სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეთხელებული დემონსტრაციის მეოთხე დღის ქრონიკა (ვიდეო)

სახალხო კრების აქციის დაწყებამდე დღეს კოსტავას ქუჩაზე მომიტინგეთა სიმრავლე არ შეინიშნებოდა. ტელევიზიის შენობასთან ჩრდილში და გზის მოპირდაპირე მხარეს კარვებში რამდენიმე ადამიანს ნებიერად ეძინა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროს სახალხო კრების მხოლოდ ერთი ლიდერი, ირაკლი ბათიაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახალხო კრებას ხალხის დახმარება სჭირდება.

აქციის დაწყებამდე რიგით მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა. მოხუცმა ქალბატონმა ქუჩის გადაკეტვისა და საზოგადოებრივი მაუყებლის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანების გამო უკმაყოფილება გამოთქვა, რასაც აქციის მონაწილეთა მხრიდან აგრესიული პასუხი მოჰყვა.

სახალხო კრების აქცია სამ საათზე განახლდა. ლიდერთა გამოსვლებში მთავარი თემა ქართული პარტიის დღევანდელი განცხადება და ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან საქართველოში დაბრუნებაზე უარის თქმა იყო. სახალხო კრების წარმომადგენელთა განმარტებით ქართულმა პარტიამ მათთვის სოლიდარობის გამოცხადება მხოლოდ იმიტომ გადაიფიქრა, რომ მათ საკუთარი პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვთ. ნინო ბურჯანაძემ კი ქართულ პარტიას ხელისუფლების დავალებების შესრულებაში დასდო ბრალი. მისივე განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ლევან გაჩეჩილაძესთან დაზავებას მხოლოდ იმიტომ დასთანხმდა, რომ ეს ხალხის მოთხოვნა იყო.

მხარდამჭერთა სიმცირით უკმაყოფილო კრების ლიდერები სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას კვლავ აქტიურობისკენ მოუწოდებდნენ. ნინო ბურჯანაძემ საქართველოს მოსახლეობას სოროებიდან გამოძვრომა მოსთხოვა.

კრების ლიდერებზე არანაკლებ ხალხმრავლობა ხელს აძლევთ იქვე მომუშავე მზესუმზირის გამყიდვლებსაც, რომლებიც აგერ უკვე მესამე დღეა, სახალხო კრების სატვირთო ავტომობილზე მოთავსებულ სცენას უკან დაყვებიან.

სახალხო კრების მორიგი აქცია ხვალ კოსტავას ქუჩასა და თავისუფლების მოედანზეა დაგეგმილი. ლიდერთა განცხადებით, დღის მეორე ნახევარში ამ ტერიტორიებზე შეკრებილი მომიტინგეები ერთმანეთს შეუერთდებიან.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100