ფონდ „ქართუს“ საჩუქარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს

✓ შეკვეთილში, “შავი ზღვის არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი „მუსიკოსების პარკი“ „ქართი ჯგუფმა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადასცა.
პარკის იდეა „Black sea arena-ს" პროექტირების დროს გაჩნდა.
„მუსიკოსების პარკში“ მოწყობილია სასეირნო ბილიკები, სკამები, განათებები, დგას მსოფლიოში და საქართველოში აღიარებული მუსიკოსების: მომღერლებისა და კომპოზიტორების ქანდაკებები.
ქანდაკებებთან მოწყობილია დასასვენებელი სივრცე, ჟღერს იმ მუსიკოსთა ცნობილი კომპოზიციები, რომლის ქანდაკებასთანაც მიდის დამსვენებელი.
„მუსიკოსთა პარკში,“ ამ დროისთვს, 23 სკულპტურაა, როგორც კლასიკური, ისე პოპმუსიკის ვარსკვლავების ქანდაკებები.
წლის ბოლომდე პარკში 35 სკულპტურა დაიდგმება.
პარკის მოწყობა სრულად ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა და საჩუქრად ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადასცა.
დღეიდან პარკის დათვალიერებას ნებისმიერი დამსვენებელი შეძლებს.
პარკის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართუ ჯგუფს,“ რომელმაც სახელმწიფოს არაერთი უპრეცედენტო საჩუქარი გაუკეთა. მიხარია, რომ ჯერი ადგილობრივ თვითმმართველობაზე მიდგა და ეს შესანიშნავი პარკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „მუსიკოსების პარკმა“ ბოლომდე შეინარჩუნოს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
ნიკო ჩხეტიანი, ფონდ „ქართუს“ აღმასრულებელი დირექტორი:
„black sea arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ფონდმა „ქართუმ“ მოაწყო მუსიკალური პარკი და აღჭურვა ის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით. ეს არის მსოფლიოში უნიკალური პრეცედენტი, სადაც დაიდგა არამარტო ცნობილი მუსიკოსების ქანდაკებები, არამედ სპეციალური მოწყობილობების დახმარებით მოხდა მათი კომპოზიციების ჩაწერა. დამთვალიერებელს მიეცა საშუალება არამხოლოდ დაისვენოს ამ სასიამოვნო ხეების ჩრდილში, არამედ, მოისმინოს აღნიშნული მუსიკოსების ცნობილი მელოდიები. ეს არის მორიგი საჩუქარი ქართული სახელმწოფოსთვის, რომელიც ჩვენ გადავეცით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. პარკი სავსეა ხალხით, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეამ გაამართლა. ვულოცავ გურიის რეგიონს ამ შენაძენს. - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა
(R)

კომენტარი