თამარ გუჩუა

13.09.2011
ხიდების შიში

 სექტემბერში დავიბადე, თუმცა ახლა ამაზე სულაც არ ვწერ, მითუმეტეს, რომ დაბადების დღეები არ მიყვარს - კალენდარული დღესასწაულები, რომელიც მაიძულებს, კარგ განწყობაზე ვიყო. არაფერი არ მიყვარს, რაც რაიმეს მაიძულებს, მითუმეტეს განწყობას. არადა ცხრა წლამდე მიყვარდა. ადრე რაღაცნაირად ფერადი და სხვანაირი იყო. იმ სექტემბრამდე, სანამ აფხაზეთს დავტოვებდით. მაშინ ცხრა წლის ვხდებოდი. სახლში  სუფრა კი გამიშალეს, მაგრამ არ ჩანდნენ სტუმრები  - მოსალხენად არავის ეცალა და ძველებურად არც არავის გავხსენებივარ. იმ დღეს არც პიანინოზე დაკვრა უთხოვია ვინმეს და არც მე განმიცდია შეზარხოშებული და აცეკვებული უფროსებისგან მოსმენილი ქებით გამოწვეული თვითკმაყოფილება. მთელი დღე, საათობით ვიდექი ფანჯრის მინაზე ცხვირმიჭყლეტილი და ვუყურებდი  წასასვლელად აბარგებულ ადამიანებს - ცნობიმოყვარეობა მკლავდა. ის იყო, დროდადრო ცაზე წითელი ბურთები თუ გადაიფრენდნენ ხოლმე და მეც ხალისით ვითვლიდი მათ. მინდოდა, რაც შეიძლებოდა, ბევრი ყოფილიყო. მაშინ არ მესმოდა, რომ ის „წითელი ბურთები“ სოხუმს და მიმდებარე ქალაქებს ბომბავდნენ, თურმე... შიგადაშიგ მინები მსხვრევით ეცლებოდნენ ფანჯრის ჩარჩოებს,  რომლებიც დაღამებულზე,  სიცივისგან თავდასაცავად, მუშამბებით იჭედებოდნენ და მერე უკვე გარეთ გასახედიც აღარ იყო. ასე დაბურულ ოთახში სიმყუდროვეც მომწონდა, მეგონა, ვისაც ასეთი ფანჯრები გვქონდა, ყველანი უსაფრთხოდ ვიყავით. იმ ღამით მშობლების მიერ გაღვიძებაც მახსოვს და კიდევ ის, რომ ძალიან, ძალიან ციოდა. უფროსებს ეგონათ, რომ საზღვრისპირა სოფელში სტუმრად წასვლა რამდენიმე დღეს თუ გასტანდა მხოლოდ:  გვისტუმრებდნენ ბავშვებს და ქალებს. დედამ რამდენიმე ძვირფასი ნივთის წამოღება გადაწყვიტა, მამამ იუარა: სახლში არაფერი არიოთ, ხელი არაფერს ახლოთ, ყველაფერი წესრიგში დამიტოვეთო. და ასეც დავტოვეთ: ლოგინი - გასწორებული, სახლი - დალაგებული. მე ჩემი თოჯინების გარეშე წასვლა გავაპროტესტე და ავიბარგეთ  ჩვენც: ცოტა თბილი ტანსაცმლით და დიდი ფუთა სათამაშოებით. ასე ჩავდექით აფხაზეთიდან წამსვლელთა გრძელ ჯაჭვში. ენგურის ხიდზე ავტომობილების კოლონა კუს ნაბიჯებით მიიწევდა წინ, ერთ ადგილას მანქანაში საათობით ჯდომა აუტანელი იყო, ამიტომ დედამ ხელი ჩაგვკიდა მე და ჩემს პატარა დას და მთელი ხიდი ასე გამოვიარეთ, ფეხით. მას მერე კარგა ხანს გამყვა ხიდების შიში. მეგონა, რომ ენგური ამდენს ვერ გაუძლებდა და ყველას ერთად წყალი წაგვიღებდა. ასე გავხდი იმ დღეს დევნილი, ასე გახდა სექტემბერი  დაკარგვისა და დატოვების სიმბოლო. --------- მაშინ, როგორც ბავშვს,  გულწრფელად მჯეროდა, რომ სადაბადებისდღეო ტორტზე ანთებულ სანთლებს მართლა შეეძლოთ ჩაფიქრებული სურვილების ახდენა. მჯერა თუ არა ახლა? მაშინ ცხრა წლის ვიყავი, ახლა უკვე სამჯერ დიდი ვარ.