მარნეულის გამგებლის მოადგილეს ირაკლი ალასანიას დაკვეთით ემუქრებიან?

Droni.ge-ს რედაქციამ მარნეულის გამგებლის მოადგილისგან წერილი მიიღო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“მოგესალმებით, მინდა მოგითხროთ იმ ზეწოლისა და მუქარის შესახებ, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მხრიდან ჩემს მიმართ ხორციელდება. მე გახლავართ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე აგრარულ საკითხებში ოთარ ჭანტურია.

2010 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაცხადა აგრონომების კონკურსი, ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების შედეგად დავინიშნე მარნეულის გამგებლის მოადგილედ აგრარულ საკითხებში (მთავარ აგრონომად).

მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს არ ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი, არ ვყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი, ყოველთვის პირნათლად ვასრულები ჩემს მოვალეობას და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან სამი წლის განმავლობაში მიღებული მაქვს უამრავი მადლობის წერილი.

როდესაც მარნეულში შეიცვალა გამგებელი და გამგებლად მოვიდა ოცნების წევრი პაატა აბრამიშვილი მან კატეგორიულად მომთხოვა განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა, როდესაც ვკითხე მიზეზი მან მითხრა, რომ პოლიტიკური სიტუაცია მოითხოვს, რომ უნდა წახვიდე სამსახურიდანო. მე რა თქმა უნდა მას უარი ვუთხარი განცხადების დაწერაზე რის შემდეგაც დაიწყო ჩემს მიმართ პირდაპირი მუქარები და ზეწოლა, იგი დამემუქრა შემდეგი სიტყვებით "ან დაწერ განცხადებას ან ისე მოგაძრობ, რომ ვერასოდეს ვერსად ვერ დაიწყებ მუშაობასო და პროკურატურა დაინტერესდება შენი წარსულითო".

მე რა თქმა უნდა მაინც უარი ვუთხარი ვინაიდან 3 წლის მანძილზე მე პატიოსნად ვმუშაობდი და ვმუშაობ და პროკურატურით ვერ შემაშინებს. ეს მუქარები და ზეწოლა დღესაც გრძელდება და იგი ცდილობს მაიძულოს პირადი განცხადებით წავიდე სამსახურიდან, ჩემს ადგილზე კი უნდა დანიშნოს ალასანიას პარტიის წევრი ნუკრი ჯოხაძე, რომლის დანიშვნა და დასაქმებაც პირდაპირ ირაკლი ალასანიას მოთხოვნაა.

მადლობა ყურადღებისათვის.”

კომენტარი