დემეტრე ჭინჭარაული

31.08.2011
ლიბერალები საქართველოში

 საქართველოში მკვეთრად ლიბერალური იდეოლოგია საზოგადოების ვიწრო წრეშია ჩაკეტილი. ლიბერალის სტატუსიც, უკვე წლებია, ამ წრის "კუთვნილებად" იქცა. ჩაკეტილობა, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლებად პოლიტკორექტული ტერმინი იყოს, მაგრამ რეალობას, ალბათ, ყველაზე უკეთ ასახავს. თუმცა, ეს მოვლენა, როგორც სხვადასხვა ფაქტორები მეტყველებს, უფრო საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ხდება. მიზეზი კი როგორც ქართული ლიბერალიზმის სპეციფიკა, ისე საზოგადოების ზოგადი განწყობაა.  ქვეყანაში ბევრს საუბრობენ ლიბერალიზმზე, სხვადასხვა ასპექტში. ჩვენთან განვითარების რა სტადიაშია თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის იდეოლოგიურ პარადიგმებზე დაფუძნებული იდეოლოგია, რომლის უმთავრესი ამოსავალი ადამიანის უფლებებია? რამდენად იცნობს ქართული ლიბერალიზმი იდეოლოგიის ძირითად პრინციპებს, მიმართულებებს, ფილოსოფიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ლიბერალიზმს? შეიძლება თუ არა მოერგოს ის ქართულ ტრადიციულ კონსერვატიზმს? ეს საკითხები თანამედროვე ქართულ საზოგადოებას მეტად აღელვებს, რაც მრავალგვარი ფორმის და შინაარსის მწვავე დისკუსიას წარმოშობს. დასავლურ ცივილიზაციაში ლიბერალიზმი უკვე ფართოდ ასიმილირდა სხვადასხვა სახის მოძღვრებებთან. როგორც სახელმწიფო მმართველობა ის იდეალურად თანაარსებობს წარსულში ანტაგონისტურ იდეოლოგიურ მიმართულებებთან. დასავლელი ლიბერალები ხშირად სხვა მსოფლმხედველებასთან “თანამშრომლობაზე” უარს აღარ ამბობენ. ლიბერალური ბრძოლის ფორმები კი ქართული სპეციფიკისაგან მკვეთრად განსხვავდება. საქართველოში ლიბერალის სტატუსის მქონეთა შედარებით ვიწრო წრე არსებობს, რომელიც სხვა დანარჩენთაგან განსხვავებული სამყაროა, ზოგისთვის, საერთოდ, სექტის დონეზე არსებული ფენომენია, რასაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განაპირობებს როგორც თავად ლიბერალების, ისე ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულება იდეოლოგიისა და მისი მიმდევრების მიმართ. როგორ ცხოვრობენ დღევანდელ საქართველოში ლიბერალები? საზოგადოების თვალთახედვის არეში მოქცეული იდეოლოგიის მიმდევრების ყოველი ნაბიჯი საინტერესოა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართველ ლიბერალებში გამოყოფილი დაჯგუფებები თუ ქვედაჯგუფებები მართლაც რეკორდულია. მემარცხენე ლიბერალების უმეტესი ნაწილი ნაკლებად აჟიტირებული და ცნობილია ქართულ საზოგადოებაში. მათ, ძირითადად, ვიწრო ელიტური წრე აქვთ, საკუთარი მედია, ელექტრონული გამოცემები, სადაც ღრმად იდეოლოგიზირებულ საკითხებს განიხილავენ. როგორც ცნობილია, მემარცხენე ლიბერალებს ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან მოღვაწე სოციალისტების ნაწილიც შეუერთდა. ანტაგონისტურად განწყობილი კონსერვატიულ-ნაციონალისტური საზოგადოების ძირითადი აგრესია მემარჯვენე, მებრძოლ ლიბერალებზე მოდის. მათი უმრავლესობა სხვადასხვა ცნობილ არასამთავრობო სექტორსა თუ სახელისუფლო წრეებშია გაბნეული და საზოგადოებისათვის ხილვადია. ნაწილი უფრო ღიად აფიქსირებს საკუთარ შეხედულებებს, რელიგიის, სახელწიფოს მართვის, გარკვეული ტრადიციული და დოგმატური ღირებულებების მიმართ.თუმცა, აქაც შეინიშნება ქვეკატეგორიები: ერთნი აქცენტირებულნი არიან რელიგიურ თემებზე, მეორენი - სიტყვის თავისუფლებასა და პენიტენციალურ სისტემაზე, მესამენი - ზოგადად საზოგადოებრივ ღირებულებებზე. საქართველოში ლიბერალიზმის "დალაგება", ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა. ევროპული ლიბერალიზმი კი უკვე საკმაოდ გადასხვაფერდა და ტრანსფორმირდა. ქართველი ლიბერალების მოღვაწეობა, ძირითადად, იზოლირებულია და ჩაკეტილ, კასტურ-ელიტურ ხასიათს ატარებს. "მასებში გასვლა" იშვიათად ხდება, ან ისეთი ფორმით, რაც საზოგადოებისათვის ნაკლებად გასაგები და მისაღებია. სწორედ ამიტომ განწყობა უფრო ნეგატიურია. ლიბერალი არის ის, ვინც გადის ოთახიდან მაშინ, როცა იქ ჩხუბი იწყება - ეს პრინციპი ქართულ რეალობაში ნაკლებად მუშაობს. presa.ge  http://www.presa.ge/new/?m=blogs&BAID=25&BID=103