გიორგი ჩხაიძე

2010-12-30 14:34:45
"არჩევნების შემდეგ, ზურაბ ნოღაიდელთან აღარანაირი შეხება არ გვქონია"

ხმები იმის შესახებ, რომ კონსერვატიული პარტია კახა კუკავამ და სხვა წევრებმა დატოვეს და ახალი მოძრაობა დააფუძნეს, მართლდება. ეს ინფორმაცია ახლად დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფალი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა მიმი გაბრიჩიძემ დრონი.ჯი-სთან საუბრისას დაადასტურა.

–რა მოხდა რეალურად და რა გახდა თქვენ მიერ კონსერვატიული პარტიის დატოვების მიზეზი?

– გიდასტურებთ, რომ მე და კახა კუკავამ დავტოვეთ კონსერვატიული პარტია, თუ რა გახდა ამის მიზეზი, თავად კაკა კუკავა გააკეთებს განცხადებას ცოტა მოგვიანებით, ჩვენ შევქმენით ახალი პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველო", დამფუძნებელთა რიგებში ასევე არიან, ოთარ ჭითანავა და მიხეილ ამაშუკელი. თუმცა, ჩვენი მოძრაობა კვლავ განაგრძობს ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობას.

– რა იქნება ახალი მოძრაობის ძირითადი პრიორიტეტები?

– ჩვენი ძირითადი მიზანი ამ ეტაპზე არის გავფართოვდეთ რეგიონებში, განსაკუთრებით ახალციხის და მარნეულის რაიონებში, რაც ყოველთვის პრობლემატიურია, მოგეხსენებათ, რომ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რეალურად ამ რეგიონებში არ გვყავდა დასაყრდენი ეს გახდა კიდევაც დამარცხების მიზეზი

ვაპირებეთ ამ კუთხით აქტიურად მუშაობას, რომ მომზადებულნი შევხვდეთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ ვყალიბდებით ისეთ ძალად, რომელიც რევოლუციური გზით არ აპირებს ბრძოლას. მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით შევეცდებით მიხეილ სააკაშვილის დამარცხებას.

– როგორც აღნიშნეთ, რეგიონებში აპირებთ გასვლას და აქტიური პოლიტიკური მოქმედებების დაწყებას, დამეთათხმებით ამისთვის დიდი ფინანსებია საჭირო, საიდან ელის “თავისუფალი საქართველო” დაფინასებას?

– ჩვენი ყველანაირი ფინანსური მხარე იქნება გამჭვირვალე, ვაპირებთ ყველა ბიზნესმენს თხოვნით მივმართოთ, რომ ვისაც არ მოსწონს ეს რეჟიმი, გვერდში დაგვიდგეს.

– და ფიქრობთ, რომ ბიზნესმენები გაბედავენ თქვენთვის დახმარება აღმოჩენას?

– გვესმის, რომ ძალიან რთულია დღევანდელი რეჟიმის პირობებში, ბიზნესმა დახმარების ხელი გამოგვიწოდოს, თუმცა, ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რადგან ყოველთვის არსებობებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ ეპუებიან არსებულ მდგომარეობას. დღეს კი ჩვენი მოძრაობა მხოლოდ შემოწირულებების ხარჯზე არსებობს.

– როგორ საგარეო პოლიტიკურ კურს აირჩევს თქვენი მოძრაობა?

– ჩვენი მოძრაობა მიმართული იქნება როგორც დასავლეთისაკენ, ასევე რუსეთისაკენ. ყველასათვის ნათელია, რომ რუსეთის გარეშე ჩვენ ტერიტორიულ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, ასევე საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის რუსული ბაზარი. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ როგორმე დავიბრუნოთ ადგილი რუსულ ბაზარზე.

– არ შემიძლია არ გკითხოთ, ბადრი ბიწაძის მიერ კომპრომატების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ცნობილი ხდება, რომ ის ახალი მტკიცებულებების გამოქვეყნებას აპირებს ახლო მომავალში.

– ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეული და არასასიამოვნო თემაა, სანამ მტკიცებულებები არ დაიდება, ამას სერიოზულად ვერ ვუყურებთ. პირადად ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები შეურაცხყოფილნი ვართ, რადგან ყინვაში, თოვლსა თუ წვიმაში ვიდექით ლევან გაჩეჩილაძის გვერდით და მასთან ერთად ვიბრძოდით ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ლევანზე, ჩვენ ერთი მთლიანი ორგანიზმი ვიყავით. ბადრი ბიწაძის მიერ გამოქვეყნებული მასალები არის ოპოზიციის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი.

– ეროვნული საბჭოდან ნოღაიდელის გარიცხვასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, გაწყვიტეთ თუ არა ზურაბ ნოღაიდელთან ყველანაირი კავშირი ?

– მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ ერთად ვიყავით წარდგენილნი, თუმცა არჩევნების შემდეგ, აღარანაირი შეხება არ გვქონია ზურაბ ნოღაიდელთან და მასთან ყველანაირი ოფიციალური კავშირი გავწყვიტეთ.

–და ბოლოს, როგორ ხვდებით ახალ 2011 წელს და რა მიზნებს ისახავთ კურდღლის წელიწადში?

_ მინდა გითხრათ, რომ 31 დეკემბერსას არ შევწყვეტთ მუშაობას და ალბათ სამი იანვრიდან ახალი ძალებით და შემართებით შევუდგებით საქმიანობას. 2011 წელი იქნება ჩვენი მოძრაობის პროფესიონალებით დაკომპლექტების და მზადების წელი. Mმინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და დრონი.ჯის საშუალებით მივულოცო ჩვენს ერს დამდეგი შობა-ახალი წელი და შევპირდეთ რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა თავისუფალ და გაერთინებულ საქართველოში იცხოვრონ.