კობა ხაბაზი ოპოზიციის მიტინგის დარბევას საკუთარი ფუტკრებით აპირებს

- ბატონო კობა როგორი მეხსიერება გაქვთ?
- ჩინებული! რატომ მეკითხებით?
- აბა თუ გაიხსენებთ რამდენჯერ იყავით საქართველოს და აჭარის პარლამენტის წევრი, მინისტრი და სხვა თანამდებობნის პირი ბოლო წლების მანძილზე?
- ოო, გახსენება უნდა მაგას (კეფას იფხანს). საქართველოს პარლამენტის წევრი ვარ მესამედ, აჭარის პარლამენტის წევრი ვიყავი ერთხელ, ერთხელ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ჰო, პრეზიდენტის აპარატის რეგიონული სამასახურის უფროსიც გახლდით, ბატონო, პარალელურად შიდა პოლიტიკის სამსახურს ვხელმძღვანელობდი. საინტერესო ის არის, რომ რაღაც წელიწადნახევარში `მოვიარე~ საქართველოს და აჭარის პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ორი სამსახურის უფროსობა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრობა.
- ერთი გამოგრჩათ – პრეზიდენტის საკონსულტაციო საბჭოს წევრიც იყავით აჭარის რევოლუციის მერე!
- ჰო, ეგ გამომრჩა და ეგეც იმ წელიწად ნახევარში იყო წეღან რომ გითხარით.
- იმდენი კარუსელი გამოგიცვლიათ, თავბრუს ხვევა ხომ არ დაგჩემდათ ამდენი „კატაობით?“
- არა საბედნიეროდ, ჯანმრთელი ვარ და ვუძლებ.
- ისე ჩვენს პრეზიდენტს ძალიან უყვარს „კარუსელები“ და თუ ხელახლა დაგატრიალებს „ცინარიზინი“ მოიმარაგეთ – თავბრუს ხვევას შველის!
- დიდი მადლობა, მაგრამ ხომ არ დაგავიწყდათ, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრიც რომ ვიყავი და უთქვენოდ ვიცი რა მოვიმარაგო.
- რა გასაკვირია, რომ დამვიწყებოდა რაც თქვენ თანამდებობები ჩამომითვალეთ, ასე უცებ რა დაიმახსოვრებს. ხო, ცნობილი რევონუციონელი ბრძანდებით – ქართველ ჩე გევარასაც გეძახიან აჭარაში.
- არ ვიცი, რას მეძახიან, ლუი დე ფიუნესიც მეყოფა მეტსახელად... ისე 1987 წლიდან ეროვნულ მოძრაობაში ვარ, როგორც მერაბ კოსტავას შვილობილი.
- სამი რეოლუციაა არა თქვენს აქტივში?
- საბჭოთა კავშირის დაშლაში კი მივიღე მონაწილეობა, მაგრამ მთლად რეოლუცია არ იყო, თუმცა რევოლუციური პროცესი ეგ იყო, თუ იყო. შემდეგ ვარდების და აჭარის რევოუციაში მივიღე მონაწილეობა და კიდევ ორ ომში, რა ვიცი, რა აღარ გადამხდენია თავს.
- დათო ბერძენიშვილი ამბობს, რატომ ფეხი არ გამიხმა, რომ ქობულეთში მშობლურ სოფელში ავაკითხე კობა ხაბაზს და შევარდნაძე–აბაშიძის დასამხობად ჩამოვიყვანე ბათუმში, იყო თავისთვის და ფუტკრებს უვლიდაო. მართლა დათო ბერძენიშვილმა შეგახსენათ ძველი პროფესია – რევოლუციონერობა?
- დათომ გულზე ხელები დაიკრიფოს და...
- ბატონო კობა, გულზე ხელებს მიცვალებულს აკრეფინებენ.
- ჯვარი სწერია და ღმერთმა კარგად ამყოფოს დათო! ჰო, გულზე ხელი დაიდოს და თქვას, რატომ ამომაკითხა სოფელში.
- რატომ, თაფლი ხომ არ უნდოდა?
- არა, თაფლი კი არა, მითხრა – კობა, წლებია წასული ვარ აჭარიდან, აქ აღარ მაქ ძველებური დასაყრდენი, მე აქციების აგორება გამიჭირდება, შენ ფეხი არ მოგიცვლია აჭარიდან ეს წლები, ხალხს ჩემზე უკეთ იცნობ და შენ გამოგყვება ხალხი, მოდი დაგვიდექი გვერდითო. აი, ეგ იყო მიზეზი ფუტკრებს თავი რომ დავანებე და ისევ რევონუციონერობა დავიწყე.
- ისე ხელობა არ დაგვიწყებიათ, კარგად გამოგივიდათ გახსენება, განსაკუთრებით აჭარის რევოლუციისას.
- ჰო, რაც შემეძლო გავაკეთე და... ეგ, რევონიციენერობა ისეთი ხელობაა, რომ არასდროს არ გავიწყდება, არც მუდმივი პრაქტიკაა საჭირო. მათავარია, 2-3 კვირა ამ რევოლუციურ პროეცესში მიიღო მონაწილება და ყველაფერი თავის თავად გახსენდება.
- ისე, საქართველოს ისტორიაში უკვე შეხვედით – პირველი ლენინის ძეგლი თქვენ ჩამოაგდეთ ქობულეთში. სულ რამდენი ძეგლი გაქვთ ჩამოგდებული?
- სულ ხუთი ძეგლი: ქობულეთში, ბათუმში, ოზურგეთსა და კიდევ ორ სოფელში.
- მოკლედ, ლენინი რომ გხედავდათ, იმალებოდა?
- ძეგლი სად დამემალებოდა, ამიტომაც იყო, სადაც მივწვდი ყველგან ჩამოვიღე.
- ხუთი ძეგლი არ არის ცოტა, მაგრამ მეტი ვეღარ „გაქაჩეთ“?
- მარტო მე ხომ არ ვიყავი, სხვებიც იყვნენ, კაცო, იმ ხალხსაც ხომ უნდა მიეღო ამ საქმეში მონაწილეობა? ისე, გული კი მწყდება თბილისში რომ ვერ ჩამოვაგდე ლენინის ძეგლი. შოთა გორგოძემ დაგვასწრო.
- როგორ დაგასწროთ?
- იცოდა, რომ უნდა აგვეღო ძეგლი, მაგრამ შემოგვითვალა: ოღონდ ლენინის მოედანზე დიდ აურზაურს ნუ გამიმართავთ, ტრაქტორებს და ამწეკრანებს ნუ მოიყვანთ, მე თავად მოგაშორებთ მაგ ძეგლსო. სიტყვის კაცი გამოდგა გორგოძე, დილით მართლა აღარ იდგა ძეგლი. ბათუმში ვიწვალე ძალიან. ავედი ლენინის ძეგლზე, მოვექეცი ქეჩოზე, მოვაბი „ტროსი“, ჩამოვედი, გაქაჩეს და გაწყდა „ტროსი“.
მეორედაც ავბობღდი და ახლა ორმაგი „ტროსი“ წამოვაცვი თავზე ილიჩს. ესეც გაწყდა. ბოლოს ბიჭებმა გემის საბუქსირო „ტროსი“ მოიტანეს პორტიდან და მესამედაც მომიწია ასვლა. ამას ვეღარ გაუძლო ლენინის კისერმა და მოწყდა პედესტალს. ისე, რვა სართულიანი სახლის სიმაღლეზე იყო მისი მხრები. როგორი საქმეა, ახლა, სამჯერ ადი და ჩადი მერვე სართულის სიმაღლეზე, კაი ალპინისტივით.?
- ეგ, სიმაღლე როგორღა გაზომეთ?
- უშიშროება გვერდითი კორპუსიდან იღებდა ამ ყველაფერს და რომ გადავთვალე მე-8 სართულიდან მიყურებდა მათი კამერა.
- ისე, ასლან აბაშიძესაც უთქვამს – რა უნდა ამ ხაბაზს, რას გადამეკიდა, როდის ავედი მე მაგასთან სოფელში, თაფლი როდის შევუჭამე და ფუტკრები როდის დავუფრთხეო?
- თქვენ ხუმრიბთ, მაგარმ აჭარის რევოლუცია რომ არ მომხდარიყო, კაცმა არ იცის რა მოხდებოდა. ასლანი დიდ უბედურებას უმზადებდა საქართველოს და აჭარა დასაკარგად იყო გამზადებული. ისე, აბაშიძე და მისი კლანი იყო სწორედ ყველას სკაში თათს რომ ჰყოფდნენ და ყველას უფრთხობდნენ ფუტკარსაც და ძილსაც.
საჩემოდ არაფერს ვერჩოდი აბაშიძეს, საქვეყნო საქმე იყო და იმიტომ ვებრძოდი. რაც მაგან დღე გვაწია, კაცო... გახსოვთ ალბათ `ჩვენი აჭარის~ ოფისი როცა დაარბიეს მისმა სპეცრაზმელება. ყველა და მათ შორის მეც ძალიან გაგვიმეტეს. მაგარი ნაცემი ვიყავი, საავადმყოფოში უგონოდ წამიყვანეს.
ჩემი ბიძაშვილი, ზაზა რომანაძე მეჯდა თავთან საავადმოყოფოში საწოლზე და ჩემი მაჯა ეჭირა ხელში. გონს მოვედი, თვალი გავახილე, ზაზას გაეხარდა, კაცი გოს მოვიდა და ელოდება ახლა რას ვიტყვი. ფიქრობს, რომ ვიკითხავ – სადა ვარ, ცოცხალი ვარ, ოფისთან რა მოხდა და ასე შემდეგ. ამ დროს თურმე წამოვიყვირე: „ზაზა ხომ ჩამოვხსენი ასლან აბაშიძის რეჟიმს დემოკრატიის ნიღაბი მეთქი“. ამ დროს ჩემი და მოდიოდა ქობულეთიდან ბათუმში ჩემს სანახავად. ზაზამ დაურეკა – კობამ ცოტა აურია, დემოკრატიაზე და ნიღბებზე ლაპარაკობს ისევ და იქნებ ფსიქიატრი წამოუყვანოთო. ეგონა გავგიჟდი.
- ბატონო კობა, გული არ გწყდებათ, ახლახან ომი, რომ გადაიღეს აგვისტოს ომზზე და რენე ჰარლინმა არცერთი როლი არ შემოგთავაზათ?
- გული რაზე უნდა დამწყდომოდა? ლუი დე ფიუნესის როლზე, რომ არ მივეწვიე მართლა მეწყინებოდა. ისე, „მასოვკაში“ კი უნდა ყოფილიყო ჩემი ადგილი, ამხელა მსახიობის ორეული ვარ ბოლოს და ბოლოს.
- ისე მთლად გულს ნუ გაიტეხთ ვინმე გადაიღებს ფიუნესსზე ბიოგრაფიულ ფილმს და მაშინ დადგება თქვენი დრო.
- კასტინგზე მაინც მიმიწვევენ და როლზე დამამტკიცებენ თუ არა, ეგ არ ვიცი.
- შალვა ნათელაშვილის სხვა რომელ „ეპითეტს“ გაიხსენებდით, ასე, რომ მოხდენოდა ადრესატს?
- ჩემზე მართლა მოარტყა! ვითომ დამცინა, მაგრამ შედეგათ სულ სხვა მივიღეთ, არც მე მწყინს ფიუნესს რომ მადარებენ და არც სხვა აღიქვამს ამას ჩემს შეურაცხყოფად. ზურაბ ნოღადიელზეც მოსწრებულდ თქვა – დაღლილი ვირიაო. მაშინ მე ვუმტკიცებდი ჩემს თანაგუნდელებს, მოსწრებული და ზედგამოჭრილია ნოღაიდელისთვის ეს მეტსახელი – მეთქი, მაგრამ მაშინ მითხრეს – კობა, გაჩუმდიო... პრემიერ მინისტრი იყო ზურა და ჩემგან მისი ქილიკი არ მოეწონათ, ჩვენიანია და თან პრემიერიო. ახლა, როცა ნოღაიდელი ოპოზიციაშია, მეუბნებიან ჩემი თანაგუნდელები – კობა, ნაღდად უხდებოდა ეგ ეპითეტი და მართალი იყავიო, ტყუილად გაჩუმებდითო.
- თქვენზე ამბობენ, რაც საქართველოში თაფლი იჭმევა, ყველა ქილის წილში ხაბაზიაო.
- კი, მსმენია ეგ სისულელე, ჩაის პლანტაცია რომ მქონოდა მაშინ იგივეს იტყოდნენ ჩაიზეც. რამდენიმე სკა ფუტკარი მყავს სოფელში და ჩემები უვლიან, მე არ მცალია.
- და ამ რამდენიმე სკასაც ვერ ინელებს ოპოზიცია?
- ნუ, ათი სკა თუ გაქვს 10 000 მაინც ხომ უნდა თქვან, რომ ხალხზე ეფექტი მოახდინონ? თუ უნდათ ავიყვან სოფელში, ვანახებ რა ქონების პატრონი ვარ, თაფლსაც ვაჭმევ და გამოვისტუმრებ. ისე, ერთი იდეა მაქვს და თუ ეგენი ჩუმად არ იქნებიან და ისევ დაიწყებენ მიტინგებს და ჩემს სკებზე ლაპარაკს, იმ მიტინგებს ჩემი ფუტკრებით ორ საათში ისე დავუშლი, პატრულის ერთი ეკიპაჟიც არ დამჭირდება.
- როგორ შეულოცავთ და დაიშლებიან?
- არა შამანობა რა ჩემი საქმეა?! ერთ სკაში 80-დან 100 ათასამდე ფუტკარია, 100 ათასი კაციც, რომ გამოიყვანონ ჩამოვიტან თბილისში 10 სკას და ხომ არის ეს ნახევარი მილიონი ფუტკარი? კაცზე ხუთი ცალი მოდის? – მოდის! ჰოდა მივუშვებ ამ ფუტკარს მიტინგზე და ცოტა ხანში კაციშვილი აღარ იქნება მთავრობის სახლთან. ცოტას კი დაკბენენ, მაგრამ ფუტკრის შხამი, ზომიერად მიღებული, მავნებელი არ არის.
- მოკლედ თუ აქცია იქნება კობა ხაბაზი დაშლის, არა? არც სპეცრაზმი დასჭირდება, არც გაზის ბალონები, არც წყლის შხაპი და პლასტიკური ტყვიები.
- (იცინის) ჰო, პოლიციას შეუძლია მშვიდად იყოს. ეგ კი არა, მე მგონი ჩემს ნოვაციას სხვა ქვეყნებიც გადაიღებენ.
- შალვა ნათელაშვილი რატომ არ გეშვებათ? ახლახან განაცხადა იმ პარლამენტში ცოცხალი თავით არ შევალ, სადაც კობა ხაბაზიაო.
- შალვას მგონი ეშინია ჩემი და იმიტომ არ შემოდის პარლამეტში. ისე სანახევროდ შემოსულები კი არიან ლეიბორისტები, ეგაა სხდომებს არ ესწრებიან.
- ამბობენ, კობა ხაბაზს ქალები ისე ესევიან, როგორც თაფლი ფუტკარსო.
- ეგ რომელ თაფლს გულისხმობთ? ჩემს გაკეთებულს? (იცინის). არა ეგ ტყუილი უთქვამთ, მეგობრებმა მომიგონეს ჭორად მაშინ, როცა წინა კბილები ჩავისვი – კობას ისეთი ჰოლივუდური ღიმილი აქვს, ქალები ეცემიანო.
- ამბობენ, კობამ ძიუდოში ვარჯიში დაიწყოო. მართალია?
- რატომ დაიწყოო?
- ცოლი ხომ ძიუდოისტი გყავთ?
- ჩემი მეუღლე მანანა რობაქიძე მართლა ძიუდოისტია, მაგრამ ერთიც ეყოფა ოჯახს. ან რაღა დროს ჩემი ძიუდოა. ისე, ჩემთვის ვვარჯიშობ ფორმის შესანარჩუნებლად და არა ცოლთან საჭიდაოდ (იცინის).
- შინ რომ მიდიხართ, მეუღლეს ასე ესალმებით – ფეხს ფეხზე შემოირტყამთ, სწორ ხაზზე დგებით, ხელები თეძოებთან, თავს ხრით და – გამარჯობა, სენ-სეი?
- გაიხარეთ, კაი იყო... წარმოვიდგინე ეგ სცენა და მართლა გავხალისდი. ცოლია, მართლა მასწავლებელი ხომ არაა, ჩვეულებრივად ვესალმები. ახლა ესეც უნდა ვამტკიცო? რომ ასეა?
- არა, მჯერა! ბატონო კობა, მართლა ორ ბოთ შამპანურში გაუცვალა ზურაბ ნოღაიდელი, ზურაბ ჟვანიას, დავით ბერძენიშვილმა?
- კი, მართლა ეგრე იყო, ამას დათოც აღიარებს და ეს ორი ბოთლი შამპანური, ბათუმის „ინტურისტში“ იკისრა ზურაბ ჟვანიამ, მაგრამ ისტორიას აქვს დასაწყისი და იმაზე არავინ ლაპარაკობს.
- ეგეთი რა დასაწყისი აქვს, რომ დღემდე არ გახმაურებულა?
- ბერძენიშვილს ვინ მისცა ნოღაიდელი, რატომ არ კითხულობენ?
- არ მითხრათ ახლა მე აღმოვაჩინე ნოღაიდელის ტალანტი ქობულეთშიო...
- ტალანიტი იყო თუ რაც იყო, მართლა მე ვიპოვე ნოღაიდელი... აღმოვაჩინე, ბიჭო ეგეც ალმასი იყო და ასჯერ ჩავყვინთე ზღვაში მაგის საძიებლად. ქობულეთლები ვიყავით ორივე და მე მივიყვანე ეროვნულ მოძრაობაში, რა აღმოსაჩენი ეგ იყო?!
- მერე კი ბერძენიშვილს დაუთმეთ?
- კი „რესპუბლიკელებმა“ მთხოვეს და უარი არ მითქვამს.
- ახლა სიმართლე მითხარით, რამდენი და რა გამოართვით „რესპუბლიკელებს“ ნოღაიდელში?
- არც არაფერი, ისე – უბრალოდ, დავუთმე. რა უნდა გამომერთმია, კაპიკი იყო მაშინ ნოღაიდელის ფასი. რამედ, რომ ღირებულიყო, როგორ ფიქრობთ, მე ვერ ვაკისრებინებდი ორ ბოთლ შამპანურს ბერძენიშვილს?
- რა ვიცი ახლა ვარსკვლავებს ეთამაშება ნოღაიდელი მილიონებს ითვლის...
- ითვალოს, ჩემთვის იგივე ფასი აქვს, რაც 1989 წელს, ქობულეთში, დათოს რომ „ვაჩუქე“.
- ლენინი ძეგლს რომ ემტერებოდით მარტო, სტალინმა რაღა „დაგიშავათ“? რატომ მის ძეგლს არ მოაბავთ ყულფს, გორის მთავარ მოედანზე რომაა დღესაც წამოჭიმული?
- ნუ, ადრე სხვა იყო და თან მე ლენინის ძეგლების სპეციალისტი ვარ, სტალინი სხვა, ვიწრო სპეციალიობაა, კი, გეთანხმებით, ის ძეგლი იქ არ უნდა იდგეს, მაგრამ გორის მოსახლეობას ანგარიში უნდა გავუწიოთ, უნდა შევთავაზოთ სტალინის ასეთი ალტერნატივა, თუნდაც იაკობ გოგებაშვილი და ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. მერე მოგიკვდეთ ჩემი თავი, რაც შემეძლება ყველაფერში დაგეხმარებით „დაჟე“ ტრაქტორსაც გამოგიგზავნით.
- დიდი მადლობა!
- არაფრის, მაგას როგორ დაგამადლით?!
- არა ინტერვიუსთვის გითხარით მადლობა.
- მითუფრო, ეს ინტერვიუც ალალი იყოს! თუ რაიმეს დაუპირეთ სტალინს, არ გამომაპაროთ.

კომენტარი