რატომ აგინებდნენ და აშანტაჟებდნენ ერთმანეთს ოპოზიციის ლიდერები?!

ნინო ბურჯანაძე რომ ერთი დიდი ბოღმის ბუკეტია, ეს ბევრმა გამოსცადა საკუთარ თავზე, ეჭვი არაა, ერთ-ერთი პირველი ზურაბ ნოღაიდელს დაეტაკება. 2004 წელს ფინანსთა მინისტრმა ნოღაიდელმა ზურაბ ჟვანია დაარწმუნა რომ თურქმენული კრედიტის გასტუმრება უფრო საჭირო საქმე იყო ვიდრე იმ თურქული მილიონებისა, რომელიც ანზორ ბურჯანაძის „პურპროდუქტების“ კორპორაციას მისცა სახელმწიფომ და თავდებშიც დაუდგა.
მაშინ ნინომ კაბინეტში კონცერტები გაუმართა ჟვანიას, მაგრამ ვერაფრს გახდა. 2005 წლის ბიუჯეტში მამამისის ვალი საგარეო ვალებში ვერ ააღებინა. 2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, პრემიერობის კანდიდატი ნოღაიდელი გახდა და აქ უყელა ბურჯანაძემ ნოღაიდელს თუ გარანტიას მომცემ რომ მამაჩემს თურქულ კრედიტს ჩამოაწერ და საგარეო ვალში აიღებ, დაგიჭერ მხარსო. არადა, ნინოს დაკრულზე მაშინ ოციოდე დეპუტატი მაინც ცეკვავდა, სააკაშვილს არ აწყობდა პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერობის კანდიდატის დაპირისპირება.
კი, ქვორუმის პრობლემა არ იყო და ნოღაიდელს მაინც დაამტკიცებდნენ, მაგრამ გუნდში განხეთქილება მაშინ კატასტროფის ტოლფასი იყო. ნინომ თავისას მიაღწია, შანტაჟით ნოღაიდელი გაპრემიერდა და ორ კვირაში საკუთარი ხელით შეიტანა პარლამენტში პურპროდუქტების კორპორაციის თურქული ვალის საბიუჯეტო ვალდებულებაში აღების მოთხოვნა. პარლამენტმა ნინოს სპიკერობით, ცხადია, ეს ინიციატივა დაამტკიცა.
ბურჯანაძე დღემდე მწარედ იხსენებს „მემარჯვენეთა“ იმ გამონათქვამებს, პრესა-ტელევიზია რომ აიკლეს, როცა მათი ნაწილი ნინოს მისაღებში შიმშილობდა. ნინომ კი „პლედი“ არ ათხოვა და წყალიც მისი პირადი დაცვის თანხლებით შეუტანეს მოშიმშილეებს.
ყველაფერს ვაპატიებ გამყრელიძეს, კაციტაძეს და ფიქრია ჩიხრაძეს, მაგრამ „კაბიანი გიგა ბოკერია“, „ცუდი ქალი“, „უგულო დედა“ რომ მიწოდეს ამას არასოდეს - დაიქადნა ნინომ.
ირაკლი ოქრუაშვილი სისხლს უშრობდა ბურჯანაძეს. ჯერ იყო და ლამის მამამისი და ქუთაისის ერთ-ერთი ქარხნის დირექტორი დაიჭირა ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით. „თუ ამას იზამ ოპოზიციაში წავალ“, - დაემუქრა ნინო. „იმის იქითაც წასულხარ“, - უპასუხა მოღუშულმა ოქრუაშვილმა და ეს ამბავიც სააკაშვილის კაბინეტში მოხდა.
მერე იყო და, ხელისუფლებამ ჩაშალა ჯერ ბადრი ბიწაძის გაგენერალპროკურორობა მერე ნინოს კადრის, თემურ მურღულიას კონტროლის პალატის შეფად გადაყვანა.
მურღულია ახლა ნინოს პარტიის ფინანსებს განაგებს. ძნელი სავარაუდო არ არის რომ დამოუკიდებელ ბრძოლაში ნინო ბურჯანაძე ირაკლი ოქრუაშვილისთვის სამაგიეროს გადახდას შეეცდება და როგორც სჩვევია, წელს ქვემოთ დარტყმით.
ამ სიას გოგა ხაინდრავა უნდა დავუმატოთ რომელიც ისე სძულს ნინოს, ხელს არ ართმევდა პარლამენტის სპიკერობისას. სალომე ზურაბიშვილისა და მისი დაპირისპირება ხომ ისედაც ცნობილი ამბავია, ქართულის რა მოგახსენოთ, მარტო ერთი კვირა უცხოური პრესა წერდა ამაზე.
ლევან ბერძენიშვილისა და ბურჯანაძის „სიამტკბილობაც“ ცნობილი ისტორიაა. ის ერთ-ერთი პირველი იყო სააკაშვილის გუნდიდან, ანზორ ბურჯანაძის, ბადრი ბიწაძისა და მათი გარემოცვიდან ყველა სრულწლოვანის დაპატიმრებას რომ ითხოვდა.
„როგორ შეიძლება იყო ანზორ და ნინო ბურჯანაძის კლანის წევრი და თან პატიოსანი და უდანაშაულო?“, - ამ კითხვას ახლა რატომღაც აღარ სვამს ბატონი ლევანი.
ზურაბ ნოღაიდელი დაპირისპირებული იყო ყველასთან, ვისთანაც შეიძლებოდა. ქვეყნის გამპარტახებლის, ბიუჯეტის მძარცველის იმიჯი შეუქმნა ყველამ ვინც არ დაიზარა - ლეიბორისტებმა და უპირველესმა ლეიბორისტმა ლეიბორისტთა შორის, შალვა ნათელაშვილმა, ძმებმა ბერძენიშვილებმა, კობა დავითაშვილმა, ზვიად ძიძიგურმა, დავით გამყრელიძემ, ფიქრია ჩიხრაძემ...
ქართული პოლიტიკის ეზოპემ, ნათელაშვილმა „დაღლილი ვირიც“ შეარქვა, ბერძენიშვილები შარშანდლამდე კაპიკებში უთვლიდნენ მას აჭარაში დაგროვილ ქონებას, დავითაშვილი კი დანარჩენ საქართველოში. კატეგორიულად მოითხოვდნენ ნოღაიდელის ციხეში ჩასმას მემარჯვენეებიც. თუ დღეს ნოღაიდელი ქართული საზოგადოების ოპოზიციური სპექტრისთვის მიუღებელია, ეს იმდენად მისი „დამსახურება“ არ არის, რამდენადაც ზემოთჩამოთვლილი პოლიტიკოსებისა.
დღეს ნოღაიდელი მილიონებს ხარჯავს იმ იმიჯის აღსადგენად, რომელიც პრინციპში არც ჰქონია, მაგრამ რაც ჰქონდა, ამ ხალხმა მედიის საშუალებით ლაფში ამოუსვარა.
ზურაბ ნოღაიდელს ბოღმის ჩადება და მისი საჭირო დროს ამონთხევა რომ უყვარს, ამას ზურაბ ჟვანიას გუნდის ნებისმიერი წევრი დაგიდასტურებთ. საეჭვოა მას ისიც დავიწყებოდა, როგორ აშანტაჟებდა ნინო ბურჯანაძე და ლამის საეჭვო გახადა მისი კარიერისტულ მწვერვალზე ასვლა – პრემიერ-მინისტრობა.
ირაკლი ოქრუაშვილს არასდროს უყვარდა წინ რომ ვინმე ეღობებოდა, ხმამაღალ შეპასუხებასაც ვერ იტანდა და ვისაც არ გჯერათ შეგიძლიათ ქართულ ციხეებს მიაკითხოთ, ასეთი ხალხით სავსეა ციხეები, თუმცა ბოლოს ზოგიერთები შეიწყალეს.
ბურჯანაძეზე მოგახსენეთ უკვე და საეჭვოა, ირაკლი ოქრუაშვილმა თუკი ძალაუფლება იგდო ხელთ, ნინო გაახაროს. ირაკლი ალასანია როცა კოდორში „მონადირის“ დაშლისა და სახელმწიფო სტრუქტურად გადაკეთების გამო დაუპირისპირდა, მაშინვე „მოქესტეს“ უშიშროების მინისტრის მოადგილეობიდან და სააკაშვილმა მრჩევლად გადაიყვანა - ოქრუაშვილმა არ შეჭამოსო.
„ცხვირმოუხოცავი ღლაპი“ და „არამკითხე მოამბე“ ეძახა ოქრუაშვილმა ალასანიას და ძნელი დასაჯერებელია, ეს საქვეყნო შეხლა-შემოხლა რომელიმეს დავიწყებოდა.
გოგა ხაინდრავას ორჯერ დაჭერას უპირებდა ოქრუაშვილი. არადა ოქრუაშვილომა შეიძლება ბევრი დაივიწყოს, მაგრამ ცხინვალის რეგიონში მის „აღმახნულს“ ხაინდრავა „დაღმა რომ ფარცხავდა“, იმ ხალხთან ერთად რომ ქეიფობდა ცხინვალში, რომლებიც მის მარჯვენა და მარცხენას - მიხეილ ქარელსა და ალეკო სუხიტაშვილს მოსაკლავად დასდევდნენ, არასდროს არავის აპატიებს.
სუხიტაშვილი აკი ააფეთქეს კიდეც გორში, სამხარეო პოლიციის შენობაში და გადარჩა, ქარელსაც ესროლეს და ეს ამბავი არ გახმაურებულა. შეუძლებელია ოქრუაშვილმა დაივიწყოს მემარჯვენეებთან დაპირისპირებაც, რომლებიც გორში ჯერ მისი გუბერნატორობისას, მერე მიხეილ ქარელის დროს ათას პროვოკაციას აწყობდნენ მისი სახელის გასატეხად.
მაშინ, გამყრელიძე და მისი თანაგუნდელები თბილისში ყოველდღე აცხადებდნენ, ოქრუაშვილი ოსებთან კონტრაბანდას ვერ იყოფსო. დღეს კი...
ჰო აქვე, რესპუბლიკელებისა და ირაკლის ჯახიც გასახსენებელია. გამორჩეულად მაინც თინა ხიდაშელისა და დავით ზურაბიშვილისა. ზურაბიშვილს „მოშლილ პატეფონს“ ეძახდა ირაკლი, თინას რაც უწოდა, იმას აღარ გავიმეორებ.
ყველას ახსოვს კობას დატრიალებული „ნავერტილე“ და რესტორანში აღებული ფული საარჩევნო სიაში აზერბაიჯანელი მოქალაქის ჩასმის საფასურად.
მაშინ კობა კონსერვატორული პარტიის ლიდერი იყო ზვიად ძიძიგურთან და კახა კუკავასთან ერთად. კობამ ამ კადრების ტირაჟირებისთანავე ბრიფინგი გამართა – რა დროს არჩევნებია, ეს თანხა პარტიული შემოწირულობა იყო და ნეტავ სხვამაც მომცესო, მაგრამ ხალხმა არ დაიჯერა. ზვიად ძიძიგური თავიდან გვერდში დაუდგა, მაგრამ მერე უგანა. კობას თხოვნის მიუხედავად, ძიძიგურმა მეგობრის გადარჩენას პარტიის გადარჩენა ამჯობინა.
საკმარისი იყო ძიძიგურს ეთქვა რომ ის ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო და ფულმა პარტიის ოფისში მიაღწია და როგორც შემოწირულობა, ისე გაფორმდა დოკუმენტალურადო, კობას იმიჯი, პრაქტიკულად, დიდწილად გადარჩენილი იყო. თუმცა, ზვიადმა ეს არ გააკეთა.
ცალკე თემაა ზვიად გამსახურდიას მომხრეებისა და იმ ხალხის ურთიერთობა, ვინც გამსახურდიას იარაღით (ხაინდრავა) ან იდეოლოგიურად (ზურაბიშვილი, ძმები ბერძენიშვილები, ივლიანე ხაინდრავა, ვახტანგ ხმალაძე) ებრძოდა.
გუბაზ სანიკიძე 23 წლის ბიჭი იყო უზენაესი საბჭოს წევრი რომ გახდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა. ბევრი შემთხვევითი კაცი ჰყავდა ზვიადს გარემოცვაში, პარლამენტშიც, მაგრამ გუბაზ სანიკიძეზე ამას ვერ ვიტყვი.
სწორედ ზემოთჩამოთვლილმა ადამიანებმა დაუმხეს პრეზიდენტი სანიკიძეს და მისი იდეალები ფეხქვეს გათელეს. ზვიად ძიძიგურმა იმავე ადამიანების გამოისობით 7 წელი ციხეში გაატარა, მანამდე და მის მერეც უამრავი შეურაცხყოფა, დევნა, შევიწროვება და ათასი უბედურება გადაიტანა, ოჯახთან ერთად.
კონსტანტინე გამსახურდიას მამა დაუმხეს, მერე დევნილად უქციეს და დევნილობაში მოკლეს. თავად ბატონი კონსტანტინეც დევნილი გახდა, შვეიცარიას შეაფარა თავი.
ღმერთმა მისცეს ამ ხალხს მიტევების ძალა, უნარი და ამ ქვეყანასაც ეშველება, მაგრამ ქართული ისტორიის უახლესი წარსული გვახსენებს რომ როცა იწყება ბრძოლა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად იქ მიტევება და პატიება მთავრდება, ხოლო როცა ხელისუფლებას აიღებენ ხელში, უკვე შურისძიება იწყება.
შალვა ნათელაშვილი უნიკალური მოვლენაა - ის ყველას მტერი და ამავდროულად, ყველას მოკეთეა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია - რაგინდ დაუნდობელი ბრძოლაც არ უნდა გაჩაღდეს, შალვა, როგორც ყოველთვის მუდამ მშრალი გამოდის ყველაზე უთანსაწორო ბრძოლიდანაც კი და მხოლოდ ხარკს იხდის - ხან რომელი პარტია წაასხავს მის მიერ პოლიტიკოსებად ქცეულ და ამაგდაგებულ ლიდერებს და ხან რომელი. ესეც დიდი ზარალია მისთვის, მაგრამ არა აუნაზრაურებელი.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ჭრელ ქართულ ოპოზიციაში ლიდერთა ურთიერთწყენისა, ბრძოლებისა, დაპირისპირებებისა... ჩვენ ისტორიები და ამბები შეგახსენეთ ძვირფასო მკითხველო, დანარჩენი თქვენთვის მოგვინდვია – ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რა ვაი-უშველებელი ატყდება თუკი ეს ადამიანები ერთმანეთის კონკურენტები გახდებიან, ხოლო იმას, რაც ამ ლიდერთაგან რომელიმეს მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას შეიძლება მოჰყვეს, შესაძლოა, თქვენი ფანტაზიაც კი ვერ შესწვდეს. მტერს და მაწყევარს, რაც ამ შემთხვევაში ქვეყანასი შეიძლება დატრიალდეს.


კომენტარი