პრიმაკოვის გოჭები...

კოპალიანმა პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვა. მიმოხილვას ამ მოვლენით არ დავიწყებდი, მაგრამ ქართული პოლიტიკის ცაგარეიკამ - გიამან ცაგარეიშვილმან გვიბრძანა - ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენააო! მააშ!
აბა თქვენ რა გეგონათ, კარლო კოპალიანი რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს, ეს არაა მნიშვნელოვანი? მე თქვენი გამკვირვებია, ამ კაცს ცხოვრებაში არაფერი მოუთხოვია, ახლა მოითხოვა პირველად რაღაც და არაა მნიშვნელოვანი?
ნამდვილად არის. ეს მისი დებიუტია დიდ პოლიტიკაში. თან რა დებიუტი? პირდაპირ სააკაშვილის წაიმპიჩმენტებას ითხოვს. მთელმა ოპოზიციამ მთელი ცამპა-ცუმპით თამარ კინწურაშვილი ძლივს მოხსნა და ამ ბურატინო ცაგარეიკამ და ამ პაპა კარლო კოპალიანმა პრეზიდენტის მოხსნა არ მოინდომეს?
„პადოშამ“ კიდე დავით იაკობიძის გამერება მოინდომა. რა ხრიკს მიმართა? ჯერ გამოვიდა, მერობის კანდიდატს მეც ვასახელებო, მაგრამ ჯერ არ ვიტყვიო. ინტრიგა ჩააგდო. მერე მალევე ამოიღო, ე მანდ არ ამიფეთქდეს ჯიბეშიო და ეს პადოშები სულ არ დამაყრევინოსო.
და თქვა, აი დავით იაკობიძეო. პირველი ბიუჯეტიც მაგან შეადგინაო, ლარის ამბავშიც ეგ იყოო. იაკობიძემაც ბევრი აბრახუნა „მოდნიცა“ სიტყვები - გლობალიზაცია, ინტეგრაცია...
თორთლაძის ინიციატივას დავითაშვილი გამოეხმაურა და სულ სახელისუფლო კანდიდატი ეძახა იაკობიძეს. ხელისუფლებამაც წამოაყენა მეორე კანდიდატიო. იქით უგულავაო, აქეთ იაკობიძეო, ძაან ვიხალისებო.
სანამ კობა იხალისებს, მანამ თავადაა სახალისო - დგას და გვიმტკიცებს, მე არა ვარ ჩვეულებრივი კანდიდატიო. მე არ ვამტკიცებ, რომ უსიკვდილოდ მე უნდა ვიყოო. თორე, რომ ამტკიცოს უსიკვდილოდ მე უნდა ვიყოო, ხმები სულ ციურ მანანად დაეყრება და გამერდება.
ერთი ეგ გამერდება და მეორე კიდე ძმადნაფიცი მისი - ზვიად ძიძიგური. მაგათ მერად გამარჯვება, საკუთარ პარტიულ საიტზე გამართულ პრაიმერში გამარჯვება ჰგონიათ.
„კონსერვატორებმა“ ზარ-ზეიმით ამცნეს ქვეყანას, აგერ, ბატონო, ჩვენს საიტზე ვირტუალური პრაიმერი გავაჩაღეთ და ძიძიგურმა მოიგოო. თავი ქუდში გვაქვსო. „კონსერვატორების“ ვირტუალური ტრიუმფი დანარჩენ პარტიებს სასაცილოდაც არ ეყოთ, ატყდა ერთი ჰაი-ჰუი. მე კუკავასი გამკვირვებია, თავი ყინჩად რომ მოაქვს, ჩვენს საიტზე პრაიმერი ჩავატარეთ და ძიძიგურმა მოიგოო, რომ ამბობს, არ უტყდება მაინც? მამაძაღლი, მაგათ საიტზე ვინ შევიდოდა, თუ არა ისევ მათი პარტიის წევრი ან მხარდამჭერი? საკუთარ მხარდამჭერებში გამარჯვება უხარია?
ანდა, მამაძაღლი, რა ხმებზეა ლაპარაკი, Aას სამოცდაორი, ას ოცი, ას ხუთი და ა.შ.?
ან რა პრაიმერზეღაა ლაპარაკი, ნეტა ვისი მოტეხვა უნდათ ამ პრაიმერით? ალასანიასი?
ხომ ფაქტია, რომ თარგამაძის წარდგენილი ჭანტურია მაინც იყრის კენჭს, თორთლაძის წარდგენილი იაკობიძეც, ალბათ კიდევ ბევრი სხვაც და ბარემ ყველამ ერთად იყაროს კენჭი, რას წაგვჭამეს ტვინი ამ პრაიმერით?
ეს ალასანია კიდე ჰამლეტად იქცა - დგას და კითხულობს ვიყარო-არვიყარო? ვიყარო-არვიყარო? აგერ, ახლა, „ენჯეოშნეკებს“ იბარებს, რა ვქნა, ვიკენჭავოო?
შალიკო ნათელაშვილი კი პარტიებს პატიჟებს თავისთან, არჩევნები გაეროს ჩავატარებინოთო. არ დაპატიჟა „პადოშა“, ედეპე და დავითაია. ბურჯანაძე, ნოღაიდელი და „გრეჩიხა“ დაპატიჟა, მაგრამ იმათ წიხლი უკრეს - არ ესტუმრნენ შალვას.
შალვა და მასთან შეკრებილი ოპოზიცია მოითხოვენ, ისევე ჩაატაროს გაერომ საქართველოში არჩევნები, როგორც ქნეს კამბოჯაში, ნამიბიასა და ავღანეთშიო.
ოპოზიციიდან ერთი-ორმა თუ იუკადრისა კამბოჯასთან შედარება, დანარჩენებს არ გაუპროტესტებიათ ამბავი ესე. ისე, ან რა უნდა გაეპროტესტებიანთ, განა ჩვენი ოპოზიციური პოლიტელიტა რაიმეთი წინ დგას კამბოჯის პოლიტელიტისგან?
ჰოდა, წაბრძანდნენ, ბატონო, კამბოჯაში, ემიგრაციაში და იცხოვრონ იქ. ნამეტანი გაუფერადებს ცხოვრებას შალვა ნათელაშვილი კამბოჯელებს. შიგადაშიგ გაახარებს მაინც თავისი ენაკვიმატობით. ჩვენ გავალთ იოლად.
შეიძლება გძულდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, მტრობდე კიდეც და ამხობდე კიდეც მას, მაგრამ ისე როგორ უნდა დარეტიანდე, რომ შენი მშობლიური ქვეყანა კამბოჯას შეადარო?
თან, ვითომ დიდად ენდობა საერთაშორისო სტრუქტურებს და თან იქვე შავი სიაც გამოაცხო და იმ შავ სიაში ის დამკვირვებლები შეიყვანა, ვინც არ ეპიტნავება, ეგენი მიშას არჩევნებს უპრავებდნენო - მათიას იორშიო, ტერი დევისიო, ბრიუს ჯორჯიო და აქ მაგათი დუხი არ ვნახოო. ეგენი მიშას ნათლიმამები არიანო.
მერე ეს „ტიტულიც“ ეცოტავა. მიშას „ნათლიმამებს“ რომ „აჩორნისპისოკებს“, დარწმუნებულია, რომ იმ გაეროდან მიშას „ნათლიდედები“ და „ნათლიმამები“ არ ჩამოვლენ ისევ არჩევნების ჩასატარებლად?
მაგრამ ოპოზიციას „ევასა“ ნათელაშვილის „ნათელი აიდეა“ და იანვრამდე აპირებენ კონსულტაციებს ამ თემაზე. ალბათ მალე მათ ბურჯანაძე და ნოღაიდელიც შეუერთდებიან ან ცალკე მისწერენ უსტარებს გაეროს. მაგრამ ვიდრე ნინოკო და ზურიკო გაეროს უდეპეშებენ, ისინი ლევან პირველმა ჩაუშვა „ეხო მოსკვის“ ეთერში.
ნოღაიდელი და ბურჯანაძე ღიად დაასახელა რუსეთისადმი კეთილგანწყობილ პოლიტიკოსებად. ამ შემთხვევაში მან ბურჯანაძე უფრო ჩაუშვა, თორემ, აგერ, ნოღაიდელი ჩამოსული არაა მოსკოვიდან, უკვე უკან რომ მიძუნძულებს და პატრონსაც არ მალავს - პირდაპირ პრიმაკოვს აკითხავს.
ლევან პირველმა ბრძანა, ე.წ. ოპოზიციურმა ფიგურებმა, რომლებიც ადრე შტატებზე იყვნენ ორიენტირებულნი, ახლა რუსეთზე დაიწყეს კონცენტრაციაო. შემიძლია მათი გვარებიც გითხრათო - ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი და ყოფილი სპიკერი ბურჯანაძეო. მათ დღეს უთხრეს, რომ რუსეთში უნდა ნახონ დასაყრდენიო. მოსკოვიდან ის პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილს ხელისუფლებაში მოსვლაში ეხმარებოდნენ, ახლა ბურჯანაძეს და ნოღაიდელს ეხმარებიანო. დასტუკებაც ამას ჰქვია...
კომენტარი არც ბურჯანაძემ გააკეთა, არც ნოღაიდელმა. ერთი გაიკნავლეს ბურჯანაძის საგრაფოდან - ბრალდების დამადასტურებელი დაკუმენტების თაობაზე, აი, ნოღაიდელის მარჯვენამ - ერთ დროს სხვათა და სხვათა მარჯვენამ - პეტრე მამრაძემ, დიახო, ჩვენ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვინდა, ჩვენ ვიცავთ ეროვნულ ინტერესებსო.
რაც გინდა ქენით, ვისაც გინდა შეეკარით და გაენასკვეთ, ოღონდ ჩვენ აქეთ ნუ დაგვაყვედრით და მტერთან შეკვრას ეროვნულ ინტერესებად ნუ მოგვასაღებთ. რას ეძახით ეროვნულ ინტერესებს? პრიმაკოვის გოჭობას?
რა, მაინც არ უყურებთ რა ამბავი ატყდა ამ პრიმაკოვის ბიჭობასა თუ გოჭობაზე? ხომ ფაქტია, რომ ლევან პირველმა ამ მანევრით ნოღაიდელის და ბურჯანაძის მოშორება სცადა გზიდან? ხელისუფლებისკენ სავალი გზიდან კი არა, რუსული ფულისკენ სავალი გზიდან.
თუმცა არც ხელისუფლებაში მოსვლას უარობს. ახლაო, რუსეთსა და ევროპას საქართველოს ხელისუფლების არაეფექტურობა უნდა დავანახოო. საქართველოს ხსნა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებასა და ნატოზე უარის თქმაშიაო.
სანამ ეს რეჟიმი არსებობს, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია რაიმე არჩევნებში მონაწილეობის მიღებაო. დასავლეთის ფასეულობები ჩემთვის კი მისაღებია, მაგრამ თვითონ ეგენი, ამერიკელები და ევროპელები, აქ მორბიან და აქ აკეთებენ ფულსაო, რუსეთშიო.
რეჟიმი რომ შეიცვლება, 100%-ით ვარ დარწმუნებული და მე სუფთა მოედანზე გამოვჩნდებიო.
რას ვიზამთ, ლევან პირველს ისეთი სუფთა „სივი“ აქვს, მხოლოდ სუფთა მოედანზე ეგების გამობრწყინება. მაგრამ კარგი იქნებოდა, აქ გამობრწყინებამდე ერთი „ნაჩნიკი“ ჩაერთო და ერთი-ორი „კნიჟკა“ წაეკითხა, მერმე მაინც გაიგებდა, რომ რუსეთში ფულის საკეთებლად ჩამოსვლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი - ამერიკა თუ ევროპა - გამოპუტინ-გამოპრუტუნდა და „ველიკოდერჟავნული“ ღირებულებებით ცხოვრობს.
ან რაღას კეკლუცობს, დასავლური ღირებულებები მისაღებიაო, როცა პრორუსია? ანდა, მიუღებელიც რომ იყოს, რას ამბობ, დასავლეთი დარდისგან აღმოსავლეთად იქცეოდა, აი...
პროცესები კი, მართლაც, საინტერესოდ ვითარდება. თავი წამოყვეს წარსულის აჩრდილებმა, აბაშიძემ თუ თარგამაძემ, აგერ ლევან პირველმაც - ფაქტია, რომ ემზადებიან.
პრორუსულ არმიას უერთდებიან ისეთი ძალებიც, რომელნიც ადრე თავს პროდასავლელობაზე დებდნენ. აგერ, ნოღაიდელი ჩურჩხელასავით ჩამოეკიდა პრიმაკოვს. აგერ, პირველმა, ნინიკოც მიასტუკა.
სტაჟიანი პრორუსები ხომ ძალისხმევას არ დაიშურებენ, პრიმაკოვის ლანდშაპტში დამკვიდრებისთვის. ჯერ სადა ვართ, ფული მალე ახალ სასწაულებს გვანახებს. მრავალს ვნახავთ, ნოღაიდელის მსგავსად, მოსკოვს, პრიმაკოვის კარზე წაკუსკუსებულს.
იარონ - არც პირველნი იქნებიან ამ გზაზე და არც უკანასკნელნი. ბილიკი მოსკოვისკენ კაი ხნის დაქნილია. ამ გზაზე ბევრს მოუტეხია კისერი და ფრთხილად, პრიმაკოვის ქართველო გოჭებო, ჩლიქები არ წაგიცდეთ... და ამ საახალწლოდ შამფურზე არ წამოგაცვან.

კომენტარი