"უნდა ვიცოდეთ მტერი და მოყვარე, უნდა ვიცოდეთ, ვისი გაკარებაც კი არ შეიძლება სათოფეზე"

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დარღვეულია სახელმწიფოს უშიშროება და ეროვნული ღირსება.

მიხეილ სააკაშვილმა მკაცრად დაგმო "დინამო არენასთან" ახალგაზრდების დაკავების ფაქტი და განაცხადა: "კატეგორიულად ვთხოვ და ვავალებ ღარიბაშვილს, რომ დაკავებულები დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს".

საქართველოს პრეზიდენტი თბილისისა და მოსკოვის დინამოელების მიერ ამხანაგური მატჩის გამართვასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მსგავსი მატჩების საწინააღმდეგო არაფერი აქვს: "მე პირადად მივესალმები მსგავსი მატჩების ჩატარებას და უფრო მეტიც, მე ვიყავი სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატორი, მაგრამ ერთია, როცა საქართველოში უშვებ ტურისტს, და სულ სხვაა, როცა უშვებ საქართველოს დანაწევრების მომხრეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ჩამოსულ რუსეთის დუმის დეპუტატზე დამატებითი ინფორმაციაც გააცნო მოსახლეობას და განაცხადა, რომ მან არამარტო ხმა მისცა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, არამედ აფხაზეთშიც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა:

"გუშინ ჩამოიყვანეს რუსეთის დუმის დებუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული საქართველოს დანაწევრებისთვის 2008 წელს, რომელსაც ხმა აქვს მიცემული ე.წ ჩვენი რეგიონების, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის რეგიონის დამოუკიდებლობისთვის, დამატებით, ეს კაცი იბრძოდა და აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ინფორმაციით, ის არის მჭიდროდ დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან და პრაქტიკულად არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი საქართველოს დაქუცმაცების მცდელობაზე, დუმის ყველა წევრი, რომელმაც 2008 წელს ხმა მისცა საქართველოს დაქუცმაცებას, ყველა მათგანი საქართველოსთვის წარმოადგენს საფრთხის რისკს, ყველა მათგანი არის მტრული ფაქტორი და ის, ვინც გუშინ ჩამოიყვანეს, ბევრად უფრო სცდება ამ ფარგლებს...

და, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების შემოშვება საქართველოში არ შეიძლება, თუ ჩვენ გვაქვს ღირსება, თავმოყვარეობა, თუ ჩვენ გვაქვს ქვეყნის სიყვარული. ამიტომ, პირველ რიგში მე მინდა ძალიან მკაცრად დავგმო ჩვენი სასაზღვრო უწყების, ამ შემთვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრის საქციელი, რომელმაც დაუშვა მტრის ასე დაუსჯელად შემოსვლა საქართველოში, თავისუფლად გადაადგილება ჩვენს ტერიტორიაზე, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს განპირობებული", - აღნიშნა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

"დინამო არენასთან" "თავისუფალი ზონის" აქტივისტების დაკავებაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციის ქმედება პოლიტიზირებული იყო და ირაკლი ღარიბაშვილს დაავალა, დაკავებულები სასწრაფოდ გაათავისუფლოს:

"ამ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროტესტი იყო აბსოლუტურად გამართლებული, ეს ახალგაზრდები დააკავეს და მე მივუთითებ და კატეგორიულად ვთხოვ და ვავალებ ღარიბაშვილს, რომ ეს ხალხი უნდა იქნეს დაუყოვნებლივ გაშვებული; ნუ გგონიათ რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული, არსებობს რაღაც წესები, რომელიც ყველა თავმოყვარე ქვეყანამ უნდა დაიცვას...

მე არ მინდა, ისეთი რამე გავაკეთოთ, რომ მერე შეგვრცხვეს, მე ეჭვი მეპარება, რომ ამ ხალხს შეიძლება შერცხვეს, მაგრამ ეს არის ქვეყნისთვის საზიანო, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთთან ჰუმანიტარული, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობა, ჩვენ უნდა მაქსიმალურად ვიმუშაოთ რუსულ საზოგადოებასთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მტერი და მოყვარე, უნდა ვიცოდეთ, ვისი გაკარებაც კი არ შეიძლება სათოფეზე საქართველოსთან, ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ დარღვეულია სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება, დარღვეულია ჩვენი ღირსება, შელახულია ჩვენი ეროვნული ღირსება და ასევე დარღვეულია კანონი ამ ახალგაზრდების მიმართ, ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარი