უსუფაშვილის კომენტარი ევროსაბჭოს რეზოლუციის მნიშვნელობის შესახებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავიტ უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროსაბჭოს რეზოლუციის მნიშვნელობის შესახებ.

“ევროსაბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია და ჩვენ, როდესაც გადავწყვიტეთ ევროპული ინტეგრაცია უნდა ყველა დაწესებულებაში, ყველა უწყებაში წარმოვჩინდეთ ღირსეულად.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეზოლუციას ყველა კარგად გავეცნობით, სათანადო დასკვნებს გამოვიტანთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ დემოკრატიის ხარისხს. ევროპა გვეუბნება იმას, რომ ძალიან სერიოზული მიღწევები აქვს ქვეყანას, ძალიან ბევრი სწორი რეფორმაა დაწყებული. ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ ახალი ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში - მედიათავისუფლება, ბიზნესთავისუფლება, პოლიტიკური თავისუფლებები, გაცილებით თავისუფალია გარემო, მაგრამ გასაკეთებელი არის კიდევ ბევრი რამ.

ჩვენ ვიცით ეს, მაგალითად სასამართლო რეფორმის მიმართულებით ჩვენთან ერთი ტალღა დასრულდა, მეორე ტალღა დაიწყება მალე. ვენეციის კომისიაში მთელი რიგი საკანომდებლო აქტებია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ასე, რომ მე დარწმუნებული ვარ ყველა იმ კითხვაზე, თუ წუხილზე, რაც ამ რეზოლუციაშია გამოთქმული დამაჯერებელი პასუხი იქნება გაცემული, დამაჯერებელი პასუხი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის და არა მათთვის, ვინც ცდილობს ახლა ამ რეზოლუციას ამოეფაროს და რაიმეთი საკუთრი ბოროტმოქმედება თუ შეცდომები წარსულში გაამართლოს.

ეს რეზოლუცია ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს იმუშაოს უკეთ და არ ლაპარაკობს იმაზე, რომ წინა ხელისუფლება იყო კარგი, ყველაფერი კარგად ჩაიდინეს, რაც ჩაიდინეს და ესეიგი მათ ჩამოერეცხათ ყველა ბრალი. პირიქითაა ეს ყველაფერი. ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ თუ ვინმე დამნაშავეა, დაისაჯოს კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით, ყოველგვარი გადამეტების და რაიმე ხარვეზების გარეშე და ეს რა თქმა უნდა ასეც იქნება.” – განაცხადა უსუფაშვილმა

კომენტარი