სიგუა მეუბნებოდა, თუ გინდათ იცოცხლოთ, ზვიადი გადმომეცითო

ცოტა ხანში არჩევნებიც ჩატარდა. ბევრი პარტია არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგი იყო. გამოვიდა, რომ გამსახურდია და მისი ბლოკი მართალი იყო. მრგვალმა მაგიდამ ყველა დაპირება შეასრულა, რაც მთავარია, დატოვა დამოუკიდებელი, აღიარებული საქართველო.
უზენაეს საბჭოში თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ამ პოსტზე დავრჩი ზვიადის პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც. დღესაც რომ ვუყურებ, ვერ ვხედავ ხელისუფლების მიერ დაშვებულ სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომებს.
გადატრიალების შემდეგ მხოლოდ ერთი მხარე საუბრობდა, მეორე მხარეს კი ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდა. ინფორმაციის უმეტესობა პრესასა და ტელევიზიაში მცდარია, ასევე უახლესი ისტორიის შესახებ დაწერილ სახელმძღვანელოებში ბევრი მოვლენა დამახინჯებულად არის ნაჩვენები. ზავიადს ხშირად აკრიტიკებდნენ არადემოკრატიულობისთვის, არადასვლური კურსისითვის, მაგრამ ამას აკეთებდა ის ხალხი, ვინც დემოკრატია და დასავლური ღირებულებები ზვიადისგან ისწავლა.
ჩვენთან დამკვიდრდა ტერმინი სამოქალაქო ომი, იმ მოვლენებს ჰქონდა სამოქალქო ომის ნიშნები, მაგრამ ეს იყო ომი რუსეთთან, რომელიც დაიწყო ჩვენი ხელისუფლების არჩევის დღიდან. ყველაზე მეტად რუსეთი გააღიზიანა 31 მარტის რეფერენდუმმა. რუსეთი არ მალავს, რომ მან მოაწყო ეს გადატრიალება.
ყველა, ვინც გამსახურდიას უპირისპირდებოდა, ოფიციალურად იბრძოდა რუსის ჯარში. 1991 წლის 21 დეკემბერს საბჭოთა კავშირი დაიშალა, ალმა-ატაში ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ყველა რესპუბლიკის პრეზიდენტი და პრემიერი, გარდა ბალტიის ქვეყნებისა, რომელთა იურიდიული მდგომარეობა სხვა ასპექტში იყო, ვიდრე ჩვენი, ეს რესპუბლიკები დასავლეთს არ უცვნია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.
მალტაზე გორბაჩოვსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის მოხდა შეთანხმება ახალი გადანაწილების შესახებ, 1990 წლის ნოემბერში. რუსეთი თმობდა აღმოსავლეთ ევროპას და ბალტიის რესპუბლიკებს, დანარჩენი რესპუბლიკები რუსეთს რჩებოდა. ბუშმა მამამ მალტაში თქვა საბჭოთა კავშირი არ უნდა დაიშალოს, კიევში ამის გამო გამოსვლები იყო ბუშის წინააღმდეგ, ზვიადის შესახებ კი ბუშმა თქვა, ეს კაცი დინების სწინააღმდეგოდ ცურავსო.
ზვიადმა განაცხადა, საბჭოთა კავშირი დაიშლება და საქართველო იქნება დამოუკიდებელიო. ზვიადი მართალი გამოდგა, ბუშმა უმცროსმა მოინანია მამამისის საქციელის გამო.
ალმა-ატაში ვიყავით ჩვენ, მე და აბსანძე. დეკემბერში დაძაბულობა იყო თბილისში და ზვიადი იმ შეხვედრას არ დასწრებია. ეროვნულ-დემოკრატები აცხადებდნენ, ბურჭულაძე წავიდა იქ იმისთვის, რომ სნგ-ში შესვლას ხელი მოაწეროსო, მაგრამ ასეთ დოკუმენტებს ხელს მხოლოდ პრეზიდენტები აწერენ, მერე იქიდან რომ ჩამოვედით, ეროვნულ-დემოკრატები ამბობდნენ, ქართული დელეგაცია არ შეუშვეს, თორემ ხელის მოწერა უნდოდათო.
21 დეკემბერს ახალ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი სნგ-ს შექმნაზე, რომელშიც ყველა რესპუბლიკა შევიდა ჩვენს გარდა. იმავე ღამეს დავბრუნდით. იქიდან რომ მოვდიოდით, ელცინმა განგვიცხადა, დილის რვა საათამდე ველოდები ზვიად გამსახურდიას ზარს, რომ ხდებით სნგ-ს წევრი, თუ არადა, რვა საათზევე გექნებათ პრობლემებიო.
დილის რვა საათზე გავარდა ზარბაზანი. ხოლო 1994 წლის 14 დეკემბერს დაიწყო ჩეჩნეთში სამხედრო ოპერაცია. ელცინს ეკითხებიან ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა სამი წლის წინ თუმცა არავითარი რეაქცია არ გქონდათ, ახლა იწყებთ ომს, რატომ მაშინ არ დაიწყეთო, ელცინმა კი უპასუხა, 1991 წელს საქართველოში სხვა ხელისუფლება იყო და კავკასიაში ომის დაწყებას ვერ გავბედავდიო. ჯერ საჭირო იყო საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მერე ჩეჩნეთში ომის დაწყება.
მოსკოვის პუტჩი დაიწყო თუ არა, ზვიად გამსახურდიამ განაცხადა, რომ ეს არის გორბაჩოვის მორიგი შოუ. კიტოვანი გააღიზიანა ვითომდა იმან, რომ გვარდია გადაიყვანეს შსს-ს დაქვემდებარებაში. ეს არის ტყუილი. ვერ გადაიყვანდა. ეროვნული გვარდია შექმნის დღიდანვე იყო შსს-ს შემადგენლობაში.
ჩვენ ოფიციალური ჯარი გვინდოდა და თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა, ოფიციალური ჯარის შექმნა რუსეთს ღია აგრესიის საშუალებას მისცემდა საქართველოს წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო, გარკვეულ რაღაცას კრემლი თმობდა, გამოვიდა კანონი, რომ ყველა რესპუბლიკას უფლება აქვს ჰყავდეს შინაგანი ჯარი.
მის დაქვემდებარებაში იყო ეროვნული გვარდია. რუსეთი ჩვენი გვარდიის დაბომბვით იმუქრებოდა, ზვიადის ეს განკარგულება კი იყო განმარტება, რომ ეს არ არის ჯარი და არის გვარდია შსს-ს დაქვემდებარებული.
22 დეკემბრის შემდეგ დამკვიდრდა ტერმინი - „ბუნკერი”. გაიგივება უნდოდათ დიქტატორ ჰიტლერთან. მე დავიბარე სამეურნეო სამსახურის უფროსი და ვთხოვე შენობის გეგმის მოტანა. არანაირი გვირაბები არ არის და არც ბუნკერი, იყო სასადილო. ავღანელთა კავშირის თავმჯდომარემ, ნოდარ გიორგაძემ თქვა, რომ ტყვეებს აწამებდა ნემო ბურჭულაძეო. ტყუილია, იმიტომ რომ ნემსის კეთებასაც კი ვერ ვუყურებ.
იარაღს რაც შეეხება, არავის ვაშინებდი, ახალი წელი იყო და ვხუმრობდით. დახურულ სივრცეში მყოფ ადამიანებს იქ ძალიან უჭირდათ, მე ჰაერზე მაინც გავდიოდი. უამრავი ტომრები ნახეს და თქვეს შაქრით იყო სავსეო, არადა ქვიშით სავსე ტომრები იყო და ბარიკადებისთვის ვიყენებდით.
ზვიადს ოპოზიცია არ ჰყოლია, მას და საქართველოს ჰყავდათ მტრები. მაშინ ჰქონდათ ფორმულა - ყველა ერთის გარდა და ეს ერთი, მათი აზრით, ზვიად გამსახურდია იყო.
სიგუა მეუბნებოდა, არსებობს ამ საუბრის ჩანაწერი, თუ გინდათ იცოცხლოთ, ზვიადი გადმომეცითო. ეს ფორმულა მუშაობდა 1994 წლის იანვრამდე. ზვიადის დაღუპვის შემდეგ კი შეტრიალდა ეს ფორმულა - ერთი მინუს ყველა, ანუ, რა კარგი იყო ზვიადი და დანარჩენები რა ცუდები იყვნენ. კარვის ქალებიო ამბობენ, რა გამოთქმაა, კარავში თამარ მეფე ცხოვრობდა სხვათა შორის. შეიარაღებული დაპირისპირება რომ არ მომხდარიყო, ამიტომ იყო ის კარვები.
25 დეკემბრამდე უნდა მოესწროთ ხელისუფლების დამხობა, რადგან 25 დეკემბერს ამერიკა აპირებდა საქართველოს ცნობას, ელჩიც კი დანიშნეს. იტყუებოდნენ, სანამ შევარდნაძე არ ჩამოვიდა, არავინ გვცნოო, არადა ევროპის ყველა ქვეყანამ გვცნო. შევარდნაძე იტყუებოდა, გამსახურდია დაამხეს და ამერიკული ხორბალი შემოვიდა საქართველოშიო, არადა ეს ხორბალი ჩვენ გვქონდა ნაყიდი. მოსკოვში ვიმალებოდი, რადგან მხოლოდ იქ შეიძლებოდა უსაბუთოდ ყოფნა.
ბათუმშიც ვიმალებოდი. არალეგალურად ვიყავი. ასლანმა კი სმირბა მომიგზავნა, აჭარა დატოვეო. ორ დღეში უთხრეს, თურქეთში გადავიდაო, მაგრამ არ წავსულვარ. 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების შემდეგ დავბრუნდი თბილისში, შევარდნაძის პარლამენტმა დაგმო გადატრიალება და ჩვენი ძებნა შეწყვიტეს.


კომენტარი