droni.ge

2012-11-17 21:10:37
ფილიპ გორდონი: მშვიდობიანად გადაცემულმა ხელისუფლებამ ბალანსი არ უნდა დაარღვიოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი საქართველოში ვიზიტის ბოლო დღეს ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემად ისევ ბოლოდროინდელი დაკავებები და პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთდამოკიდებულება იქცა.

ფილიპ გორდონმა აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის არსებობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი ისევ პრეზიდენტია, ხოლო ახალ ხელისუფლებას მოუწევს ძალიან მგრძნობიარე იყოს იმასთან დაკავშირებით, როგორ აღიქვამს საზოგადოება ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებს:

“უნდა გვახსოვდეს, რომ მართალია ახალი მთავრობაა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია. მოვუწოდებ მათ, რომ იმუშაონ ერთმანეთთან. არ მოემსახურება საქართველოს ინტერესებს, თუ საერთაშორისო თანამეგობრობას დარჩება შთაბეჭდილება, რომ აღიარებული თამაშის წესების პირობებში, მშვიდობიანად გადაცემულმა ხელისუფლებამ ბალანსი დაარღვია.

სწორედ ამ ბალანს უნდა გაუსვას ხაზი ახალმა მთავრობამ - ადამიანები უნდა წარდგნენ კანონის წინაშე თუ დარღვევები აქვთ, მაგრამ არ უნდა დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორება", - განმარტა ფილიპ გორდონმა.სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ახალ ხელისუფლებას მოუწოდა, ძალიან მგრძნობიარე იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება საზოგადოებამ აღიქვას.

"ამჟამინდელი საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ძალიან მგრძნობიარე იმ აღქმის მიმართ, რაც შეიძლება დაკავებების პროცესს მოჰყვეს, რომ ეს არის ანგარიშსწორება მტრების მიმართ და არა კანონის აღსრულება. თუ დავინახავთ, რომ ადამიანების დიდ ჯგუფს აპატიმრებენ არაგამჭვირვალე გარემოში და არ არის ახსნილი - თუ რატომ, არ არის მტკიცებულება წარმოდგენილი და დაცვისთვის არ არის შესაბამისი შესაძლებლობა მიცემული, ერთი სიტყვით ეს ატარებს პოლიტიკური ანგარიშსწორების ხასიათს, ეს არ მოემსახურება საქართველოს ინტერესებს", - აღნიშნა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.