სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩერგოლეიშვილი განმარტავს, რატომ არ მოსწონს ივანიშვილს ბოკერია

პრემიერ-მინისტრს არ ესმის, რაში იღებს ხელფასს უშიშროების საბჭოს მდივანი. როგორც პრემიერი გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 8 თვის განმავლობაში არ გამართულა. ივანიშვილის განცხადების შემდეგ გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა და განმარტა თუ რატომ არ მოსწონს ივანიშვილს ბოკერია. ჩერგოლეიშვილის განცხადებას droni.ge უცვლელად გთავაზობთ

„ახლა მოვყვები ქრონოლოგიურად როგორ განვითარდა პრემიერ მინისტრის დამოკიდებულება გიგა ბოკერიას მიმართ (ჯერ ქართულად დავწერ, მერე ინგლისურად)

1. ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საერთაშორისო პრესის და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ მისი კრიტიკოსები სააკაშვილი/ბოკერია/გლუქსმანის სიცრუის "აჟიტირების" მსხვერპლნი არიან - რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს წამყვანი გამოცემების დიდი უმრავლესობა და საერთაშორისო საზოგადოება ბრიყვების ნაკრებია და სააკაშვილი/ბოკერია/გლუქსმანი აჯერებს იმას, რაც მოესურვებათ. ამას ის ყველა საერთაშორისო ფორუმზე იმეორებს, რითაც თავს კომიკურ მდგომარეობაში იგდებს - ლუნატიკს უწოდებს ყველა, ვისაც საღი აზრი მოეკითხება.

2. ყველაზე კრიტიკული, ვიტყოდი ყველაზე მნიშვნელოვანი გაზეთის, ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო საბჭო აღმოჩნდა. რომელმაც ხუთი თვის წინ წერილში ღიად და ზუსტად ისაუბრა ივანიშვილთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.

3. ამას მოყვა ივანიშვილის განრისხება და მისი საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ სასწრაფოდ შესასწავლია რაში იხარჯებოდა უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი. მან ცილიც დასწამა ბოკერიას, რომ ის დიდი რაოდენობით ფულს ანაღდებდა, თუმცა შემდეგ ეს სიბრიყვე აღარ გაუმეორებია. მე რომ გიგას ადგილას ვიყო, პრემიერ მინისტრს ცილისწამებისთვის ვუჩივლებდი. მაგრამ მის ადგილას არ ვარ.

4. ივანიშვილის განცხადებიდან მალევე უშიშროების საბჭოში სამართალდამცავები შევიდნენ და დოკუმენტაცია გამოითხოვეს.

5. ამის შემდეგ, ივანიშვილმა კარგა ხნის წინ, მის მიერ პერსონალურად დაანონსებული გეგმა სისრულეში მოიყვანა და ვანო მერაბიშვილი დააპატიმრა, რასაც მოყვა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა და ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო საბჭოს მეორე წერილი, რომლის ავტორებიც საქართველოს მძიმე მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ივანიშვილის ბრიყვული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გამო.

6. ვაშინგტონ პოსტის წერილის გამოქვეყნებიდან ორ დღეში, ივანიშვილი კიდევ ერთხელ ესხმის თავს ბოკერიას და ამჯერად მის ხელფასის ლეგიტიმურობას და ბოკერიას პროდუქტიულობას აყენებს ეჭვქვეშ.

7. გამოიცანით შემდეგი ნაბიჯი რა იქნება - გიგას დაკავება

დააკავეთ გიგა ბატონო ბიძინა - ამით თქვენს დასასრულს დააჩქარებთ. მომენატრება, მაგრამ პოლიტიკური პატიმრის ცოლობაც საინტერესო გამოცდილებაა.“ -წერს ჩერგოლეიშვილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100