ყარაბაღში სნაიპერული ომი აქტიურდება

ბოლო დღეებში, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყარაბაღში მდგომარეობა დაიძაბა. აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს მინელებული სნაიპერული ომის ხელახლა აქტივიზაცია ხდება.

ფრონტის ხაზზე სნაიპერების რაოდენობის ზრდა, აზერბაიჯანის მხრიდან, უჩვენებს, რომ ახლო მომავალში, შესაძლოა, ვითარების სერიოზული ესკალაცია მოხდეს. შესაბამისად, ექსპერტების პროგნოზით, მიმდინარე ლოკალური ომის დანაკარგები გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე ამას თუნდაც ახლო წარსულში ვარაუდობდნენ.

რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს, სომეხი სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ამ საშუალებით აზერბაიჯანი თავის უთანხმოებას , ბოლო ხანს პროცესის დარეგულირების იდეასთან დაკავშირებით აფიქსირებს, რომელიც რიგი ქვეყნების ინიციატივით მოხდა. როგორც ირკვევა, აზერბაიჯანი ვითარების დარეგულირების საკითხის მოუგვარებლობის ორი კონკრეტული მიზეზით არის უკმაყოფილო: პირველი, მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესის არქონით და მეორე, აზერბაიჯანული მხარის ძირითადი ინტერესების გაუთვალისწინებლობით.

პროცესში, როგორც ცნობილია, თურქული მხარეც არის ჩართული, როგორც მხარე, რომელიც აზერბაიჯანულ–სომხური შეთანხმებების მიღწევას გარკვეული პოლიტიკურ–დიპლომატიური ზემოქმედებით ცდილობს. სპეციალისტების თქმით, აღსანიშნავია, რომ ფრონტზე მდგომარეობა უარესდება არა საომარი ლოგიკით, არამედ წმინდა პოლიტიკური მოტივებით.

აზერბაიჯანის ხელისუფლების და კერძოდ, პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ ყარაბაღში ვითარების დაძაბვა ილჰამ ალიევისთვისაც სახიფათოა. არმიაში მსახურობენ მაღალჩინოსანი ოფიცრები, რომლებიც დაუსრულებელი საომარი მოქმედებებით დაიღალნენ. სომხებს და ალიევის ოპოზიციას იმედი აქვთ, რომ აზერბაიჯანის ჯარმა, შესაძლოა, მაგალითი პარტნიორი თურქეთიდან გადაიღოს და პოლიტიკაში ძალადობრივი გზებით ჩაერიოს.

ამან კი, დიდი შანსია, პრეზიდენტის ძალაუფლებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. თუმცა, ეს პროგნოზი ალბათ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა სურვილი უფროა, ვიდრე რეალური საშიშროება.

კომენტარი