით, სვეტებით, უძველესი ასომთავრული წარწერებით, ეტყობა, რომ ერთ დროს გრანდიოზული და ულამაზესი კომპლექსი უნდა ყოფილიყო, სადაც დიდი მწიგნობრული მუშაობა მიდიოდა. ეს ტერიტორია ზღვა არქეოლოგიურ მასალას იტევს. ქართული ეპარქიის ჩამოყალიბების შემდეგ თუ სომხური მხარე ქართველ მეცნიერ–არქეოლოგებს აქ შესვლის საშუალებას მისცემს, ეს ქართული და სომხური ისტორიოგრაფიისათვის მართლა გრანდიოზული მასალა იქნება.

ამ ორი ძეგლის გარდა, ლორეს ტერიტორიაზე კიდევ სხვა ქართული ტაძრებია, ზოგი მათგანი ნახევრად დანგრეულია, ზოგი მცირე მოცულობის, მაგრამ ყოველი მათგანის კვლევას და იქ ქართული ღვთისმსახურების აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუნდაც ის მრავალრიცხოვანი ქართული წარწერები რად ღირს, რომლებიც ყოველ ტაძარში, ტაძრის ეზოებში უხვად არის გაბნეულ–მიმოფანტული. ამ ფონზე, ყოველთა სომხეთა პატრიარქთან შეთანხმებების მიღწევას, ლორეს ქართულ ძეგლებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

კომენტარი