ვინ მოხვდება არაპატრიოტთა სიაში?

დეპუტატთა უმრავლესობას გია თორთლაძის „პატრიოტთა აქტი“ წაკითხულიც კი არ აქვს, თუმცა, „ყოველი შემთხვევისთვის“, კანონპროექტს მწვავედ აკრიტიკებენ. ოპოზიცია შიშობს, რომ „პატრიოტთა აქტის“ მიღების შემთხვევაში, ოპოზიციის ლიდერთა ნაწილს არაპატრიოტთა სიაში მოხვედრის შანსი გაუჩნდება.
კანონპროექტი, კომიტეტებში ამ კვირაში უნდა შევიდეს განსახილველად. ოპოზიცია კი თორთლაძეს ედავება, რომ „პატრიოტის აქტით“ უკანონო სატელეფონო მომენების ლეგალიზაცია მოხდებაო. არადა, ,,ღმერთი, რჯული’’, - ამას კანონპროექტთან არავითარი კავშირი არ აქვსო - ამტკიცებს თორთლაძე.
საინტერესოა, რომ „პატრიოტის აქტს“ ქართული ინტერპრეტაციით საპარლამენტო უმრავლესობაც დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა. მაგალითად, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტში ჩადებული უნდა იყოს პრინციპები, რომელიც ადამიანის უფლებებს დაიცავს, ანუ გარკვევით უნდა ჩაიწეროს, რომ უკანონოდ პირის ბინაში ჩხრეკის ჩატარება და სატელეფონო საუბრების მოსმენა არ უნდა მოხდეს.
აშშ-ში „პატრიოტის აქტში“ ჩადებულმა ამ მუხლებმა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანა. თორთლაძე „რომის პაპზე მეტ კათოლიკობას“ იჩემებს და საპარლამენტო უმრავლესობის გასაკეთებელ საქმეს აკეთებს.
ხელისუფლება ოპოზიციაზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული ანტიტერორისტული ღონისძიებებით, თორთლაძე კბილებით იცავს ამ კანონპროექტს და აცხადებს, რომ მოსმენების ტყუილად ეშინიათ. კანონპროექტში გაელვებითაც კი არსად არის ნახსენები ეს პუნქტიო.
რა აწუხებს ოპოზიციას? დიმიტრი ლორთქიფანიძე დიდი ხანია თორთლაძის წინააღმდეგ გამოდის. ჯერ ფრაქციიდან გამოსვლით ემუქრებოდა, ახლა ფრაქციიდან გასვლა გადაიფიქრა და პაატა დავითაიას პარტია „ჩვენ თვითონ“-ს ტოვებს.
მიზეზი ალბათ ის არის, რომ ლორთქიფანიძე დავითაიას და თორთლაძეს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ოპოზიცონერებად თვლის და მათი რადიკალიზმი არ აკმაყოფილებს, მაგრამ მარტო ამაში როდია ინტრიგა ჩადებული.
ბატონი დიმიტრი შეწყალების თემატიკასთან დაკავშირებით საცემად ბაღათურიას წინააღმდეგ გამოენთო, მაგრამ დაააკავეს. ის არც ჯონდის ენდობა და საერთოდ, მისი ნდობის მოპოვება, როგორც ჩანს რთული საქმეა. მაინცდამაინც არც ე.წ. რადიკალებთან - ცაგარეიშვილთან და კოპალიანთან მეგობრობაშია შემჩნეული, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ არავისთან უნდა არათუ პოლიტიკური ალიანსი, ადამიანური ურთიერთობაც კი.
ქრისტიან-დემოკრატებთან ნელ-თბილად არის, მაგრამ აქაც მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს გარკვეული ფორმის ურთიერთობებს, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ საკითხში პოზიციები ემთხვევა.
სრულიად კურიოზული შემთხვევაა, ადამიანს კანონპროექტი წაკითხული არ ჰქონდეს და მის წინააღმდეგ გამოდიოდეს. ასეა ოპოზიცონერთა შემთხვევაშიც.
თორთლაძე ამბობს, რომ მისი პროექტი არავის აქვს წაკითხული, საეჭვოა თორთლაძეს დაინტერესებული კოლეგებისთვის ამ კანონპროექტის სამუშაო ვარიანტი არ მიეწოდებინა. უბრალოდ პოზიცია აქვთ ასეთი:P ჰაერში იქნევენ მუშტებს და თავს იზღვევენ, თუ უმრავლესობა ამ პროექტს მხარს დაუჭერს, ხმაურს ატეხენ, უმრავლესობას აწყობს სატელეფონო მოსმენების დაკანონებაო.
ასეა თუ ისე, თორთლაძე ჯიუტად იცავს თავის ნაშრომს და არ სურს ისევე დადოს რომელიმე თაროზე, როგორც ეს ლუსტრაციის კანონის შემთხვევაში მოხდა. სხვათაშორის, ამ კანონპროექტის ბედიც გაურკვეველია. უმრავლესობა აქაც ფრთხილობს და არ ჩქარობს კანონპროექტის ირგვლივ მსჯელობის დაწყებას.
პ.ს: არასაპარლამენტო ოპოზიცია კი შიშობს, რომ „პატრიოტის აქტის“ მიღების შემდეგ შედგება ე.წ. არაპატრიოტთა შავი სია, რომელსაც მოღალატეებად და გამყიდველებად გამოაცხადებენ. რადიკალთა ნაწილის აზრით, ოპოზიციის ლიდერთა ერთი ჯგუფი სწორედ ამ შავი სიის კანდიდატები შეიძლება გახდნენ.


კომენტარი