სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თავდასხმის დროს ანქვაბი საკუთარ, აფეთქებულ მანქანაში არ მჯდარა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. როგორც "ივერონს" გალის რაიონიდან აცნობეს, ბოლო თავდასხმის დროს დე ფაქტო პრეზიდენტი საკუთარ მანქანაში არ მჯდარა.

"დე ფაქტო პრეზიდენტის ესკორტი რამდენიმე მანქანისგან შედგებოდა. გზაში ანქვაბი დაცვის მანქანაში გადაჯდა, რომელიც მის მანქანას უკან მიყვებოდა. ასე, რომ, თავდამსხმელებმა ის მანქანა ააფეთქეს, რომელშიც ანქვაბი არ მჯდარა", - განუცხადა "ივერონს" წყარომ და დასძინა, რომ გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ანქვაბის ნათესავი იყო.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო პრეზიდენტზე თავდასხმა 22 თებერვალს, დილით განხორციელდა. ანქვაბის ავტომობილს გუდაუთის ტერიტორიაზე ავტომატური იარაღიდან მაშინ ესროლეს, როდესაც დე ფაქტო პრეზიდენტი სამსახურში მიდიოდა. მისი დაცვის ორი წევრი - რემზიკ ცუგბა და თენგიზ ფანდარია მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ანქვაბზე უკვე მეექვსე თავდასხმაა, მაგრამ პირველია მას შემდეგ, რაც ის დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა. ორი თავდასხმა 2005 წელს მოხდა, ერთი – 2007 წელს, როდესაც ანქვაბის ჯიპს გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნთან ჭურვი ესროლეს. ანქვაბმა მაშინ მსუბუქი კანტუზია მიიღო და ზურგი ჭურვის ნამსხვრევებისაგან დაეკაწრა. 2010 წელს კი ჭურვები მის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. ამ თავდასხმის დროს ანქვაბი არ დაშავებულა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100