სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახლო აღმოსავლეთი რელიგიური ომის ზღვარზე

ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკებების და გადატრიალებების მეორე წრე დაიწყოს. არეულობამ რეგიონში ახალი, გაცილებით დიდი საშიშროების საფრთხე გააჩინა. ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობა, რომელიც სტაბილურ ქვეყანაში მეტ–ნაკლებად დარეგულირებული იყო, შესაძლოა, მკვეთრად დაიძაბოს.

ეგვიპტის ახალი, რევოლუციური ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, ქვეყანაში არეულობის პროვოცირებას ეგვიპტის ლიკვიდირებული ნაციონალ–დემოკრატიული პარტია ცდილობს. მუბარაქის პარტიის ყოფილი წევრები ქვეყანაში ახალი, უკვე კონფესიათაშორისი კონფლიქტის გაღვივებას გეგმავენ. ამის შესახებ გავლენიანი ეგვიპტური გაზეთი „ალ–მასრი ალ იაუმი“ ეგვიპტის შეიარაღებული ძალების წარმოამდგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

გაზეთის მიხედვით, პარტიის წევრებს, რომელთა რიცხვიც 2 მილიონს შეადგენს, რევოლუციური მონაპოვრის განადგურება (რომლის საშუალებითაც პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი იქნა გადაყენებული), ქვეყანაში ანარქიის დამყარება და სამოქალაქო ომის პროვოცირება სურთ. ამ გზით, შეიარაღებული ძალების წარმოამადგენლის აზრით, ყოფილი მმართველი პარტიის წევრები, საკუთარი, ძველი მდგომარეობის დაბრუნებას ცდილობენ.

სამხედრო წყაროს ინფორმაციით, დადასტურებულია ცნობა, რომ პარტიის წევრებმა მოახდინეს იმბაბეში, ქაიროს გარეუბანში არეულობების პროვოცირება, სადაც შაბათ–კვირას მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის შეტაკების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 240 დაშავდა.

მუბარაქის ნაციონალ–დემოკრატიული პარტია, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუბრაქის გადადგომიდან მცირე ხნის შემდეგ ოფიციალურად იქნა დაშლილი. მისი ხელმძღვანელები, გენერალური მდივანი საფუატ აშ–შარიფი და პოლიტიკური კომიტეტის ხელმძღვანელი ამ დროისათვის კორუფციის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფებიან. პარტიის მთელი ქონება კი სახელმწიფოს გადაეცა.

როგორც ცნობილია, გასულ შაბათს ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის შეტაკების მიზეზი ქრისტიანი ქალბატონის გატაცება გახდა, რომელმაც ისლამი მიიღო. შეტაკება მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ექსტრემისტებმა ორი ეკლესია და ათობით ქრისტიანთა სახლი და სავაჭრო ობიექტი გადაწვეს. არეულობა მხოლოდ სამხედრო პოლიციის ძალის საშუალებით იქნა ჩაწყნარებული.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეგვიპტეში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები გახშირდა. ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში პროვინცია ჰელუანში კოპტური ეკლესიები გადაწვეს. მაშინ მუსულმანებსა და ქრიტიანებს შორის ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით შეტაკების შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა.

ეგვიპტელი ქრისტიანი–კოპტები ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ გაერთიანებას წარმოადგენენ. სხვადასხვა მონაცემებით, მათი რიცხვი დაახლოებით 10 პროცენტია, ეგვიპტის 80 მილიონიან მოსახლეობაში. ექსპერტები შიშობენ, რომ ეს მოვლენები გაცილებით უფრო საშიში პროცესების უვერტურა შეიძლება გახდეს, რომელიც რეგიონში, სავარაუდოდ, ვითარების ესკალაციას გამოიწვევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100