სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რჩევები" საიდუმლო მოხსენებებიდან: როგორ დავშალოთ საქართველო...

საიდუმლო მოხსენებიდან: სამეგრელოს, სვანეთს, აჭარასა და სხვა კუთხეებს უნდა მივცეთ დამოუკიდებლობა. მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ-ეროვნული გრძნობა. დასავლეთ საქართველო უნდა დავუპირისპიროდ აღმოსავლეთს...

ქართველები რომ მუსიკალური ხალხი ვართ და რუსულ რომანსებსაც კი თვით რუსებზეც კარგად ვასრულებთ, ეს ყოფილ საბჭოეთში ცნობილია. მიუხედავად საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიისა, რუსები, თითქმის ყველა დონეზე, სიყვარულს ეფიცებიან ქართულ სიმღერას, ხელოვნებას, სამზარეულოს და ა.შ.

ამის ერთ-ერთი დადასტურება გახლდათ ამ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში გამართული რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის, ევგენი პრიმაკოვის იუბილე.

თბილისში დაბადებული და გაზრდილი, უკვე ღვაწლმოსილი პოლიტიკური ფიგურის დაბადების დღემ ქართულ გარემოში, ქართველი თამადით, რუსეთში მოღვაწე ქართველებით, რუსული პოლიტიკური ელიტით (სუფრას თვით პუტინის პერსონამაც კი დასდო პატივი) და ნანი ბრეგვაძის „თბილისოს“ თანხლებით ჩაიარა. გასაგებია რომ ქ-ნ ნანი და სხვა ქართველი მომღერლები მიჩვეულნი არიან ყოფილი მეტროპოლიის გადავსებულ დარბაზებსა და ოვაციებს, მაგრამ არა მგონია დღეს ამის დრო იყოს.

გაუგებარია და, ალბათ, საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის გამაღიზიანებელია, როდესაც დღეს, ცნობილი ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე იუბილეზე უმღერის იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე იმპერიული მიზნებით მოქმედებდნენ, არასოდეს მალავდნენ აგრესიას ქართული სახელმწიფოს მიმართ, ანაწევრებდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას და რომლებიც არიან შემოქმედნი 2008 წლის სისხლიანი საომარი კამპანიისა.

თუკი ვინმესთვის მთლად ცხადი არაა რასაც ვამბობთ მოვიყვანთ შემდეგ შედარებას: წარმოიდგინეთ „მოსადის“ ყოფილი მაღალჩინოსნის იუბილე, (პრიმაკოვი ერთ დროს რუსეთის დაზვერვის შეფი გახლდათ) რომელსაც ესწრება ისრაელის პოლიტიკური ელიტა პრემიერითურთ და იუბილეზე მღერის გამოჩენილი პალესტინელი ან ლიბანელი არაბი მომღერალი (აქვე ვადასტურებთ დიდ პატივისცემას ებრაული სახელმწიფოს მიმართ და ვაფიქსირებთ, რომ არანაირი პარალელს არ ვავლებთ აგრესორ რუსეთსა და ისრაელს შორის).

ძვირფასებო, (მათ შორის თქვენც, ქ-ნ ნანი) ვისაც გაუნელებელი ნოსტალგია გაქვთ ჩრდილოელი მეზობლის მიმართ, მაიცდამაინც თბილისში უნდა შემოვიდეს რუსული ტანკები და რუსის ჩექმამ თქვენი სახლები უნდა აატალახოს რომ დისკომფორტი იგრძნოთ და მივხვდეთ, რომ მტრებისთვის სიმღერების მიძღვნისა, თავის მოწონებისა და ცხოვრების გალამაზების დრო არ არის? თუ სხვისი ჭირი ღობის ჩხირია?

პრიმაკოვის ეს დღეობა მარტო „თბილისოთი“ არ ყოფილა საინტერესო. აქ თვით ვლადიმერ ვლადიმერის ძემ თავისი პირით იღაღადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მის გულს ისევ აწევს ლოდად და ამ ლოდის ზიდვაში მას ევგენი ანატოლის ძის დარი გამოცდილი პოლიტიკოსი თუ შეეშველება.

ეს სიტყვები ისეთივე ყალბია და ცინიკური როგორც რუსეთისა და საქართველოს ერთმორწმუნეობის იდეა. ახლა კი საზოგადოების იმ ნაწილის გასაგონად, რომელსაც დღესაც სჯერა იმისა, რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და რომ რუსეთში ათენ-აღამებენ ერთიანი საქართველოს იდეის განხორციელებაზე, უკომენტაროდ მოვიყვანთ ერთ ფრაგმენტს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანის მიხეილ სუსლოვის საიდუმლო მოხსენებიდან: „საქართველოს ტერიტორიიდან ქართველების გაძევება აფხაზეთიდან უნდა დავიწყოთ - კომუნისტური პარტია რუსეთის წებოა და სანამ ეს წებო თავის ძალას, თავის თვისებებს არ დაკარგავს, მანამდე უნდა ავამუშაოდ რუსეთის გადარჩენის გეგმა, რომელიც სხვადასხვა რესპუბლიკებში სხვადასხვა იქნება.

შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ გენერლებს უნდა მივცეთ ცხოვრების ნორმალური საშუალება. მათ ჩამოსასახლებლად გვჭირდება შავი ზღვის სასაზღვრო ტერიტორია, სადაც როგორც მოგეხსენებად ქართველები ცხოვრობენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველები ჩვენგან ძლიერ განსხვავდებიან, ადრე თუ გვიან, საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს დააყენებენ და თავისუფლებას მოითხოვენ.

მათთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ აფხაზეთიდან. აფხაზეთის გამოყენებით სამეგრელოს, სვანეთს, აჭარასა და სხვა კუთხეებს უნდა მივცეთ დამოუკიდებლობა. მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ-ეროვნული გრძნობა. დასავლეთ საქართველო უნდა დავუპირისპიროდ აღმოსავლეთს.

ამის შემდეგ, მათ შორის, მომრიგებლის ფუნქცია უნდა შევასრულოდ.

პარალელურად ქართველები მეცნიერულად უნდა დავარწმუნოდ, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსახლებულნი, სხვადასხვა ერის წარმომადგენლები არიან, რაც მათი საქართველოს ტერიტორიიდან საბოლოოდ გაძევების საშუალებას მოგვცემს“ (პარიზის ეროვნული საბჭოს ჟურნალი “მებრძოლი საქართველო”, 26 მაისი, 2003 წელი. ციტირებულია თ. გვანცელაძის წიგნიდან “ენისა და კავკასიოლოგიის საკითხი ქართველოლოგიაში”, თბილისი, 2006 წელი, გვ.130)

გიორგი გაფრინდაშვილი, სუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საქართველოს ისტორიის მიმართულების II კურსის მაგისტრანტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100