სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტივ ჯობსი ბუდისტური რიტუალის დაცვით დაკრძალეს

Apple-ს დამფუძნებელი სტივ ჯობსი აშშ–ში ბუდისტური რიტუალის დაცვით დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიალში მხოლოდ ჯობსის ახლობლებმა მიიღეს მონაწილეობა. დაკრძალვის დრო და ადგილი გასაიდუმლოებული იყო და ჯობსის გამომშვიდობებასთან დაკავშირებით არც არანაირი ღონისძიება დაგეგმილა. სტივ ჯობსმა ბუდიზმი ინდოეთში მიიღო, რის შემდეგაც აშშ–ში იგი გადაპარსული თავითა და ტრადიციულ ინდურ სამოსში გამოწყობილი დაბრუნდა. ჯობსი თავის საოცნებო ქვეყანაში 1974 წელს მოხვდა და სპირიტიზმისა და ეგზისტენციალიზმის შესწავლასაც გეგმავდა, მაგრამ მასწავლებელი, რომელსაც ის დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, უკვე გარდაცვილი დახვდა. მაშინ სტივმა მთელი თავისი ნივთები ნახმარ, გაცვეთილ ტანსაცმელზე გადაცვალა და მოგზაურობა დაიწყო, იმის იმედით, რომ უბრალო ადამიანები დაეხმარებოდნენ. ეს მოგზაურობა მას სამყაროს აღქმაში დაეხმარა – სტივმა ხომ ნამდვილი სიღარიბე გამოსცადა საკუთარ თავზე. სხვათა შორის, სტივ ჯობსის საქორწინო ცერემონიალი, რომელიც 1991 წლის 18 მარტს შედგა, მისმა გურუმ, ბუდისტმა ქობუნ ჩინო ოტოგავამ ჩაატარა – სწორედ მას უწოდებდა სტივი მის ცხოვრებაში საუკეთესო მასწავლებელს. სტივ ჯობსის გარდაცვალებამ გადმოსწია მისი ცხოვრების შესახებ 256 გვერდიანი წიგნის გამოსვლაც. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ იგი დაგეგმილზე ადრე, 24 ოქტომბერს უკვე იქნება გაყიდვაში. წიგნის ავტორი CNN ყოფილი ხელმძღვანელი და ჟურნალ Time-ს რედაქტორი, უოლტერ ისააკსონია. „ეს არის ისტორია ცხოვრებაზე, რომელიც სავსეა არმასვლითა და დაცემით, ისტორია ადამიანზე, რომლის სრულყოფილებისკენ სწრაფვამ და მოღვაწეობამ ექვს სფეროში რევოლუციამდე მიგვიყვანა“, – ნათქვამია წიგნის ანოტაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100