სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი ევროსასამართლომ დაშვებულად ცნო

საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მეორე სახელმწიფოთაშორისო განაცხადი ევროპულმა სასამართლომ დაშვებულად ცნო.

განაცხადი ეხება 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებსა და შემდგომ ოკუპაციის დროს უშუალოდ რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების წევრების მიერ რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე ჩადენილ კონვენციის მეორე მუხლის დარღვევას, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხება, ასევე, მესამე მუხლის - წამების, არაადამიანური ღირსების შელახვა და მოპყრობა, მეხუთე მუხლის- თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, მერვე მუხლის – პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, მეცამეტე მუხლის - სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება და მეოთხე დამატებითი ოქმის დარღვევას, რომლის მეორე მუხლი გადაადგილების თავისუფლების დარღვევას ეხება.

საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, 2008 წლის 12 აგვისტოს სასამართლომ რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად მხარეებს მოუწოდა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ.

საქართველოს მთავრობამ განაცხადი სრული ფორმით 2009 წლის 6 თებერვალს, ხოლო დამატებითი მასალები 2010 წლის 10 მარტსა და 2011 წლის 13 ივნისს წარადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აღნიშნული საქმის დასაშვებობის საკითხზე ზეპირი განხილვა შედგა 2011 წლის 22 სექტემბერს.

საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მასალებისა და აღნიშნულ საქმეზე 2011 წლის 22 სექტემბერს გამართულ ზეპირი განხილვის შედეგად ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული საქმე დაშვებულად გამოაცხადა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტის მოადგილე თინა ბურჯალიანმა გააცნო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100