სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„კავკასიის“ პირდაპირ ეთერში ხელბორკილდადებული მამაკაცი შეიჭრა (ვიდეო)

განახლებულია: 18.10.2011; 02:20 სთ.

დღეს, დავით აქუბარდიას საავტორო გადაცემის მიმდინარეობის დროს, როცა სტუდიაში გადაცემის წამყვანთან ერთად დავით ზურაბიშვილი და რამდენიმე სხვა პირი იმყოფებოდა, მოულოდნელად სტუდიაში ახალგაზრდა მამაკაცი, ზაზა სვანაძე შეიჭრა, რომელსაც ხელბორკილი, როგორც ჩანს, საკუთარი სურვილით ჰქონდა დადებული.

„მე მოვითხოვ...“ - დაიწყო მან, მაგრამ ეთერში მოთხოვნების ჩამოყალიბება არ აცალეს. გადაცემის წამყვანმა, დავით აქუბარდიამ სტუდიიდან მისი გაყვანა ხმამაღლა მოითხოვა, თუმცა, სვანაძე კარგა ხანს უძალიანდებოდა „კავკასიის“ თანამშრომლებს, რომლებიც ეთერის კადრს მიღმა მის გაყვანას ცდილობდნენ.

„გადი, შვილო, მაცალე, გადაცემა მაქვს! გაიყვანეთ, კაცო, აქედან!“, - ცხარობდა დავით აქუბარდია, ბოლოს კი თანამშრომლებს უსაყვედურა: „რა არის, ვერ ჩაკეტეთ ეს კარები?“.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ეთერი არ გათიშულა. წამყვანმა რეკლამა მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ახალგაზრდა სტუდიიდან გაიყვანეს. ინციდენტის ამსახველი კადრები „იუთუბზე“ „პლანეტა.ჯი“-მ სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სვანაძე საპროტესტო აქციებს აწყობს და სხვადასხვა შინაარსის მოწოდებებს აკრავს სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე. ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს, კულტურის სამინისტროსთან მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხანდაზმულმა მამაკაცმა, რის შემდეგაც სვანაძემ გაქცევით უშველა თავს.

დღეს "კავკასიის" სტუდიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტმა, დავით აქუბარდიას მეუღლემ ნინო ჯანგირაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეს ფრაზა დაწერა: "ზაზა სვანაძეს ბორკილების გასაღები სტუდიაში დარჩა. იმედია, ამაღამ ბორკილებით არ მოუწევს ძილი".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100