ლელას ბლოგი

31.10.2016
9 ცხოვრებისეული გაკვეთილი 30 წელს მიტანებული ქართველი ქალისგან

დღეს უკვე ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა რეჯინა ბრეტმა, 16 წლის წინ ძალიან მაგარი სტატია დაწერა, რომელშიც მკითხველს ცხოვრებისეულ რჩევებს აძლევდა. სტატიის გამოქვეყნებამდე რეჯინამ და მისმა რედაქტორმა მარკეტინგული გათვლა გააკეთეს, ისინი მიხვდნენ, რომ საზოგადოება 45 წლის რეჯინას ისეთი გულისწყურით არ მოუსმენდა, როგორც მაგალითად ცხოვრებაში მრავალჭირნახულ 90 წლის მოხუცს, ამიტომ სტატიის უკეთ გაყიდვის მიზნით, მკითხველი მოატყუეს და დაწერეს, რომ რეჯინა ბრეტი 90 წლის ბებო იყო. ამ ხერხმა გაამართლა, სტატია იმდენად პოპულარული გახდა, რომ მოგვიანებით მსოფლიოს 26 სხვადასხვა ქვეყანაში გამოიცა. (2014 წელს ის სპეციალურად დრონი.ჯის მკითხველისთვისაც ითარგმნა ქართულად) მე ძალიან მომწონს, უფრო მეტიც, მიყვარს რეჯინა ბრეტის ეს სტატია, მაგრამ მაინც არ ვაპირებ მივბაძო მას და დაგიმალოთ ჩემი ასაკი. მე 30 წელს მიტანებული ქალი ვარ და მე მჯერა, რომ: პირველი და აუცილებელი რაც ამ ასაკში უნდა გააკეთო ეს არის შენს წლებთან გათანაბრება. ასაკს არც უნდა ჩამორჩე და არც უნდა გაასწრო. ჩვენი ცხოვრების ყოველ წელს, თავისი მხოლოდ პლიუსები და მინუსები კი არა მიზნები და მოვალეობები აქვს.  დატკბი პლიუსებით, დაიკიდე მინუსები, გადადგი ნაბიჯები მიზნებისკენ და პირნათლად შეასრულე მოვალეობები. ჩემი მეორე რჩევა ოდრი ჰეპბერნისგან ნასესხები სიტყვები იქნება, თუმცა ამ სიტყვებს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ჩემი უამრავი ნაცნობის მონოლოგებზე დაკვირვების შედეგად გამოტანილი დაკვნებით დაგისაბუთებთ. თუ გსურთ ამოიცნოთ ადამიანი, დაუჯერეთ ოდრის, ის ამბობდა, რომ ჩვენ ბევრად მეტის გაგება შეგვიძლია ადამიანზე იმის მიხედვით თუ რას ამბობს ის სხვებზე, ვიდრე იმით თუ რას ამბობენ მასზე სხვები. მე კი გეტყვით, რომ დაკვირვებული ვარ, ადამიანი სხვაში ხედავს/ეჩვენება: იმ ცუდს, რაც სინამდვილეში მისივე ხასიათში ზის და იმ კარგს რომელიც უნდა, რომ თავად ქონდეს. მესამე რაზეც მინდა გესაუბროთ ეს არის ომი, და მე არ ვგულისხმობ ჰიტლერის, ნაპოლეონის ან 2008 წლის აგვისტოს ომს. მე ვგულისხმობ ომს რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას ახლავს. ომი ტანკებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე, მაგრამ მაინც ომი, ომი ერთმანეთთან, ომი სახელის, ომი ძალაუფლებისა და ფულის გამო. ჩვენი პატარა, პირადი ტერიტორიების დაცვის ან გაფართოებისთვის გამართული ომი. წესი პირველი - არ დაიწყოთ ომი! რადგან ნამდვილი გამარჯვება, მოგებული ომი კი არა მისი თავიდან აცილებაა. (ესეც არაა ჩემი სიტყვები, მაგრამ ავტორს ვერ ვისხენებ, დაგუგვლა მეზარება, თქვენით ქენით) და თუ ომი გარდაუვალია, გადადეთ ის ხვალისთვის და გაწელეთ ხვალის დადგომა მაქსიმალურად. ზუსტად ვიცი, ომის ადრე წამოწყება არც მოგების და არც მისი ადრე დასრულების გარანტიას არ იძლება. თუ ომი მართლაც გარდაუვალია, სჯობს ის მოწინააღმდეგემ წამოიწყოს. პირველ რიგში იმიტომ, რომ თავდამსხმელს საზოგადოებრივი აზრი არ სწყალობს და მას ყოველთვის იმაზე ნაკლები მხარდამჭერი ეყოლება ვიდრე თქვენ. მხარდამჭერებს კი ომში დიდი ფასი აქვთ. გიმეორებთ, არასოდეს დაიწყოთ ომი, პრიორიტეტად გაიხადეთ მისი თავიდან აცილება, მაგრამ ყოველთვის, ყოველ წამს მზად იყავით მისთვის. მოაგროვეთ კოზირები და იმ შემთხვევაში თუ ცხოვრებამ ამ ომში კოზირები არ გარგუნათ, ითამაშეთ ჭკვიანურად. გახსოვდეთ ჯოკრის მარტივი წესები, დარიგების ბოლოს, როცა ყველას მხოლოდ ერთი კარტიღა უჭირავს ხელში, როცა ყველა კოზირი გასულია, შესაძლოა 7იან გულმა ორი შავი ტუზი წაიღოს. მეოთხე და ყველაზე მთავარი, არის ის რომ დარჩე ადამიანად. ისევ ფეისბუქზე წაკითხულ ფარაზას მოვიშველიებ და გირჩევთ, როდესაც არ იცით როგორ უნდა მოიქცეთ, მოიქეცით ადამიანურად. ეს ყველაფერს ეხება, მარშუტკაში ასაკით უფროსი ქალისთვის ადგილის დათმობას, ქუჩაში უცხო ბავშვისთვის ღიმილის ჩუქებას მაშინ როდესაც ღიმილის ხასიათზე არ ხარ, მაგრამ ძალას პოულობ, რადგან არ გინდა ამ ბავშვის სამყაროში მცხოვრებ ცისარტყელას შენი გაბრაზებული და დეპრესიული სახით შავი ფერი მიახატო. ყველაზე მეტად კი ადამიანად დარჩენა სხვა ადამიანების დახმარების გზით მიიღწევა. შეიძლება გენანება, შეიძლება გეზარება, არ გემეტება, გგონია, რომ არ იმსახურებს, მაგრამ გააკეთე ეს საკუთარი თავისთვის და არა მისთვის. სიკეთე პირველ რიგში მის გამკეთებელს აბედნიერებს და ზოგჯერ მგონია მადლობას მაშინ უნდა იხდიდე როცა ვიღაც გაძლევს შანსს გააკეთო რაღაც კარგი და არა მაშინ როდესაც კარგს შენთვის აკეთებენ. მეხუთე და ძალიან მნიშვნელოვანი რასაც მივხვდი 30 წელს მიღწეულის სტატუსამდე მოსასვლელი გზის გამოვლის შემდეგ, ეს გახლავთ ის რომ იღბალი არ არსებობს. ეს ცნება იმათმა მოიგონეს ვინც საკუთარ თავს უიღბლოებს ეძახიან. სინამდვილეში არსებობს შრომა და არსებობს კარმა. წარმატებას აღწევს ის ვინც კარგად და სწორად იშრომა ან ის ვისაც სუფთა კარმა აქვს. დიახ, კარმა, ოღონდ გამათბობელი კარმა არა, მე მისტიურ კარმაზე გესაუბრებით. არც ჰიპი ვარ და არც ინდური რელიგიის მიმდევარი (ჰიპებიჩემი აზრით, უბრალოდ ზარმაცი ხალხია. ინდოეთთან კი მხოლოდ არც ისე გენიალური, მაგრამ მაინც ბესტსელერად ქცეული წიგნი „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ მაკავშირებს, რომელიც მხოლოდ ნახევრამდე წავიკითხე, ლოცვის პერიოდმა დამღალა და მივაგდ წიგნი) მაგრამ კარმის ცნება ძალიან მომწონს, მიყვარს და მწამს. მჯერა თუ ამ პოსტის მეოთხე პუნქტს ზედმიწევნით შეასრულებ, შენი კარმა სუფთა იქნება, სუფთა კარმა კი ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების საწინდარია. ეს მეხუთე პუნქტი რაღაც ბავშვური კი გამოვიდა და მაგრამ მენდეთ, კარმა არსებობს! მეექვსე თემა, რომლსაც უნდა შევეხო ეს არის მეგობრობა და ზუსტად ვიცი ჩემი მეგობრები გაოცდებიან, იმის გამო რომ ეს ცნება პოსტის თავში  არ მოექცა, რადგან იციან, ჩემი გულისა და გონების საპატიო ადგილას წერია მათი სახელები. თუმცა არ იციან, რომ წინამორბედი მოსაზრებების შესიხლხორცების გარეშე, მე ვერ მივხვდებოდი სად რა უნდა დამეწერა ჩემს გულსა და გონებაში. მეგობრების შესახებ კი გეტყვით ერთს, ცდებით თუ გგონიათ, რომ მეგობარს არა აქვს უფლება რაიმე შეეშალოს ან რაიმე არასწორად გაიგოს. სინამდვილეში მეგობარი არის ის ვისაც ეშლება, მაგრამ შეცდომის გამოსწორების სურვილი და უნარი აქვს. მეგობარი ის არის ვინც შეიძლება ვერ გაგიგოს/ვერ გაუგო დღეს, მაგრამ ამ გაუგებრობის გამო არ წავა და არ მიგატოვებს, დარჩება შენთან და ღიმილით დაელოდება დღეს როდესაც ორივენი ერთად გაიცინებთ ყველაფერ იმაზე რას ამბობდით და რა გესმოდათ მაშინ როდესაც გზების გაყოფის მიზეზი იყო, მაგრამ მაინც ერთ ბილიკს დაადექით. სანამ მეშვიდე პუნქტზე გადავალ გეტყვით, რომ ვიცი ახლა რასაც ფიქრობთ, 835 სიტყვა დაწერა და არც კაცი უხსენებია, არც სიყვარულიო. თანაც უკვე თითქმის 30 წლისაა და იმის ნაცვლად, შვილს პამპერსებს უცვლიდეს, ზის და სისულელეებით აჭრელებს ვორდის დოკუმენტსო. ეს უეჭველი ფემინისტიაო. არა მეგობრებო, ფემინიზმისგან ძალიან შორს ვარ, კაცებიც მიყვარს და სიყვარული თუ არა მისი მსგავსი რაღაცეები ნამდვილად გამომიცდია, უბრალოდ ეს თემა ბოლოსთვის შემოვიტოვე. ხოდა, რას ვეტყოდი ქალებს კაცებთან დაკავშირებით? ყველა კაცი ერთნაირი არ არის!!!! მაგრამ ყველას აქვს ერთი საერთო თვისება, კერძოდ კი ის, რომ ყველა კაცი შორს დგას ჩვენს გონებაში არსებული იდეალისგან. მათი არაიდეალურობა კი ხშირად არის ჩვენი გულისტკივილისა და ამასთანავე მათი კომპლექსების მიზეზი. არაიდეალურობისგან გულნატკენ ქალს, ორი არჩევანი აქვს, წასვლა ან დარჩენა. გულისტკივილის შემდეგ დარჩენა უთავმოყვარეობად მიმაჩნია, უთავმოყვარეობის ზომა და ფორმა გულისტკივილის ფორმისა და ზომის მიხედვით განისაზღვრება და მისი ტოლია, ზუსტად ისევე ტოლი როგორც ფუძესთან მდებარე კუთხეების გრადუსული ზომა ტოლფერდა სამკუთხედში. ახლა უთავმოყვარეობისა და გულისტკივილის ტოლობაზე ასეთი ტონით საუბრის გამო ნუ გადაწყვეტთ, რომ მე არასოდეს ვყოფილვარ უთავმოყვარეო, ვყოფილვარ! ვყოფილვარ და კარგად ვიცი რა ცუდია შეგრძნებაა და ამიტომაც გირჩევთ, თქვენ ნუ იქნებით ასეთები. მარტივი არც მეორე არჩევანი გახლავთ, მიდიხარ/უშვებ და გრჩება სიცარიელე, მაგრამ თუ წინასწარ დაიზღვევ თავს, ყველაფერი მარტივია. როგორ? არასოდეს მისცეთ საკუთარ თავს უფლება, რომ რაღაც ერთი, ამ შემთხვევაში მამაკაცი, თქვენი ცხოვრების მთავარი აზრი და სიხარული იყოს. მისი წასვლის შემდეგ თქვენ აღარაფერი დაგრჩებათ. გახადეთ თქვენი ცხოვრება მრავალფეროვანი. გაამდიდრეთ ინტერესებით, სიხარულისა და ბედნიერების წყაროებით და ამ სიმრავლიდან ერთი კომპონენტის გამოკლებით შესაძლოა მისი არყოფნა ვერც კი შეამჩნიოთ. მერვე რჩევაც მამაკაცებს ეხება. (ხომ გითხარით, არ ვარ კაცთმოძულეთქო) წეღან გითხარით იდეალური მამაკაცები არ არსებობენთქო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობენ პრინცები. ზუსტად ვიცი არსებობენ და თანაც მრავლად. აი კონკიას ზღაპრის კი ნამდვილად არ მჯერა. კონკიებს მხოლოდ მაშინ უმართლებთ, როცა პრინცი მთვრალია, ბრიყვია ან რაიმე სხვა მსგავსი მიზეზით „ბრაკი“ გახსოვდეთ პრინცის გვერდით, აუცილებლად უნდა იდგეს პრინცესა. წინააღმდეგ შემთხვევაში რა მოხდება იცით? გაიხსენეთ ინგლისის პრინც ედვარდისა და უოლის სიმპსონის ისტორია. ქალბატონი სიმპსონი პრინცზე კი გათხოვდა, მაგრამ ამ ქორწინების გამო მის პრინცს ჯერ მეფობაზე უარის თქმა მოუწია და მერე საკუთარი ქვეყნიდანაც კი გააძევეს. თავისზე დაბალი რანგის ქალი კაცს ახუნებს და ფასს უკარგავს. თუ გინდათ გახუნებული კაცის გვერდით ყოფნა, მიდით დაათვრეთ, გააბრიყვეთ, არაა პრობლემა. და ბოლოს ჩემი მეცრხე რჩევა - ყოველთვის მიმართეთ იმპროვიზაციას, ეს თქვენს ცხოვრებას საოცარ ხალისს შეჰმატებს და ბევრად უფრო საინტერესოს გახდის. პ.ს. ორი წლის წინ ამ ბლოგის წარმოება ამ პოსტის მსგავსი ჩანაწერით დავიწყე და ახლა, ორი წლისა და 22 პოსტის შემდეგ, გემშვიდობებით იგივე სტილით როგორც მოგესალმეთ. ეს რედაქტორის ბლოგის ბოლო პოსტია და იმედი მაქვს თქვენს მოწონებას დაიმსახურებს.