სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა.

აკორდას სასახლეში შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველო ყაზახეთს მეგობარ სახელმწიფოდ და უმნიშვნელოვანეს პარტნიორად მიიჩნევს.

გაფართოებული შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებსა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის საქმიანობის მნიშვნელობას, რომლის სხდომები რეგულარულად იმართება.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი.

პრემიერმა და საქართველოს მთავრობის წევრებმა ყაზახურ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ადგილობრივი და უცხოელი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერები - ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100