სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ სიტყვას ელის ქართველი ხალხი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრისგან?

ქართველმა ბლოგერმა თემურ ავალიანმა, რომელიც პოლიტიკურ თემებზე ვრცელ პოსტებს ხშირად აქვეყნებს, დრონი.ჯი-ს რედაქციაში გამოაგზავნა მის მიერ დაწერილი სიტყვა, რომელსაც ავალიანის აზრით ხალხი პრემიერ მინისტრისგან ელის. თემურ ავალიანის წერილს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

ქალბატონებო და ბატონებო, კოლეგებო!

ჩემთვის დიდი პატივია პირველად წავრვდგე მსოფლიოს საზოგადოების წინაშე და ამ მაღალი ტრიბუნიდან მოგითხროთ ჩემი სამშობლოს – საქართველოს პრობლემებზე, რომლებიც დამოუკიდებლობის 23 წლის შემდეგაც მოუგვარებელია – ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის იმპერიის მიერ. ამ ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია 300 ათასი ქართველი და 200 ათასი სხვა ეროვნების მოქალაქე.

დღეს ქვეყანა სამ ნაწილადაა დაფლეთილი და ოკუპაციის „საზღვრები“ ყოველდღიურად ქვეყნის შიგნით იწევს. დღეს საქართველოს საზღვარს რუსეთთან, რომელიც ისტორიულად კავკასიონის ქედზე გადის, თბილისიდან – საქართველოს დედაქალაქიდან, მხოლოდ 40კმ აშორებს. თუ გავითვალისწინებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ მოწყობილ პროვოკაციას და ავანტიურას, რის შედეგადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული იქნა ისედაც პატარა ქვეყნის 20%, მისი გამეორების შემთხვევაში ეს უძველესი კულტურისა და დიდი ისტორიის ქვეყანამ შეიძლება თავისი სახელმწიფოებრიობა კვლავ დაკარგოს და მესამედ გახდეს რუსეთის იმპერიის ნაწილი. მიუხედავად არსებული მედვედევ–სარკოზის ხელშეკრულებისა რუსეთი არ ასრულებს ამ ხელშეკრულების მთავარ შეთანხმებებს და არ გაჰყავს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. მან ცნო ეს პატარა ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად შეიყვანა იქ თავისი ჯარები, სამხედრო შეიარაღება და მძიმე ტექნიკა, რეგულარულად აწარმოებს სამხედრო წვრთნებს ჩვენს საზღვრებთან, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

მიუხედავად გაეროს, ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების, დიდ სახელმწიფოთა მეთაურების, აგრეთვე საქართველოს ახალი ხელისუფლების დიდი მცდელობისა და გაცხადებული ახალი მიდგომებისა – რუსეთთან ურთიერთობის დალაგების შესახებ, რუსეთის იმპერია უფრო ამკაცრებს თავის რიტორიკას, არ აპირებს თავის ჯარების ამ ტერიტორიებიდან გაყვანას და მოგვიწოდებს შევეგუოთ „ახალ რეალობას“ ე.ი. ვცნოთ ეს „სახელმწიფოები“ უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი აპირებს ამ ჯუჯა სახელმწიფოების, რაღაც სამხედრო ბლოკში შეყვანას, რომ უფრო ლეგიტიმური გახადოს ამ ტერიტორიების სამხედრო ოკუპაცია და მათი მილიტარიზაცია. გულახდილად უნდა გითხრათ საქართველოს ახალ ხელისუფლებას ჰქონდა ერთგვარი ბრალდებები წინა ხელისუფლების მიმართ, რომ მათ თავიანთი დაუბალანსებელი პოლიტიკით რუსეთის მიმართ, ვერ აიცილეს აგვისტოში რუსეთის ჯარების შემოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და საშუალება მისცეს რუსეთს მიეტაცებინა ეს ტერიტორიები. მაგრამ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მედვედევისა და პუტინის ახალმა განცხადებებმა აგვისტოს ომზე თვალნათლივ დაგვანახეს, რომ რუსეთის იმპერიისთვის არ არსებობს არც დაბალანსებული პოლიტიკა, არც კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი ურთიერთობა. მათთვის მთავარია პოსტსაბჭოთა სივრცე – ყოფილი კოლონიები ახორციელებდნენ მხოლოდ რუსეთის მიერ ნაკარნახევ, სასურველ საგარეო პოლიტიკას და იყვნენ მისი მორჩილნი.

დღეს ყველა თვალნათლივ ხედავს, რომ უკრაინის ტრაგედიის მთავარი მოქმედი პირი რუსეთის პრეზიდენტი პუტინია, რომელმაც თავისი მარიონეტი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, იანუკოვიჩი აიძულა უარი ეთქვა ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერისგან, რასაც შედეგად მოჰყვა უკრაინაში მოსახლეობის ხალხმრავალი მიტინგები, გამოსვლები და მანიფესტაციები, რითაც კარგად ისარგებლა პუტინის რუსეთმა და ქვეყნის დესტაბილიზაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენა – მან და მისმა სეპარატისტმა აგენტებმა ჩაატარეს რეფერენდუმი უმეტესად რუსებით დასახლებულ ყირიმში და სომალელი მეკობრეებივით მიიტაცეს ეს ტერიტორია. თუმცა ასეთი „სამართლებლივი“ წესით საკითხის გადაწყვეტა თავის დროზე არ უცდიათ არც აფხაზეთში, არც ჩეჩნეთში და არც ცხინვალის რეგიონში. იმპერია ამ ნადავლით არ კმაყოფილდება და ახლა ცდილობს უკრაინის აღმოსავლეთი რეგიონებიც წაართვას უკრაინის სახელმწიფოს. დიდი ალბათობით დონბასიისა და ლუგანსკის გარდა მასში ჩათრეული იქნება სხვა რეგიონები უკრაინაში სისხლისმღვრელი შეტაკებების ფონზე, სადაც თითქოს სეპარატისტები იბრძვიან (სინამდვილეში რუსეთის შეიარაღებული ძალების მეომრები) და აქვთ შეიარაღების და მძიმე ტექნიკის, არტილერიის დიდი არსენალი, ცოტა უხერხულია საქართველოს პრობლემებზე ლაპარაკი, სადაც ჯერ კიდევ ცივი ომი ცხელში არ გადაზრდილა. ეს კი მოსალოდნელია, რაც უფრო ახლოვდება 2015 წელი, როცა პუტინის მანიაკალური გეგმა რუსეთის იმპერიის აღდგენის შესახებ – ევრაზიის კავშირის შექმნით – უნდა დამთავრდეს.

როგორც ჩანს, პუტინი და მისი უახლოესი გარემოცვა არ აანალიზებს იმ შედეგებს, რომელიც ამ გაუმართლებელ ავანტიურას შეიძლება მოჰყვეს. ამ თავზეხელაღებულ, უპასუხისმგებლო ადამიანებს არც მსოფლიოს ბედი და მითუმეტეს არც რუსი ხალხის ბედი არ აღელვებთ. პუტინი დღეს მსოფლიოს დიდი გამოცდის წინაშე აყენებს.

მაგრამ ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ მსოფლიო განთავისუფლდება ამ კოშმარისგან და ჩვენი ქვეყნები შეინარჩუნებენ მშვიდობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ამისთვის საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემი აზრით, უფრო ეფექტური დახმარება უნდა გაუწიოს საბჭოთა იმპერიის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოებს, რათა ისინი განთავისუფლდნენ რუსეთის არნახული ზეწოლისგან, მის მიერ გაჩაღებული ომებისგან, დროულად მოაგვარონ რუსეთის მიერ წინასწარგანზრახვით შექმნილი კონფლიქტები, განახორციელონ დამოუკიდებელი პოლიტიკა, შეინარჩუნონ თავიანთი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიები. და ეს უნდა მოხდეს დროულად, ისე როგორც მოხდა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში და არა ისე, როგორც მოხდა სომხეთში, ბელორუსიაში, როგორც დღეს ხდება უკრაინაში, მოხდება ხვალ მოლდავეთში, აზერბაიჯანში და ისევ საქართველოში... ჩვენ რათქმაუნდა მადლობას ვუხდით საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ სახელმწიფოებრიობას.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთი არ მალავს თავის იმპერიულ ამბიციებს კავკასიაზე და შესაბამისად საქართველოზე, არ ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ნება–სურვილს გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციების წევრი და შეუერთდეს ცივილიზებული, დემოკრატიული სახელმწიფოების რიცხვს, ჩვენ, ისე როგორც დღეს უკრაინა, გადავიქეცით ერთგვარ პოლიგონად, სადაც რუსეთის იმპერიის და ცივილიზებული მსოფლიოს ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა იყო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვესმის, რომ მოთხოვნებს და პირობებს, რომლებსაც გვიყენებენ ამ ორგანიზაციებში გასაწევრიანებლად აუცილებელია შესასრულებლად, მაგრამ ისინი, ისე როგორც დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა, 3–4 წლის საქმე არ არის. ჩვენზე მოქმედებს დროის ფაქტორი და არ არის გამორიცხული ამ სიჩქარეში შეცდომები.

„ბოროტების იმპერიის“ გაღიზიანებას იწვევს ის გარემოებაც, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული სტრუქტურების და ნატოს წევრი, თუმცა ეს ძნელი და რთული პროცესი ძალზე გაჭიანურდა.

ამით კარგად სარგებლობს იმპერია – გვიწყობს ომებს, გვართმევს ტერიტორიებს, ახორციელებს ამ ტერიტორიებიდან ქართველთა ეთნიკურ წმენდას, გვიწესებს ახალ საზღვრებს და გვიქმნის ათასგვარ დაბრკოლებებს, რაც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, იზრდება დევნილთა და გაჭირვებულთა რიცხვი, იქმნება ქაოსი და დესტაბილიზაცია. ამ დროს საერთაშორისო თანამეგობრობას არ გააჩნია არავითარი ბერკეტები რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, გარდა არაფრისმოქმედი რეზოლუციებისა და მიმართვებისა, რომლებიც როგორც წესი არ სრულდება. რუსეთი ტრადიციულად არ ასრულებს არცერთ ხელშეკრულებას, რომელსაც მისი პრეზიდენტები აწერენ ხელს. ამ შემთხვევაში, რაღაც რეზოლუციებზე და მიმართვებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

ამასთან დაკავშირებით, ნება მომეცით გამოვთქვა ზოგიერთი მოსაზრებანი და შენიშვნები მსოფლიოს დღევანდელ მოწყობაზე, მისი უშიშროების სისტემაზე, ომებისა და კონფლიქტების პრევენციაზე და მსოფლიოში მშვიდობისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე. საქართველოს, რომლემაც თავის ახალ 23 წლიან ისტორიაში თავის თავზე გადაიტანა უსაფრთხოების და დაუცველობის, ომის, ადამიანთა დახოცვის, ეთნიკური წმენდისა და ტერიტორიების დაკარგვის შედეგად მიყენებული მოუშუშებელი ჭრილობები, ალბათ აქვს ამის უფლება.

მინდა მთელი სერილზულობით განვაცხადო, რომ მსოფლიო უსაფრთხოების გლობალური სისტემა არ მუშაობს, რომ ამ სისტემაზე პასუხისმგებელი – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მისი უშიშროების საბჭოს მუშაობა ნაკლებ ეფექტურია. მოგაგონებთ, რომ გაერო შეიქმნა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა ნება–სურვილით და მისი წესდება და საქმიანობა, მათ შორის „ვეტო“ მათზეა მორგებული. მას შემდეგ მსოფლიო საგრძნობლად შეიცვალა, განთავისუფლდნენ კოლონიები, გაჩნდა მრავალი ახალი სახელმწიფო, რომლებიც თავანთი სიდიდით და ეკონომიკით უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს არ ჩამოუვარდებიან და იმსახურებენ ამ საბჭოში თავიანთ ადგილს. მიმაჩნია, რომ უშიშროების საბჭოში საკითხები უნდა წყდებოდეს ხმათა უმრავლესობით, რაც თავისთავად გამორიცხავს „ვეტო“–ს, რის გამო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ფაქტიურად პარალიზებულია და გადაქცეულია რუსეთის იარაღად თავისი გეგმებისა და მიზნების განსახორციელებლად. მოვიყვან ერთ კუროიზს: ბატონი ლავროვი – რუსეთის მინისტრი ბლოკავს სირიაში, დიქტატორისგან ხალხის გასანთავისუფლებლად შემუშავებულ ღონისძიებას. აცხადებს ამას აგრესიად, ხოლო საქართველოში უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე შეჭრა – ხალხის განმათავისუფლებელ ღონისძიებად მიაჩნია. რუსეთის ვეტოს გამო საქართველოში რუსეთის შეჭრის საკითხიც არ განხილულა. ისე როგორც არ იქნება განხილული უკრაინის საკითხი.

უნდა ვაღიაროთ, რომ გაეროს დღევანდელმა წესდებამ, მისმა არავისთვის სავალდებულო რეზოლუციებმა და განსაკუთრებით „ვეტომ“ თავისი დრო მოჭამა და დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ცალკეული დიდი სახელმწიფოების და მსოფლიო ინსტიტუტების მიერ აგრესორის, მაგალითად დღევანდელი რუსეთის, მიმართ გატარებული სანქციები, რომელსაც რუსეთი არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს, ნაკლებ ეფექტურია. დამნაშავის და აგრესორის დასჯა უნდა ხდებოდეს გაეროს მიერ, მისი უშიშროების საბჭოს სპეციალურ სხდომაზე და მისი დასჯის საშუალებები, გაეროს წესდებით უნდა იყოს გაწერილი. უნდა შევთანხმდეთ, რომ გაერო მოითხოვს ფართომასშტაბიან და სასწრაფო რეფორმას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მსოფლიოში მშვიდობა, უსაფრთხოება და წესრიგი, რომელშიც მთავარი ადგილი დაეთმობა კონფლიქტების მოგვარებას, მათ პრევენციას და ლოკალიზებას.

კიდევ არის ერთი საკითხი, რომელიც ჩემი აზრით, გაეროს მიერ დაურეგულირებელია და რომელიც ძალზე აწუხებს ჩემს ქვეყანას – ეს არის ახალი სახელმწიფოების წარმოქმნის, ცნობის და ლეგიტიმაციის საკითხი. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, მიიტაცა ორი რეგიონი – ცხინვალი და აფხაზეთი, ჩააყენა იქ თავისი ჯარები (მიუხედავად ხელშეკრულებისა), მოგვიანებით ცნო ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, თავისით აწესებს საზღვრებს, აყენებს თავის ჯარს, იტაცებს საზღვრისპირა მოსახლეობას, რომლის სახნავ–სათესი მიწები და სასაფლაოები საზღვრის იქეთ რჩება და არის მუდმივი საფრთხე შეიარაღებული შეტაკების. მე მინდა ვიკითხო თუ არსებობს რაიმე კვოტები, რომ გაერომ ცნოს ეს – რუსეთის მიერ შექმნილი „სახელმწიფოები“ საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად. ამისთვის რა დრო და რამდენი სახელმწიფოს აღიარებაა საჭირო. ამასთან დაკავშირებით მინდა თვალში ჩავხედო და ვკითხო ნიკარაგუას და ვენესუელის, კიდევ ერთი თუ ორი პატარა ქვეყნების წარმომადგენლებს – რის გათვალისწინებით აღიარეთ საქართველოს ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და გაქვთ მაინც წარმოდგენა სად მდებარეობს საქართველო და მისი ეს ტერიტორიები? ხომ არ მუშაობს აქ რუსეთში გამეფებული კორუფცია და ხომ არ ხდება მისი ექსპორტი ახლა უკვე საზღვარგარეთ? და მე აქ შეიძლება დიდი მადლიერებით არ მოვიხსენიო მსოფლიო სახელმწიფოთა უმრავლესობა და განსაკუთრებით საბჭოთა იმპერიაში შემავალი ყოფილი რესპუბლიკები, რომლებმაც გაუძლეს რუსეთის არნახულ ზეწოლას და დღესაც არ აღიარებენ ჩვენს რეგიონებს სახელმწიფოებად. იმედია გაეროც გამოიტანს ამ საკითხზე თავის ვერდიქტს.

მსოფლიოში დღეს შექმნილი ძალზე დაძაბული მდგომარეობა მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის დიდ ძალისხმევას რომ ის არ გადაიზარდოს გლობალურ კონფლიქტში, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდება.

და ამ რთული მდგომარეობაში მე მინდა შევინარჩუნო ოპტიმიზმი და მოვთხოვო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საქართველო–რუსეთის 2008 წლის ომზე, ქართველთა ეთნიკურ წმენდაზე 1994–2008 წლებში, მის შედეგებზე და საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენის საკითხზე დანიშნოს ჰააგის სპეციალური საერთაშორისო სასამართლო, რომელიც გამოიტანდა გადაწყვეტილებას ჩვენი ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენის და უკანონოდ გადაადგილებულ პირთა თავიანთ სახლებში დაბრუნების შესახებ. ჩემს ოპტიმიზმს იმის შესახებ რომ ეს საკითხი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება ამტკიცებს ის გარემოება, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის და მსოფლიო ინსტიტუტების უპირობო მხარდაჭერა, რუსეთი ცნობილია როგორც აგრესორიდა ოკუპანტი, მთელი მსოფლიო ცნობს საქართველოს ტერიტორიებს გაეროს მიერ აღიარებული საზღვრებში.

მინდა დაჩქარდეს ეს პროცესი სანამ მსოფლიოს ჯერ კიდევ ახსოვს ჩვენი დიდი დღევანდელი ტკივილები. მადლობა ყურადღებისთვის.

P.S. ეს არის ბატონი ღარიბაშვილის გაეროს მორიგ სესიაზე გამოსვლის ჩემეული ვარიანტი. არ არის გამორიცხული, რომ პრემიერ–მინისტრს და მის თანაშემწეებს, რომლებიც მას ამ სიტყვის მომზადებაში ეხმარებიან, ექნებათ უფრო მსუბუქი და შელამაზებული რიტორიკა რუსეთის, მისი პრეზიდენტის მიმართ, უფრო ნათელი და რეალური ხედვები მსოფლიოში და საქართველოში განვითარებული უკანასკნელ მოვლენებზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ წერილში აღნიშნული ძირითადი საკითხები საქართველოს მხრიდან სესიაზე უნდა გაჟღერდეს. რა საკითხები დაემატება მას და რა მოაკლდება, როგორი პირდაპირი იქნება ჩვენი ახალგაზრდა პრემიერი ამ დიდ ფორუმზე, ამას მალე შევიტყობთ.

თემურ ავალიანი

09.09.2014 წელი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100