გოკა გაბაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ თბილისის მერად ჩვენი კანდიდატურა გავა

„დრონი. ჯი“: არსებული ოპოზიციური სპექტრიდან, რომელი პოლიტიკური პარტია იბრძვის ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაზე დემოკრატიული მეთოდებით?
გოკა გაბაშვილი: პარლამენტში შესვლა ოპოზიციონერი პარტიებისთვის ყველაზე დემოკრატიული გზაა, ხელისუფლებისკენ საბრძოლველად. მეორე ყველაზე ნორმალური გზა კი საარჩევნო კონკურენციაა. პარტიების უმეტესობა ზუსტად ამ გზას ადგას. ისინი მზად არიან მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში.
რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ამ გზას პოლიტიკოსების უმცირესობა ადგას. იმ პოლიტიკოსების ნაწილი, რომელიც საპროტესტო აქციებს უფრო დიდ მნიშვნლობას ანიჭებს, ვიდრე, პროტესტის დაფიქსირებას. აპრილის აქციების დროს მიაჩნდათ, რომ საპროტესტო აქციები არის საშუალება არასაარჩევნო გზით ხელისუფლების შეცვლისა, რაც გარკვეულ საფრთხეებს საზოგადოებისთვის ნამდვილად შეიცავს.
- ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ნოემბერში აქციებისთვის ემზადება, ხელისუფლება კვლავ მოთმინებით აიტანს ქუჩების გადაკეტვას, ანუ წავა თუ არა, მიტინგის დაშლაზე?
- ყველამ უნდა დაიცვას კანონი და შესაბამისად, არანაირი პრობლემა არ იქნება. კანონი, უნდა დაიცვას ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც. თავისუფალი აზრის გამოხატვა, პროტესტის დაფიქსირება, საარჩევნო მზადება თუ შეხვედრები, ასევე საარჩევნო დებატები საზოგადოებისთვის ნორმალურია და ჯდება დემოკრატიულ სტანდარტებში.
ხოლო, როცა ესა თუ ის ოპოზიციონერი ცდილობს გარკვეული საპროტესტო აქციები გამოიყენოს კანონის დასარღვევად და თანამოქალაქეთა მოსაზრებები მიმართოს არაკანონიერი ქმედებებისაკენ, ეს უკვე დანაშაულია და ზუსტად აქ იწყება პრობლემები.
- კანონდარღვევაში კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- ქუჩების ბლოკირება, აგრესიული აქციები, ამა თუ იმ პოლიტიკოსზე შეურაცხყოფის მიყენება, სამართალდამცავებთან უხეში მოქმედება, ესაა კანონის დარღვევა. მოქალაქეების ასეთ ქმედებებზე, სახელმწიფოს მხრიდან, ბუნებრივია, რეაგირება იქნება.
- როგორი სახით იქნება რეაგირება, ანუ რამდენად შესაძლებელია 7 ნოემბრის გამეორება?
- ამ შემთხვევაში ხელისუფლება გააკეთებს იმას, რაც გაზაფხულზე მოიმოქმედა. გაზაფხულზე მაქსიმალურად თავშეკავებულად მივუდექით თანამოქალაქეთა ნაწილის პროტესტს. ხშირ შემთხვევაში, ბუკვალურადაც არ იქნა კანონი აღსრულებული. ჩვენი მიდგომა მომავალშიც ასეთი უნდა იყოს. მაქსიმალური თავისუფლება უნდა მივცეთ ადამიანებს თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს სხვა ადამაიანების უფლებების შეზღუდვად. კანონი უნდა იყოს დაცული. ჩვენ ჩვენი მხრიდან არანაირ კანონდარღვევას არ ვგეგმავთ.
- ხელისუფლება რას ფიქრობს, ნოემბერში გამოვა ხალხის სოლიდური ნაწილი ოპოზიციის მხარდასაჭერად, როგორია თქვენი პროგნოზი?
- საქართველოში არსებობს მოქალაქეთა ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება არ მოსწონს. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. ხალხი, თავის აზრს აფიქსირებს, როგორც არჩევნებზე, ასევე საპროტესტო აქციებზეც. ბოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების ხმები წავიდა ოპოზიციისკენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უმეტესი ნაწილი მმართველ გუნდს უჭერდა მხარს.
შესაბამისად, მოქალაქეთა კმაყოფილება თუ უკამყოფილება, ხელისუფლებისა, იზომება არჩევნებზე და სოციოლოგიური კვლევებით. ყველა სოლიდური პოლიტიკური ძალა ატარებს სოციოლოგიურ კვლევებს, ასევე ეცნობა სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებსაც. ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლების პოლიტიკით, ნაწილი კი ოპტიმიზმით უყურებს ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დ იმ რეფორმებს, რასაც ხელისუფლება ახორციელებს.
მაისში იქნება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები და ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ხალხის რა რაოდენობა უჭერს მხარს ოპოზიციისა და ხელისუფლების კანდიდატს. ამის მიხედვით კომპლექტდება და იქმნება ხელისუფლება.
- მერობის კანდიდატებად ბევრი განიხილება როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაშიც. ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი?
- ოფიციალურად, მერობის კანდიდატად მხოლოდ ალასანია დასახელდა. სხვა დიდი პოლიტიკური ჯგუფები, როგორიც არიან „ლეიბორისტები“ და „ქრისტიან-დემოკრატები“, ფიქრის პროცესში არიან. ბუნებრივია, ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმატება მიგვაჩნია ლოგიკურად, იქედან გამომდინარე თუ რა გზა გმოიარა თბილისმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი რამ გაკეთდა. ამომრჩეველმა კარგად იცის ვინ არის საჭირო ქალაქისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ყველაფერს ადამაინები დაგვიფასებენ ადგილობრივ არჩევნებზე. ვიმედოვნებთ, რომ თბილისის მერად ჩვენი კანდიდატურა გავა.
- ენგურჰესის თემა კვლავ ამოტივტივდა, რეალურად გაყიდულია თუ არა ენგურჰესი?
- აბსოლუტურად გარკვევით ითქვა, რომ ენგურჰესი არის საქართველოს საკუთრება, ასი პროცენტით. თუმცა, ჩვენ ვალდებულნი ვართ სახელმწიფოს საკუთრების მართვაში წავიდეთ კომპრომისზე, რომ გვქონდეს შუქი. ეროვნული ინტერესებიდან გამონდინარე, ჩვენთვისაც დამაზარალებელი იქნებოდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც დაახლოებით მესამედზე მეტი ამოგვივარდება ენერგეტიკული ბალანსიდან.
ჩვენ გვიწევს წავიდეთ კომპრომისზე ენგურჰესის მართვასთან დაკავშირებით, რაც იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ენგურჰესი გაიყიდა. ამ კომპრომისს ჩვენთვის აქვს დამატებითი ბენეფიტი, მოგება.
- რა მოგებაზე საუბრობთ?
- ფულს, რომელსაც აქამდე ვერ იღებდა სახელმწიფო, ეს თანხა ახლა ბიუჯეტში შემოდის. ანუ ენგურჰესთან დაკავშირებით ასეთი რამ იქნა მიღწეული, არავინ დაობს იმაზე, რომ ენგურჰესი საქართველოს საკუთრებაა, ბუნებრივია, მართვაში მონაწილეობს ის მხარეც, რომელიც რეალურად და ფაქტობრივად, იარაღის ძალით აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას. სამაგიეროდ, მათ უწევთ თანხის გადახდა მიღებულ ელექტროენერგიაში. ამ სურათის შეცვლაზე მსჯელობა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.
ტეროტორიული მთლიანობა საბოლოოდ დაარეგულირებს არა მარტო ენგურჰესის, არამედ მთლიანად ქვეყნის პრობლემასაც. ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ ენგურჰესი უდავოდ საქართველოს საკუთრებაა, საიდანაც ჩვენი მოსახლეობა იღებს ელექტრო ნერგიას. ჩვენი სპეციალისტები დღემდე ენგურჰესზე მუშაობენ.
- რენე ჰარლინის ფილმი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსდა?
- ამ ფილმთან დაკავშირებით ბევრი სისულელე მოვისმინე, რომ თითქოს საქართველომ ფილმის დასაფინანსებლად ასი მილიონი გამოყო. ეს სიცრუეა. ხელისუფლება ფულს ამაზე ნამდვილად არ ხარჯავს და ეს არის კერძო პროექტი.
ყველაფერი არის ბოღმით სავსე ადამიანების მიერ გამოგონილი, რომ თითქოს ეს ფილმი საქართველოს მთავრობის პიარ-პროექტია. გაუგებარია, რატომ ატყდა ამხელა მითქმა-მოთქმა, როცა სახელმწიფოს ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს ფილმის გადასაღებად?
არ ვიცი რატომ უნდა აღიზიანებდეს ადამიანს და იგონებდე ათასგვარ ჭორს ისეთ კარგ პროექტზე, რომელშიც რუსეთ-საქართველოს ომის რეალური ფაქტები იქნება გადმოცემული. ჩვენ არც რუსეთი ვართ, არც „ო-ერ-ტე“ და არც პროპაგანდისტულ ფილმებს ვიღებთ. ამაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარწმუნდნენ, ჩვენი ოპონენტები, რადგან ეს რეალობაა.

კომენტარი