დავით დარჩიაშვილი: ძალადობრივი მოწოდებები აკრძალულია და რაც დასაშვებია, იმით როგორც უნდათ, ისე გაერთონ

დავით დარჩიაშვილი: გატაცების ფაქტები უკვე ბავშვებს შეეხო, ამაზე მეტი რეაგირებაა საჭირო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჟენევის მოლაპარაკებაზე ჩვენი დელეგაცია ამ თემებზე იმსჯელებს. იმ მექანიზმებზეც იქნება საუბარი, რომლითაც დაიწყება საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით მიღებული დოკუმენტის შესრულება, რომელსაც რუსული მხარე არღვევს.
დრონი. ჯი: რუსეთი საქართველოს მორიგ აგრესიას აბრალებს. ამის პასუხად რა არგუმენტები აქვს ჩვენს მხარეს?
- საქართველო ემზადება და მომავალშიც მოემზადება საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად. ეს არავის ხარჯზე არ ხდება. ნებისმიერი ქვეყანა მოწოდებულია, რომ საკუთარ ეროვნულ ინერესებზე იზრუნოს. ეს ყველაფერი ხდება საერთაშორისო სამართლის დაცვით. საქართველო ყიდულობს ისეთ საშუალებებს, რომელიც ნებადართულია და ამის შეძენა ხდება გამჭვირვალედ.
ბევრი საერთაშორისო ფორმატის წევრები ვართ, რათა არსებობდეს კონტროლი თავდაცვის პოლიტიკაზე. ამიტომ, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, მით უმეტეს იმ მხარისაგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ამ დაუსრულებელი განცხადებებით ცდილობენ საკუთარი რეალური ქმედებები და განზრახვები დაფარონ, მაგრამ რამდენად გამოსდით, ეს მეორე ამბავია.
- თქვენ თავად დაიწყეთ იმ თემაზე საუბარი, რომ შეიარაღებით საქართველოს ეხმარებიან, მათ შორის უკრაინა და აშშ. რუსული სპეცსამსახურები ამ ორ სახელმწიფოს საქართველოს მილიტარიზაციაში ადანაშაულებენ...
- საქართველო არის პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის წევრი, არის ასევე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმების წევრი და ინფორმაცია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ პროგრამების წევრები არიან, იცვლება, მათ შორის თავდაცვის საკითხებზეც,
რუსეთი ამ შეთანხმებებს არღვევს და გამოვიდა კიდეც ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმებიდან და ეს შეთანხმება გააჩერა. ახორციელებს შეიარაღების ზრდას ჩრდილოეთ კავკასიაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
- მედვედევმა უკვე ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც რუსეთს უფლება ენიჭება მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამხედრო ოპერაციებში, თითქოსდა საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხზე?
- არსებობს სამართალი, მაგრამ რუსეთი არღვევს ამ სამართლის ნორმებს. როცა ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, იმან აღარ უნდა გაგვაკვირვოს, რომ რუსეთის დუმა ამგვარ გადაწყვეტილებას იღებს.
- არასაპარლამენტო ოპოზიციამ - ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას, ამ პროექტის ეგიდით შეაფასა სააკაშვილის პრეზიდენტობის ექვსი წელი და როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფითად. რას იტყვით ამის თაობაზე?
- არ ვიცი, რა გიპასუხოთ, მათ ჰკითხეთ, რის საფუძველზე აკეთებენ ამას. არსებობს სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში და ვისაც რა უნდა, იმას ამბობს. ძალადობრივი მოწოდებები აკრძალულია და რაც დასაშვებია, იმით როგორც უნდათ, ისე გაერთონ.

კომენტარი