სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთის ე.წ არჩევნებზე ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებ

აფხაზეთში . არჩევნები თავიდანვე არალეგიტიმურად იყო ცნობილი, შესაბამისად, ამაზე ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაური ბრიუსელის რეკომენდაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავი უნდა შეიკავონ და განმარტა, რომ საქართველოს ევროკავშირისგან მსგავსი შეტყობინება არ მიუღია.

„ეს ეხება მსხვილ ექსპორტიორებს, საქართველო არ არის მსხვილ ექსპორტიორთა შორის, შესაბამისად ეს ჩვენს ქვეყანაზე არ აისახება. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ჩვენი მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქცია გავყიდოთ ყველგან, მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ბაზრის დივერსიფიკაცია“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრის შესახებ და აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობასთან ასეთი მჭიდრო კონტაქტი ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ყოფილა.

„მოკლე პერიოდში მე ორჯერ ვიმყოფებოდი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში და პირველად 10 წლის მანძილზე მივიღეთ დასტური, რომ მომავალ წელს შედგება ქალბატონი კანცლერის ვიზიტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუხში რეგიონალური მნიშვნელობის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობის მნიშვნელობას და განმარტა, რომ აღნიშნული ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს კომპლექსი მოემსახურება არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ ჩვენს აფხაზ ძმებს. ეს არის მრავალპროფილიანი საავადმყოფო, რომელიც მაღალკვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტდება. ამასთანავე, ჩემი ინიციატივით, რეგიონში ვიწყებთ მულტიფუნქციური სავაჭრო კომპლექსის მშნებლობას, რომელიც ასევე მოემსახურება არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ ჩვენს აფხაზ ძმებსაც. მიმაჩნია, რომ ეს ორი გრანდიოზული პროექტი იქნება მნიშვნელოვანი გამაჯანსაღებელი ამ რეგიონისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100