კალანდარიშვილი ამტკიცებს, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ამ დრომდე არ უნახავს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ამ დრომდე არ უნახავს.
ამის შესახებ კალანდარიშვილმა გენერალურ პროკურატურაში განაცხადა, სადაც არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების საქმეზე, გამოკითხვაზე მივიდა.
“დღეს არის არჩევნებიდან 26-ე დღე და აქამდე არ გვინახავს არცერთი ხელშესახები გარემოება, რომელიც იტყოდა, რომ არჩევნებზე იყო სისტემური დარღვევები, რასაც შედეგებზე შეეძლო გავლენის მოხდენა. ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა, საარჩევნო დავებმა გაიარა სხვადასხვა ინსტანციაც და დადასტურდა, რომ არანაირი ფარულობა არ დარღვეულა, არანაირი არსებითი დარღვევები არ ყოფილა”, - განაცხადა პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულმა ცესკოს თავმჯდომარემ.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება 30 ოქტომბერს დაიწყო. უწყებას გამოძიების მოთხოვნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმართა.
კომენტარი