რა უყო დრომ კობას? აბა ბიჭო...

ის ერთი შეხედვით პრინციპების დაცვას ლამობს, მაგრამ ამ დაცვაში არღვევს სწორედ ხოლმე იმ პრინციპებს. იყო დრო, იგი მოქკავშირში იყო და პასპორტის გრაფიდან ქართველის ამოღებას ხმალდახმალ ითხოვდა. ჭკუასაც გვარიგებდა ხოლმე, თავის დროზე, დავით აღმაშენებელს რომ ყივჩაღები ჩაეწერა პასპორტში, დღეს ყივჩაღების ავტონომია გვექნებოდაო.
ეტყობა მასაც დავითის მსგავსი ამბიცია ჰქონდა, როცა ქართულ პოლიტიკაში, უფრო სწორედ თავისი ბლოკის სიაში - სამი არაქართველიი შემოჰყავდა. აბა 40 ათასს ხომ არ შეიყვანდა? ათასებს რაც შეეხება, ფული იყო, ფული ოცი ათასი.
არ ჯობდა თავის დროზე დუტასთან ეთამაშა ვის უნდა ოცი ათასი? ხელისუფლებამ მას პენალი სწორედ იქ დაურტყა, სადაც ყინჩად მოჰქონდა თავი.
ოფიცაილურად ამ ეტაპისთვის მას მხოლოდ 4 პარტია აქვს მოვლილი - მოქკავშირი, ნაციონალური მოძრაობა, კონსერვატორები და თავისი - ხალხის პარტია (იმედია თავის პარტიიდანაც არ გაიქცევა ერთ მშვენიერ დღეს). ეს რაც მოახერხა, და რაც ვერ მოახერხა? მაგალითად, როცა კობა დავითაშვილი მოქკავშირს ტოვებდა, სიმპათიებს ვერ მალავდა ტრადიციონალისტების მიმართ.
„ჩემთვის ყველაზე მისაღებია ტრადიციონალისტების პოზიცია, მაგრამ ვერ დავუკავშირებ ჩემს მომავალს იმ ძალას, რომლის ლიდერიც აბაშიძეა“.
მოქკავშირში კი კაი ხანს იყო. ვიდრე პოლიტიკურ სარბიელზე გამოვიდოდა ამ პარტიის ეგიდით, მანამ ამ პარტიას ცესკოში ემსახურებოდა. ის ჯერ კიდევ 1992 წელს იყო ცესკოს იურიდიული განყოფილების იურისტი. შემდეგ შევარდნაძის აპარატში მსახურობდა საკონსტიტუციო აქტების მომზადების სამსახურში, სახელმწიფო მრჩევლის რანგში. მერე აფხაზეთის ომშიც იბრძოდა, ეს მისი ბიოგრაფიის ის ეპიზოდია, რომელსაც ნამდვილად ვერ გაახუნებს თავადვე, სადაც არ უნდა იაროს.
მერე ხან კონტროლის პალატაში მუშაობდა, ხან პარლამენტში წამყვან სპეციალისტად. შემდეგ პარლამენტში მოღვაწეობდა, 1995 წლის არჩევნების დროს კი ის ისევ ცესკოში იყო, ამჯერად უკვე იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილედ.
1996 წლიდან პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტში მუშაობდა კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზა-ვიზირების განყოფილების უფროსად. მერე იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსიც იყო. შემდეგ მოღვაწეობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, იყო „გრანდ აუდიტის“ დირექტორი. 1998 წელს თბილისის საკრებულოს წევრი გახდა მოქკავშირიდან.
სწორედ მაგ დროს იცავდა კბილებით ქალაქის ადვოკატის პროექტს. მაშინ ამის გამო არაერთ კოლეგას და განსხვავებულად მოაზროვნეს დაუპირისპირდა. სწორედ მაშინ გამოვლინდა მისი ის თვისება რომ ის არც თუ ისე შემწყნარებელი იყო განსხვავებული აზრის მიმართ. რომ ლიბერალური ღირებულებანი, გულზე სულაც არ ეხატა.
1999 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. მაშინ ამბობდნენ რომ მოქკავშირმა მას ცესკოში მოქალაქეებისთვის გაწეული გარჯა დაუფასა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ 1999 წელს, ის მოქკავშირის სიაში სააკაშვილის კვოტაში შედიოდა. დავითაშვილის „ცესკური“ წარსული და ოდესღაც შევარდნაძის აპარატში კობას მუშაობა კი მიშას იმაში დაეხმარა, რომ მოქკავშირში მას კობას პერსონა არ დაუბლოკეს.
მოკლედ, ის პოლიტიკაში მიშამ მოიყვანა. თუმცა, სულ რამდენიმე წელი იყო საჭირო, რომ აქეთ კობას ეთქვა მიშასთვის - აი, ამ მხრებით მოგიყვანე ძალაუფლებაშიო.
რას ვიზამთ. უნდა აიტანოს მიშამაც. იყო დრო, რომ ვინც მიშასგან განსხვავებულად ფიქრობდა, სწორედ კობას იერიშების მოგერიება უწევდა. მან მართლაც დიდი წვლილი შეიტანა, იმ კაცის ვარდებით გაბუნძულებაში, ვის აპარატშიც შორეულ ყრმობაში მსახურობდა.
ის მიშას გვერდით იდგა ნაცმოძრაობის დაარსების დღიდან. მაგრამ ის რომ ნაცმოძრაობას დატოვებდა, ამის შესახებ ხმები ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე ვრცელდებოდა. ეს გავრცელებული ხმები კობა დავითაშვილს ძალიან აბრაზებდა. მაგრამ კულუარებში მართლაც რომ ასე იყო საქმე, კობა დავითაშვილი უკვე მაშინ ვეღარ უწევდა შიდაკონკურენციას ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილს, კოტე კემულარიას.
გაღიზიანებული იყო და უკვე იბუტებოდა ნელ-ნელა. მაგრამ მერე რევოლუციამ გადაავიწყა დროებით წყენა და აქტიურად იბრძოდა შევარდნაძის წინააღდეგ. რევოლუციის მერეც მალევე გავრცელდა ცნობა რომ ის სააკაშვილს ემიჯნებოდა. თავდაცვის მინისტრობა უნდოდა და არ დანიშნეს. ჟვანიასაც ებრძოდა. და მისმა პრემიერობამაც აუვსო მოთმინების ფიალა. მერე კონსტუტუციაც მიკრიჭ-მოკრიჭეს და საბაბად სწორედ ეს მოიდო და ნაცმოძრაობა დატოვა.
იქნებ არც გაემტყუნებოდა როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდა, მაგრამ მერე იმ კაცს, ვის გვერდითაც წლობით მხნედ იდგა, ვისაც ბავშვს ანათვლინებდა, გინება დაუწყო და ტელევიზიით საჯარო შეურაცხყოფა. პიროვნული შეურაცხყოფა, თორემ პოლიტიკოსს პოლიტიკოსის ლანძღვას ვინ უშლის?
დღესაც, მიშას, საქართველოს მთავარ უბედურებად აცხადებს და ამბობს იმისთვის ვიბრძვი რომ საქართველოს ეს უბედურება მოვაშოროო.
კი მაგრამ თვითონ არ შეუწყო ხელი მის აღზევებას?! განა თავად არ იყო ნაცმოძრაობის გენმდივანი? აა, ცდებოდა? მაშინ ცდებოდა და ახლა გონს მოეგო? კი მაგრამ რა გარანტიაა, რომ ახლა ორი წლის მერე არ გამოვა და ისევ არ გვეტყვის მაშინაც ვცდებოდიო?
ნაცმოძრაობის დატოვების შემდეგ, პარტია „ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორების“ ბაზაზე, ზვიად ძიძიგურთან ერთად დაარსა კონსერვატიული პარტია და ამ პარტიის ლიდერად მოგვევლინა. 2005 წელს პარტიის თავჯდომარედ მოგვევლინა. მერე, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, პარლამენტიც დასტოვა. და აირჩიეს კიდეც საკრებულოში 2006 წელს. მაგრამ სწორედ მაშინ დატრიალდა სკანდალი „ნავერტილე“.
ეს სკანდალი ოქტომბერში გასკდა. ნოემბერში დავითაშვილმა კონსერვატიული პარტია დასტოვა. იფიცებოდა, ის სკანდალი არაფერ შუაშიაო, პარტიის წესდებაში ცვლილებების შეტანა მინდოდა, მხარდამჭერები ვერა ვპოვე და ამიტომ მოვიდივარო, მაგრამ დაუჯერა ვინმემ? ან კი ვინ რას დაუჯერებდა, როცა თვითონაც არ სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა. მალე ახალი პარტიის შექმნა გადაწყვიტა.
თავიდან ფიქრობდა თავისი პარტიისთვის „ერთიანი საქართველო“ დაერქმია, მერე კი გაინაროდნიკა და პარტიას ხალხის პარტია უწოდა.
რა ექნა, ლუდოვიკოსავით ვერ იტყოდა, სახელმწიფო ეს მე ვარო და ადგა და თქვა ხალხი - ეს მე ვარო. მეფე-მზეს გამოჯიბრებულმა კობა დავითაშვილმა თავისი პოლიტიკური მზე თვითონ ჩაასვენა...
თავისი მეგობრების, თავისი თანამებრძოლების კონკურენციას ვერ გაუძლო, უფრო სწორად საკუთარ თავს და ამბიციებს ვერ მოერია და თავი იმ გაერთიანებულ ოპოზიციაში ამოჰყო, სადაც ათასი ჯურის ხალხი იყო, რომელთა ღირებულებებთან მას საერთო არაფერი ჰქონდა, მაგრამ რას იზამდა? აკი თავად მოუწოდებდა ოპოზიციას გასაერთიანებლად? ახლა რომ ჯონდი ბაღათურუას ხან ასე ლანძღავს და ხან ისე, განა იმის გვერდით არ იდგა მიშას წინააღდეგ ბრძოლის დროს? ანდა ჯონდის რას ვერჩით, მტერი მაინც არასოდეს ყოფილა მისი და რამდენ მტერს ამოუდგა გვერდით სააკაშვილზე გადამტერებული?
ამბიციებს ახლაც ვერ თმობს. აუხირებია პრაიმერის ჩატარება. თვითონაც უნდა მერობა და არავის მხარს არ დავუჭერ, წინასწარი არჩევნების გარეშეო. არც ალასანიასო. როგორ დაუჭერს მხარს ალასანიას, როცა თვითონ უნდა? ურემმა რომ შეშა არ მოიტანოს, თვითონ შეშა არ არისო? ასეთია კობა დავითაშვილის ლოგიკა.
ისევ ოპოზიციის ერთიანობას ითხოვს. ყველა ერთ კანდიდატზე უნდა შევთანხდეთო. ალბათ იცის რომ ოპოზიცია არ გაერთიანდება და ამით შანსი ეძლევა რომ გამოგვიცხადოს, რა ვქნა ბატონო, მინდოდა ერთი კანდიდატის გარშემო გავერთიანებულიყავით, ვერავის ვერ შევასმინე და მე რაღატომ არ ვიყარო კენჭიო?
იკენჭაოს. მერე რა. ქართლოს ღარიბაშვილი სულ კენჭაობდა, მაგრამ ამით ვის რა დააკლო? არადა იყო დრო, მას რომ მერობაზე კენჭი ეყარა, ალბათ გავიდოდა კიდეც. ნდობაც მაღალი ჰქონდა და რეიტინგიც. მაგრამ მისი ერთ დროს თანაპარტიელის ქალბატონ მაია ნადირაძის ლექსიკონს რომ მოვუხმოთ, კობას მარგინალიზაცია მოხდა. მან წამყვანი პოზიციებიდან გვერდზე გაინაცვლა, რაც არ უნდა აქტიურობდეს ცენტრალური ფიგურა ვეღარ ხდება თავის სუსტი პარტიით.
ჯონდიმ კი ამ ბოლო დღეებში ახალი ნიუსი გაუჯაზა. მას მერე რაც კოკო გამსახურდია პარლამენტში შებრუნდა, ჯონდიმ თქვა, მოლაპარაკებები კიდე ორ პოლიტიკოსთან მიდისო, გვარებს არ დავასახელებო, მაგრამ ნამიოკი მაინც გაუშვა - გუბაზ სანიკიძეზე და კობა დავითაშვილზე.
კობამ რომ ეს გაიგო ლამის ოცი კილო მოიმატა წონაში და სულ ცეცხლი ჰყარა. ჯონდის სულ ცრუპენტელა და თავხედი ეძახა. ისე, პარლამენტში შესვლაზე ადრე გია ცაგარეიშვილმა გაუხეთქა კარტი, კობაც უნდა შემოსულიყო პარლამენტში, ვითათბირეთ კიდეც წინა დღით, მაგრამ მერე აღარ შემოვიდაო.
მოკლედ, პოლიტპარტნიორები უჯაზებენ და უჯაზებენ ამბებს კობა დავითაშვილს, მერე მათ ხან ცრუპენტელას ეძახის, ხან თავხედს, ხან საქართველოს უბედურებას. მისი ფანტაზია ამოუწურავია. ამოუწურავია ლექსიკაც - ინტელექტუალური საუბრიდან, იურიდიულად გამართული ტექსტებიდან - მამაპაპურ ლანძღვა-თათხვამდე.
აქეთ გორასა წიხლს ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამ... რა უყო დრომ კობას? აბა ბიჭო...

კომენტარი