ზურაბ ქართველაძე

2012-01-28 23:13:08
დაუმორჩილებელი ქართული პოეზია: ვინ რას წერდა დამპყრობელ რუსზე

ჩვენს საიტზე წმიდა ნინოს შესახებ  გამოქვეყნებულ მასალაში („წმიდა ნინოს საფლავთან დამბლადაცემული რუსი ეგზარქოსი“) დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი ქართული ეკლესიის წმიდანისადმი, რაც „ფორუმში“ განივრცო   წმიდა ნინოსადმი მიძღვნილი კიდევ სხვა ლექსებითაც. ამას მოჰყვა ერთ–ერთი  ფორუმელის („გიას“ ნიკით) ძალიან საინტერესო შემოთავაზება:

       „ეგების აჯობებდა, ამ განსაცდელის მოლოდინში, რასაც "კვლავრუსობა" ჰქვია, დღევანდელმა მთავრობამ, მათგან, სხვადასხვა მიზეზებით, მივიწყებული პოეტების და მწერლების პატრიოტულ თემებზე, ერის დამოუკიდებლობის წუხილზე შექმნილი შედევრების გამოქვეყნებები დაიწყოს, მისთვის ხელმისაწვდომ ტელე და რადიოს საშუალებებით, თუ გინდ ადრინდელი "პოეზიის ხუთი წუთი"-ს მსგავსი. თუ გინდ პრესაშიც. ხალხთან ერთად ხომ, მათაც, პოეტებსაც, მწერლებსაც და მათი შემოქმედების გულში ჩამწვდომად წამკითხველებმაც, დღეს რომ რუსეთისაკენ იმზირებიან,  დაფიქრების კიდევ ერთ საშუალებას მისცემთ. ორივე მხარე, სიჯიუტეს, პირად ამბიციებს ნუ გადაყოლებთ ერის დამოუკიდებლობას. წმინდა ნინოს მადლი შეგწეოდეთ და ისე განესაჯეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქართველებო!“ (გია 2012-01-27)

      მთავრობის სახელით, ცხადია,  პასუხს ვერ მივაგებთ რეპლიკის ავტორს,  მაგრამ  ჩვენი რედაქცია  მზად არის ყურად იღოს ეს საინტერესო შემოთავაზება და, ამასთანავე, გაუწყოთ, რომ სულ მოკლე ხანში დაიბეჭდება ასი ქართული ლექსის კრებული, სათაურით „დაუმორჩილებელი ქართული პოეზია“. კრებულის წინათქმაში აუცილებლად დავაკვალიანებთ მკითხველს და გავახსენებთ, რომ:

          „საქართველოს დაპყრობის პირველი დღეებიდანვე გაისმა პოეზიის ენით გადმოცემული საპროტესტო  ხმები, რომელთა შორის ყველაზე მკაფიო და მამხილებელი  - მეფე ერეკლეს ქალიშვილებისა იყო. მას შემდეგ ქართული პოეზია ეროვნულ– განმათავისუფლებელი მოძრაობის  თანამდევია –  გვევლინებოდა 1832 წლის შეთქმულების თანამზრახველად და  შემაგულიანებლად,   1918 წლის წინამორბედად და შემდეგ, 1921–24 წლებში  დაკარგული თავისუფლების უნუგეშო ჭირისუფლად; თვით საბჭოურ ტირანიასაც არ ეპუებოდა და ხან ფარულად და ხან ღიად ამზადებდა ნიადაგს 1991 წლის საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი მოვლენებისათვის.

         გალაკტიონ ტაბიძის სიტყვებით თუ ვიტყვით,  სწორედ პოეზია იყო ერის სულიერ ძალთა შემადუღაბებელი და თანაც იმდენად,  „ რომ თვით ჯალათებს, გადაქცეულს სმენად და ჭვრეტად,/ მცოდნეთ: რა ძალა, რა სიმტკიცე ჰღვივის გზნებისთვის,/ შიშის ზარს სცემდა პოეზია უფრორე მეტად, / ვინემ ფერმკრთალი შეთქმულება აჯანყებისთვის.“

       ორი საუკუნის მანძილზე უამრავი ლექსი დაიწერა ამ თემაზე ფარულად და ცხადად, ლეგალურად და არალეგალურად, მებატონისაგან აღვირის მეტად თუ ნაკლებად მოშვების,  ჟამისა და ვითარებების მიხედვით; დაიწერა პროფესიონალი პოეტებისა თუ მოყვარულთა მიერ და  ერთად თავმოყრილი ეს ნაწერები სამ უზარმაზარ ტომშიც ვერ მოთავსდებოდნენ...“

        თუმცა, მაინც მოხერხდა ერთ პატარა წიგნში წარსულში მოღვაწე იმ 50 პოეტის 100 რჩეული ლექსის აკინძვა, რომლებმაც ორი საუკუნის მანძილზე დაგვიტოვეს თავიანთი საპროტესტო პოეტური ნაწარმოებები. და აი, „დრონი.ჯი“ დღეს გთავაზობთ ანონსს  და მომავალშიც დროდადრო მოგაწვდით რჩეულ ნაწარმოებებს უპირატესად იმ  ლექსებიდან, რომლებიც კრებულის გარეთ დარჩნენ და არანაკლები სიმწვავით გამოირჩევიან.

     თავდაპირველად კი ლექსების პუბლიკაციას დავიწყებთ ხალხური პოეზიით. დღეს გაგაცნობთ  ხალხურ ლექსებს,  გადარჩენილთ ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ავ დროებებს  და დღემდე შემორჩენილთ ლიტერატორთა, მეცნიერთა თუ რიგით მამულიშვილთა პირად არქივებში – ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, ილია ჭყონიას თუ სხვათა და სხვათა...

 

                              ქართული ხალხური პოეზიიდან:

 

                                     ა, ჰოროველ, ჰოროველ*

 

                         მეფე გიორგი ჩიოდა, ვერ მოუარე თავსაო,

                         საბძანებელი დავკარგე, ტახტი დაუგდე სხვასაო.

             – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ––  

        *ილიას „აჩრდილის“ ავტოგრაფის ყდაზე მინაწერი

                                              **********

                       ქალაქში სიონ–სობორო ბაგრატიონთა აგესო,

                       ქართლი ოსმალთ დაულოცეს, ვაჰ რა ჭკუა წააგესო!

                                                   ***********

                       არა გვინდა რა ქალაო, დროება შეგვეცვალაო,

                       ხვანთქარ ხელმწიფედ დაგვიჯდა, ერეკლე გარდიცვალაო!

                                                 **********

                       ვაჰ შენ ჩემო საფეიქრო, მასტიკო და მასრა–მაქო,

                       მე იმისი დედა მო***ნ , ვინც პირველად ბუზი აქო!*

                  – – – – – – – – – – – – – – – –  – – – – – – –

   * სამივე ეს ხალხური ლექსი ილია ჭყონიას ასი წლის წინანდელი არქივიდან არის. როგორი უნდა ყოფილიყო რუსული რეაქციის სუსხი, რომ  ავტორს, „კეთილისმოსურნის“ ყველგან მაძიებელი თვალისაგან დასაფარავად, თვით თავის არქივში, ხელნაწერშიც კი რუსეთი და რუსთ ხელმწიფე „ოსმალეთად“ და „ხვანთქრად“ გადაეკეთებინა, ხოლო თვით რუსის მაგივრად „ბუზი“ ჩაეწერა!

                                           *********

                               უთხარით ხელმწიფიანთა:

                               სიტყვა ისმინეთ ჩემია –

                               დასტოვე საქართველოი!

                               სხვა მეფე გვინდა – ჩვენია.

                               წინათაც ცალკე ვყოფილვართ,

                                ვერ–რას გვაკლებდა მტერია!

                                              **************

                                აღარ მოგწყინდათ ქართველნო

                                რუსეთის სამსახურია?

                                კაც მაგათ ხელში ნამყოფი

                                სულ დაწულ–დადაგულია!

                                                ************

                                 რუსი რუსობას არ მოშლის,

                                 (დათვი იცნობის ტყავზედა) –

                                 გინდ წითელ მასკვლავ დაიკრას,

                                 გინდ დაგიფიცოს ჯვარზედა.        

               როგორც ხედავთ, ხალხის მეხსიერებას მთელი ორსაუკუნოვანი განცდა შემოუნახავს, ბაგრატიონთა მაცდუნებელთაგან მოკიდებული, წითელ ვარსკვლავიანი რუსების ჩათვლით. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ზღვა მარაგიდან, რომელიც ხალხურ პოეტურ შემოქმედებაში არის  დაგროვილი.  ნებისმიერ ფორუმელს შეუძლია ამ მარაგის შევსება ჟამთა ვითარებაში გადარჩენილი მსგავსი ჟღერადობის ხალხური ლექსით!