ირმა აზმაიფარაშვილი

2010-01-16 20:18:24
პუტინმა ლევან გაჩეჩილაძეც დაიბარა?

ლევან გაჩეჩილაძეს კომბლედ ყოფნა სურს, ძროხა უნდა დავიბრუნოო. ეჰ, ბატონო „გრეჩიხა“, დაგაგვიანდათ, კომბლე უკვე ჰყავს ქართულ პოლიტიკას და ძროხაც კი.

ყოფილ ტელე-ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას კი პოლიტიკაში მოსვლა სურს, „ტოპკებსაც“ თვითონ აგდებს და უკან „პადაჩას“ რომ არ უბრუნებენ, თავადვე „აგდებს უტკებს პრესაში“: „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ ვიყრი კენჭს და ჩუღურეთის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარადო. აშკარად დრონი მეფობენ და არა - ინგანი!

2010 წელს ქართული პოლიტიკა საინტერესოდ იწყება. ზურაბ ნოღაიდელი რადიო „ჰერეთში“ გულის გადაშლით ჰყვება, რომ ქართული ოპოზიციის მარგალიტები პუტინის კარზე ჩუმ-ჩუმად დადიან და თვითონ – ყველას დასანახად.

ჯერჯერობით ნოღაიდელმა თინა ხიდაშელი დაასახელა. ეს ალბათ უფრო შავ პიარზე გათვლილი გეგმა იყო, ირაკლი ალასანიას „ალიანსი“ ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც ურყევად არ უერთდება კუკავა-ძიძიგურის პრაიმერის იდეას. იდეას, რომელიც ნოღაიდელის ქვაბში იხარშება და კრემლში, პრიმაკოვის სამზარეულოში შეკმაზავენ.

„რესპუბლიკელი“ ლევან ბერძენიშვილისთვის მიუღებელია, როცა დიდ პოლიტიკაზე „დიდი გრეჩიხა“ საუბრობს. ერთხელ ბერძენიშვილმა ლევან გაჩეჩილაძესა და გოგა ხაინდრავას პირდაპირ ტელევიზიიდან გაურჩია საქმე, უპარტიო ლიდერები დიდ პოლიტიკაზე ნუ მელაპარაკებით, ჯერ პარტიები შეიქმენითო.

ამის მერე იყო, ლევან „გრეჩიხამ“ რომ „დაიცავი საქართველოს“ მკვდრადშობილი მოძრაობა შექმნა, რომელშიც ჩამოყალიბებამდე რღვევა დაიწყო.

პატარა „გრეჩიხამ“ კი ამერიკის საელჩოს მიაშურა, ვიზა მომეცითო. ამერიკის საკონსულომ „უცნობს“ უარი სტკიცა, სამაგიეროდ, ძმები გაჩეჩილაძეებისთვის მეორე გზაც არსებობს, ეს გზა კრემლზე გადის.

ლევან გაჩეჩილაძემ უკვე განაცხადა ერთგან, სააკაშვილს შევხვდი და პუტინს რატომ არ უნდა შევხვდეო?! Eეს რიტორიკული შეკითხვა არ გეგონოთ, ლევან გაჩეჩილაძე, „დრონი. ჯი“-ს წყაროს ცნობით, აპირებს პუტინის კარზე წასვლას.

ახლა ოპოზიციაში მარათონია გამოცხადებული - ვინ მეტჯერ წავა-წამოვა პუტინის კარზე და ვინ რამდენს ჩამოიტანს რუსეთიდან. „დაღლილ ვირს“ აშკარა კონკურენტები გამოუჩნდნენ და „ვირიც“ ანერვიულდა.

ნოღაიდელი მალე კრემლის ოპოზიციონერ აგენტებსაც დაფქვავს და კიდევ სხვა საინტერესო ამბებსაც. თინიკო ხიდაშელის ხსენებაზე „ეს წითელი ალამიც თინამ გააფერადაო“, შემოგვითვალა ფარგლებს გარეთ მყოფმა ნოღაიდელმა რადიოდან.

გამორიცხული არაა, ნოღაიდელმა ბურჯანაძეზეც ააფრიალოს მასალები. გააჩნია, რა პოზიციებს დაიკავებს „ფქვილის დედოფალი“ პრაიმერთან მიმართებაში. ბურჯანაძე ჯერჯერობით პრაიმერზე უარს აცხადებს, მოტივაციით, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს. ეს დაახლოებით ის ვარიანტია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არც მწვადს წვავს და არც - შამფურს.

კუკავა კი უკვე ევაჭრება ნოღაიდელს პრაიმერის თანხებზე, დაფინანსება ოფიციალური გათვლებით, 20 000-მდეა, თუმცა არაფიციალურად უფრო მეტ ფინანსებზეა საუბარი.

კუკავა რის კუკავააა, თუ გემრიელად არ „მოკუკნა“ ნოღაიდელის ფინანსები, დავითაშვილს კი –„ნავერტილე“ რომ უყვარს და ფული საარჩევნო სიებისთვის, კადრებშიც ვიხილეთ (შიმშილობის დროს კინო „რუსთაველის“ საპირფარეშოში „ფიჩინის“ მირთმევაც ჰყვარებია).

სხვათაშორის, რუსეთში ხშირად მოსიარულეთა შორის კუკავაც სახელდება. ჯერჯერობით ამის ღიად დასახელება ნოღაიდელის ინტერესებში არ შედის.

თუმცა არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. რუსეთში ხშირად თემურ შაშიაშვილიც დაიარება, ის ძასოხოვის მეგობარია. როგორც „დრონი. ჯი“-ს ინფორმატორი იტყობინება, თემურ შაშიაშვილის გადაცემის („ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“) დაფინანსება, რომელმაც ე.წ. მთავრობის გასამართლების ინსცენირება უნდა მოაწყოს ტელეკომპანია „მაესტროში“, სწორედ გოჩა ძასოხოვის სახელს უკავშირდება.

მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი რომ რუსეთში დაიარება და მედვედევისა და პუტინის კარის ცნობილ რუს წარმომადგენლებს ხვდება, თავადაც არ მალავს სხვადასხვა ინტერვიუებში.

თუმცა, ნოღაიდელი უფრო სხვა მიმართულებით იმუქრება. როგორც კულუარებში მისი გამოსვლის შემდეგ გაჟღერდა, ნოღაიდელი „ეროვნულ ფორუმზე“, „მრეწველებსა“ და კიდევ რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტებზეც ყოფილა გულდათუთქული.

ყოველკვირეულ გაზეთი „დრონი.ჯის“ 11 იანვრის ნომერი