ვინ გახდება რადიკალური ოპოზიციის განხეთქილების ვაშლი?

ნინო ბურჯანაძე, რომელიც ოპოზიციის მთავარი ფინანსური წყაროა, რადიკალების ნაწილს ფულის მიტაცებაში ადანაშაულებს. მართალია, ჯერჯერობით ვერც ხელისუფლებამ და ვერც საზოგადოებამ ვერ გაარკვია თუ ვინ აფინანსებს თავად "ხორბლის პრინცესას", მაგრამ ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ანზოროვნა, ოპოზიციას, დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება, უკვე გამოჟონა.
ბურჯანაძეების მთავარი ბრალდება რადიკალების მიმართ ასეთია: საკნების დასამზადებლად გამოყოფილი თანხა, რომელიც 600 ათასს აღწევდა, უკვალოდ აორთქლდა. არადა, 300 გალიაც არაა დამზადებული.
ოპოზიციის მტკიცებით, ერთი საკნის დამზადება 500 ლაჯი ჯდება, თუ არითმეტიკას მივყვებით, 300 საკნის დასამზადებლად საჭირო იყო 150 ათასი ლარი. სად წავიდა დანარჩენი 450 ათასი? მიუხედავად იმისა, რომ ბურჯანაძეები საჯაროდ გამოსვლისას ფულზე წუწუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა ქალბატონ ნინოს დეკლარაციაში არ აქვს დაფიქსირებული, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის დაფინანსების წყარო საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება, ანზოროვნა მაინც შეტევაზე გადადის და რადიკალების დაშანტაჟებას ცდილობს.
არადა, ბურჯანაძის მიმართ რომ ბრალდებები არსებობს, იმდენი უნდა... რომ აღარაფერი ვთქვათ ანზორ ბურჯანაძის მიერ ლამის ნახევარი საქართველოს მოწამვლასა და ტალახიანი პურის გასაღებაზე, გავკადნიერდეთ და დავივიწყოთ ბადრი ბიწაძის წარსული სამხედრო პროკურატურაში, მახსოვრობამ გვიღალატოს და ვერ გავიხსენოთ ქალბატონი ნინოს დითირამბები სააკაშვილზე, თუნდაც ერთი ფაქტი – წყნეთის ჰექტრობით მიწისა და აგარაკის ერთ ლარად მითვისება ეყოფათ ბურჯანაძეების ოჯახს პოლიტიკური მოუსავლეთისკენ ბილეთის ასაღებად.
ნინო ბურჯანაძე ახლა რადიკალთა რადიკალია. რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი თავისი პოლიტიკური ლაქების წაშლას ექსტრემიზმში გადასული რადიკალიზმით ცდილობს. აქაოდა ნახეთ როგორ ვებრძვი ხელისუფლებასო.
მას არც სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩება. მართალია, “მისი გზა” და “საქართველოს გზა” ერთმანეთისგან განსხვავდება, მართალია, “მისი გზით” სიარული სახიფათოა, მართალია, ყველა გზა რომში მიდის, მაგრამ ბედის ირონიით, დღეს, ზურაბიშვილის პარტიას არა “სალომესა და ჯანრის გზა”, არამედ “საქართველოს გზა” ჰქვია. თუმცა, თუ ამას საქართველოში განვითარებულ ერთ-ერთ ყველაზე ძველ და მყარ ტრადიციას – ნათელ-მირონობასაც დავუმატებთ, კიდევ უფრო ნათელი გახდება სად მიდის “მათი გზა” და სად – საქართველოსი.
აი, ეს ორი დედაკაცია დღეს რადიკალებს შორის ყველაზე რადიკალური. რიგით მესამეა “ტოლმის” მოყვარული ზვიად ძიძიგური, რომელსაც ახლა, როგორც ჩანს, ვაშლი შეჰყვარებია და რომელიც ახლა, შესაძლოა, თავად იქცეს განხეთქილების ვაშლად, რადგან იგი, თურმე, კუკავას ფარულ დისკრედიტაციაშია შემჩნეული, რაზეც მათი უფროსი, უფროსი გრეჩიხა უკვე საქმის კურსში ყოფილა ჩაყენებული.
რაც შეეხება ოპოზიციის ფინანსებს, გავრცელებული ინფორმაციით, საკნების დამზადებას უფროსი გრეჩიხა მეთაურობდა და ფულიც უშუალოდ მასთან შეთანხმების შემდეგ იხარჯებოდა, რაც მინიმუმ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ თუ ანზოროვნას აქვს პრეტენზია ფულის “მოტეხვის” გამო, გამოდის, რომ მას პრეტენზია აქვს ლევან გაჩეჩილაძესთანაც.
იმის გარჩევა სხვა დროს იყოს, რა პრეტენზიები აქვს საზოგადოებას თავად ბურჯანაძესთან, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ რადიკალებს შორის ვითარება ძალიან იძაბება, აღნიშვნის ღირსია, რადგან ამან, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე.
იქნებ ფინანსები უბრალოდ მიზეზია, იქნებ რადიკალებს შორის არსებული უთანხმოება ერთმანეთის მიმართ რადიკალურ ბრძოლაშიც გადაიზარდოს, იქნებ ყველაფერი ისევ ძველებურად დარჩეს, ვინ იცის, იქნებ არც დარჩეს, თუმცა, ფაქტი აშკარაა – განხეთქილების ვაშლი უკვე არსებობს...

კომენტარი