სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"იქნებ სჯობდა, ჩვენც გადავშენებულიყავით დიდი გამყინვარებისას დინოზავრებთან ერთად და სიცივეს ჩვენს გულებში და გონებაში არ შეეღწია"

იქნებ სჯობდა, ჩვენც გადავშენებულიყავით
დიდი გამყინვარებისას დინოზავრებთან ერთად
და სიცივეს ჩვენს გულებში და გონებაში არ შეეღწია.
იქნებ სჯობდა ჩვენი ნაფეხურები
აღმოეჩინათ უცხოპლანეტელებს
და ჩვენი ნარჩენები მუზეუმებში გამოეფინათ
წარწერით: „სიცოცხლისთვის სახიფათოა.“

რა ხანია ეს სიცივე გადმოგვდის გარეთ
და ვეღარ ვამჩნევთ.
ვინაიდან დიაბეტით ავადმყოფი მედია,
რომელიც ერთმანეთს გვაჩვენებს
თანდათან კარგავს მხედველობას
და გემოს უგებს ხელისგულზე შაქრის ნამტვრევებს.

ომი მხოლოდ იმ ადგილს ჰქვია
სადაც სისხლია
სადაც ერაყელი გოგო მძიმე ჩანთით შედის ვაგონში
და ვაგონი იწყებს კაშკაშს,
ეს ადგილი იქნება ომი.
ეს ადგილი მოხვდება ეკრანზე
და დანაწევრებულ და გასხივოსნებულ ერაყელ გოგოს
ეკრანზე მთლიანს აჩვენებენ, უცნაური გამომეტყველებით..
ინგლისელი პენსიონერები თავებს გადააქნევენ
იტყვიან რომ საჭიროა ბრძოლა
და სახლში დარჩებიან.
და ამერიკელი სენატორები იტყვიან, რომ საჭიროა ბრძოლა
და სენატში დარჩებიან.
და ფრანგი სტუდენტები, იტყვიან, რომ საჭიროა ბრძოლა
და უნივერსიტეტში დარჩებიან.
და ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც თვითმფრინავებში დარჩებიან
გადაუფრენენ ერაყს,
და ეს ადგილი იქნება ომი.
ომი, რომელშიც არავინ წავა.
რომელსაც მედია მოგვიყვება როგორც ზღაპარს
ბოროტისა და კეთილის შესახებ, და მოგვანდომებს შურისძიებას.
და ჟურნალისტი, ერაყელ გოგოს
დაარქმევს ტერორისტს, და გამოზრდის მრავალ სიუჟეტს
როდესაც გოგო შტატებში ჩავა–
მშვიდობის უკან წამოსაღებად.
და ის იქნება ერთადერთი
ვინც წავა ომში.
და მსოფლიოს გაახსენდება მშვიდობა
და მსოფლიოს მოენატრება მშვიდობა
რომლის საბაზრო ღირებულებაც დაცემულია.
და ომი გაგრძელდება
რომელიც მოიტანს დიდ მოგებას
და ამ ფულიდან
ამერიკელი სენატორები სომალელ ბავშვებს უყიდიან თითო ბიგმაკს
და სამახსოვრო ფოტოებსაც გადაიღებენ,
და მედია გააშუქებს მშვიდობას
ბიგმაკს მიჩერებული მშიერი ბავშვების თვალებში.
და ინგლისელი პენსიონერები იქნებიან ბედნიერები
და ფრანგი სტუდებტები იქნებიან ბედნიერები
და მსოფლიო იქნება ბედნიერი.
და ერაყელი გოგო ომიდან არასოდეს დაბრუნდება.
და იქნებ სჯობდა, ჩვენც გადავშენებულიყავით
დიდი გამყინვარებისას დინოზავრებთან ერთად
და სიცივეს ჩვენს გულებში არ შეეღწია.
იქნებ სჯობდა ჩვენი ნაფეხურები
დიდხანს ეძებნათ უცხოპლანეტელებს
ეძებნათ და ვერ აღმოეჩინათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100