ინტერნეტ.ჯი

2012-09-22 10:47:23
საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენი დაეშვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების ვერტმფრენი დაეშვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის მახლობლად."უკანასკნელ ხანებში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ ხაზთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხრიდან მიმდინარეობს შეტევითი შეიარაღების კონცენტრაცია და, შესაბამისად, იზრდება პროვოკაციის საფრთხეც. ამის დასტურია დღევანდელი ინციდენტი, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალების ვერტმფრენი დაეშვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის მახლობლად.საგარეო სამინისტრო მკაცრ პროტესტს გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სასწრაფოდ შეწყვიტოს შეიარაღების გადასროლა და ძალების კონცენტრირება ოკუპირებულ რეგიონებში.როგორც საქართველოს საგარეო სამინისტრო აცხადებდა, შემთხვევითი არაა მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წვრთნების „კავკაზ-2012"-ის მიმდინარეობის დამთხვევა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდთან. მართლდება პროვოკაციების ზრდის შესაძლებლობის შესახებ ჩვენი ვარაუდებიც.საგარეო საქმეთა სამინისტრო მოახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს უცხოელი პარტნიორების სასწრაფო ინფორმირებას რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, რათა მათ ოფიციალურ მოსკოვს აუწყონ ამგვარი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.