კრისტინე რომანაძე

18.10.2016
ნახევარქვეყანა

იყო ერთი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. აი, ისეთი, ზღვა რომ გულს გითბობს და მთა გიგრილებს. აი, ასეთი ვარაზი რომ სხვაგან არ არის და კიდევ სულო, გულო... ძველად, ჯერ კიდევ აიეტის დროს, ზღვა უფრო დიდი ყოფილა და უფრო ზღვაობდა. მერე გაბრაზებულა და ჯერ ვანი მიუტოვებია, მერე სხვა ქალაქები, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიმეტა და პატარა ადგილი დაიტოვა თავისთვის. კარს, რომ ბოლომდე არ ხურავენ, იქნებ დავბრუნდეო. დროდადრო ზღვა ადიდდება, აღელდება და ცდილობს ძველ ადგილს დაუბრუნდეს, მიტოვებული მოინახულოს, მაგრამ მალევე მშვიდდება, რადგან ის მიწა, ზღვა, რომ გულს გითბობს და მთა გიგრილებს, ისე დაპატარავებულა, ისე მილეულა, ოდესღაც ღიად დატოვებული კარი ჯერ მოაჯირებით გაუმაგრებია, მერე კიდევ კენჭები მიუყრია საშვილიშვილოდ.ქვეყანა, ასეთი ვარაზი, რომ სხვაგან არ არის, ნელ-ნელა მიწამაც მიატოვა. ჯიქეთი, აფხაზეთი, ბორჩხა, არტაანი, ართვინი, საინგილო, ლორე, დვალეთი, სამაჩაბლო, ფეხქვეშ გამოეცალა ქართლოსელებს და ნახევარ ზღვა, ნახევარ მიწა, ნახევარ ქვეყანად შერჩათ საშვილიშვილოდ. დღეს, როცა ზღვა აღარ გათბობს და მთა აღარ გაგრილებს, ქართლოსელები ნახევარ ქვეყანაში ნახევრად დემოკრატიას აშენებენ. აქ ცხოვრობენ ნახევრად ადამიანები, ნახევრად ევროპული, ნახევრად ტრადიციური, ნახევრად მორალური და ნახევრად ამორალური ღირებულებებით. ისინი ნახევრად ცხოვრობენ, ნახევრად მუშაობენ, ნახევრად სწავლობენ, ნახევრად სწამთ, ნახევრად უხარიათ და ნახევარ მიწებს უცხოელებზე ასხვისებენ, სანახევროდ, რა თქმა უნდა. აქ ჩამოდიან ნახევრად ინვესტორები, აშენებენ ქარხნების ნახევარს, ამუშავებენ ქართლოსელების ნახევარს და უხდიან ნახევარს. ქართლოსელებს ნახევრად სტკივათ, რომ საკუთარ ნახევარ ქვეყანაში მონები არიან, თუმცა უხარიათ, რომ ეგეც ნახევრადაა. აქ ნახევარს სჯერა, რომ ზღვა, ადრე რომ ზღვაობდა, დაუბრუნდება ქართლოსელებს. ნახევარი კიდე მოაჯირებს აშენებს, რომ ვერ დაბრუნდეს. აქ ნახევარს ევროპელობა უნდა, ნახევარი კიდე ქართლოსურ ტრადიციულ ფესვებს მისტირის. ნახევარი ფიქრობს, რომ ნახევარ ქვეყანას აღარაფერი ეშველება, მეორე ნახევარმა ეშველებაო, მაგრამ ნახევრადაც არ იცის როგორ. აქ ყოველთვის არიან ნახევრები. ხო, ნახევარი ქვეყნის ნახევრები და იმ ნახევრების კიდევ ნახევრები. ყველა ნახევარს სჯერა, რომ ძალა ერთობაშია, მაგრამ ძალას არ სჯერა ნახევრების ერთიანობის.იყო ერთი ქვეყანა, რომელსაც ღვთისმშობლის წილხვედრს ეძახდნენ. აქ ზღვა გათბობდა, მთა გაგრილებდა და კიდევ სულო, გულო... ჯერ ზღვამ მიატოვა სანახევროდ, მერე მიწამ, მერე ადამიანების ნახევარმა. დარჩენილმა ნახევარმა კიდევ თავისი წილი სინახევრე გაიყო და ცხოვრობს ნახევარ ქვეყანა ასე, თავისი ნახევარ ადამიანებით... მხოლოდ ზღვას ახსოვს ოდესღაც მთლიანი ქართლოსელები. ზოგჯერ ადიდდება, აღელდება, იქნებ მიტოვებული დაიბრუნოს, მოინახულოს, მაგრამ ქვეყანა ისე დაპატარავებულა, მილეულა, კენჭები მიუყრია ზღვისთვის საშვილიშვილოდ. საშვილიშვილოდ, რადგან ნახევარ ქვეყანაში ნახევარ ადამიანებს ერთნაირად სჯერათ, რომ მომავალები ყოველთვის უნდა სჯობდნენ წარსულებს. ალბათ ზღვასაც სჯერა ამის ...