სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილი მუცოში

მუცო - ჩვენი სიამაყე, უნიკალური ციხე-ქალაქი, რომელსაც ოდითგანვე უწოდებდნენ ხევსურეთისა და საქართველოს დარაჯს, ნახევარ საუკუნეზე მეტია განახლებას ელოდება და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ მუცოს რეაბილიტაციას ვიწყებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუცოში სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და მუცოში მცხოვრები ერთადერთი ოჯახის უფროსს გაესაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნუგზარ დაიაურს განუმარტა, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ციხე-სახლებს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე ჩაუტარდება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ძეგლი ინტენსიურად ინგრეოდა და საქართველოს ძეგლთა შორის ყველაზე კრიტიკული მდგომარეობით გამოირჩეოდა, თუმცა ხელისუფლებამ მუცოს რეაბილიტაციისთვის საჭირო სახსრები გამონახა.

მან მადლობა გადაუხადა ნუგზარ დაიაურს, რომელიც 3 წელია, ოჯახთან ერთად მუცოს ფერდზე ცხოვრობს და ძეგლის ერთადერთი მცველია.

“მთავრობას კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და შენარჩუნების საქმეში. ეს ძეგლები მსოფლიო კულტურის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ვალია, არა მარტო ჩვენს მომავალ თაობებს, არამედ მთელ კაცობრიობას შემოვუნახოთ ისინი, როგორც უძველესი კულტურის უნიკალური ნიმუშები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მომავალი წლისთვის დაგეგმილია ელექტროსადგურის მოწყობა, რომელიც 2015 წლის სეზონიდან მუცოსთვის დენის მომარაგების უწყვეტი წყარო გახდება.

„გუშინ მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, მუცოში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება და აქ ელექტროენერგია იქნება. სატელეფონო კავშირზეც გვაქვს მოლაპარაკება, რათა მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებმა აქ განათავსონ შესაბამისი გადამცემი ანტენები და იმედი მაქვს, რომ ისინიც ჩაერთვებიან ამ პროცესში“,–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ მუცოს აღდგენით ეს ისტორიული მხარე ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება და ამასთანავე, პროექტი ხელს შეუწყობს მთაში მოსახლეობის დარჩენას და დაბრუნებას.

„რომ იტყვიან, სულზე მივუსწართ და დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები. წლის ბოლომდე, ვიდრე ზამთრის მკაცრი კლიმატური პირობები საშუალებას მოგვცემს, ჩვენ მოვასწრებთ პირველადი სამუშაოების ჩატარებას. მოვიწვიეთ საუკეთესო სპეციალისტები, რათა პირვანდელი სახე შეინარჩუნოს ძეგლმა. ხარისხი უნდა იყოს უმაღლესი, ყველა საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოსული,“–განუცხადა პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ გაიცნო ნუგზარ დაიაური, რომელიც მისთვის არის სამაგალითო ქართველი.

„ძალიან გამეხარდა, როდესაც გავიგე, რომ ბატონმა ნუგზარმა თავისი ნათესავებიც ჩამოიყვანა, კიდევ რამდენიმე ოჯახი აპირებს დაბრუნებას მას შემდეგ, რაც მუცო დასრულდება. ჩვენ მოვაწყვეთ საცხოვრებელი სახლები სარეაბილიტაციო სამუშაობზე დასაქმებულთათვის, აქ არის სამედიცინო პუნქტი, მოწყობილია საბაგირო, რათა მასალის გადაზიდვა გაიოლდეს. ეს არის ისტორიული პროექტი, ეს არის საუკუნის პროექტი, რომელითაც ვიამაყებთ ჩვენ და მომავალი თაობები,“–განმარტა პრემიერმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელობის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, მოხდა 600 ისტორიული ძეგლის აღდგენა.

„მე ბედნიერი ვარ, რომ დღესაც მეძლევა საშუალება, ეს მამულიშვილური საქმე გავაგრძელო,“–დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100