სააკაშვილი მთავრობას ავლაბრის რეზიდენციიდან "მისი სულის განდევნის" გზებს სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ავლაბრის რეზიდენციიდან "მისი სულის განდევნის" გზებს სთავაზობს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ავლაბრის რეზიდენცია მისი პირადი სახლი არასოდეს ყოფილა. პრეზიდენტის შეფასებით, ავლაბრის სასახლე უკვე დიდი ისტორიული ტრადიციის მატარებელია, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მთელი მთავრობა იქ იმყოფებოდა.
"საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში ჩამოსული მსოფლიო ლიდერები ამ დარბაზში მართავდნენ პრესკონფერენციებს. ეს უკვე დიდი ისტორიული ტრადიციის მქონე შენობაა. თუ ჩვენ არ გვინდა, საქართველო იყოს პატარა სოფელი, როგორც ერთი ადამიანი ამბობს და გვინდა, იყოს ქვეყანა, ქვეყანას სჭირდება სიმბოლოები. რა თქმა უნდა, ყველა დაწესებულების შინაარსი ქართველმა ხალხმა უნდა შეავსოს. ამ შენობიდან პრეზიდენტის სასახლის გასახლება სახელმწიფოებრიობის შესუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯია. თუ არ მოგწონთ, რომ აქ სააკაშვილი იჯდა, შეგიძლიათ გაანიავოთ. შეგიძლიათ სხვა მანიპულაციებიც ჩაატაროთ, რომ ამ შენობიდან ჩემი სული განდევნოთ, მაგრამ ინსტიტუტი არ უნდა განდევნოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ავლაბრის რეზიდენცია ხალხს ეკუთვნის და ის აშენდა, როგორც პრეზიდენტის სასახლე. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დაუშვებელია მაგალითად, სახინკლე "თაღლაურას" გადაეცეს შენობა მხოლოდ იმ მოტივით, რომ მთავრობას მისი ხალხისთვის დაბრუნება სურს.
მიხეილ სააკაშვილმა ჰოლანდიაში სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ველოსიპედით გასეირნებისას სიმამრმა რამდენიმე კითხვა დაუსვა.
"სიმამრმა მკითხა, 10 წელი სადღაც ხომ მუშაობდიო?! 10 წლის შემდეგ ადამიანი იმავე სახლში არ ბრუნდება, სადაც თქვენ დაბრუნდით, რას აკეთებდი ამ წლების განმავლობაშიო, რაღაც მაინც გაგეკეთებინაო. ჰოლანდიური ლოგიკა ჩვენს სიტუაციაში მთლად გამოყენებადი არ არის, მაგრამ ამას ვამბობ იმიტომ, რადგან ავლაბრის რეზიდენცია ჩვენი სახლი არასოდეს ყოფილა. დაგვემატა მხოლოდ კახეთის ვენახი, რომლითაც ძალიან ვამაყობ, თუმცა, ისიც მეღვინეობის სასწავლო ცენტრად მინდა გადავაკეთო", - აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარი