რადიკალურ ოპოზიციაში ლიდერობისთვის ბრძოლა გრძელდება

რადიკალურ ოთხეულს, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ნარჩენებში თავიანთი ლობისტები ჰყავთ. კუკავას მზე გრეჩიხაზე ამოსდის, გუნცაძეც გაჩეჩილაძის მომხრეა, სამაგიეროდ, სალომეს მხარს უჭერს ჯანრი... ხოლო ბურჯანაძეს ბადრი ბიწაძე, ანზორ ბურჯანაძე, შვილები...…გამყრელიძის გაპირველკაცობისთვის თავად ფიქრია იბრძვის, აგერ უკვე რამდენიმე წელია. ბესელია და მისი “კამანდა” კი, ტლაშაძის ჩათვლით `რად-ოპოს” რიგებში ლიდერობის მეხუთე კანდიდატად ოქრუაშვილს ასახელებენ, მის “ფილიალებად” კი საკუთარ პერსონებს განიხილავენ.
ჯერ საჯაროდ არ ამხელენ, მაგრამ ჩუმ-ჩუმად პირველობის სენი შეეყარათ კობა დავითაშვილსა და ზვიად ძიძიგურსაც. ამ უკანასკნელს, როგორც ჩანს, “ყოჩობის” პრეტენზია იქიდან გამომდინარე აქვს, რომ რკინიგზების ბლოკირება-გადაკეტვის სპეციალისტი იყო, თავის დროზე. დავითაშვილს კი უყვარს ლიდერობა და “ნავერტილე” და რა ქნას?
ისევე როგორც თითქმის ყველას, რადიკალურ ოპოზიციაში, პირველობა სურთ “ქართული აკადემიის” წევრს, მაგალითად, ნუკრი ქანთარიასა და პოეტ დავით მაღრაძესაც. ქანთარია-მაღრაძე ავითარებენ მოსაზრებას, რომ ოპოზიციის საერთო ლიდერი მეტ-ნაკლებად აპოლიტიკური პერსონა, საზოგადოების წარმომადგენელი უნდა იყოს.
თუ “რად-ოპო” ამ სტრატეგიას დათანხმდა, ლიდერობის ყველაზე დიდი შანსი სწორედ ქანთარია-მაღრაძეს ექნება. თუმცა, ანზოროვნა რისი ანზოროვნა იქნებოდა “ეს საკენკი” რომ აეკენკა? ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციის ბურჯი ის და მისი ოჯახია.
რადიკალურ ოპოზიციაში ლიდერობისთვის წარმოებულ “ხოცვა-ჯლეტას” ემატება დაბნეულობა, გაურკვევლობა და წარუმატებლობა, რაც იმითაცაა გამოწვეული, რომ ყველა, ვისაც თავი “კიტრი” ჰგონია, თავისას “ერეკება” და იმ ჩვენებას აწვება, რომელიც მისი ინტერესების პირდაპირი გამოხატულებაა.
სამწუხარო კი ისაა, რომ ვითარება, რომელიც ქუჩაში მდგარ ოპოზიციაშია, ნელ-ნელა ემსგავსება ფარას, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე წინამძღვარი ჰყავს - ყველა წინამძღვარი თავის გზით მიდის, ფარამ კი არ იცის ვის გაყვეს, ვის ენდოს და ვის დაუჯეროს.

კომენტარი