სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პანკისის ხეობაში პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს

დღეს, დილიდან პანკისის ხეობაში პოლიციის რამდენიმე ჯგუფი პატრულირებს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება პანკისის ხეობიდან.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, სოფელ დუისში დღეს შორენა ხანგოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია 12:00 საათზე უნდა დაიწყოს. დილიდან, პროტესტის ნიშნად არ მუშაობს დუისის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი. სკოლაში არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები არ მივიდნენ.

დღესვე, შორენა ხანგოშვილის მხარდასაჭერად, დუისში, ჩეჩნეთში მოკლული ინგლისელი ჟურნალისტის როდი სკოტის მშობლები ჩავლენ. შორენა ხანგოშვილი „როდი სკოტის" ფონდის თანამშრომელია. ფონდი, რომელიც მოკლული ჟურნალისტის მშობლებმა დაარსეს, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს. შორენა ხანგოშვილი პანკისის ხეობაში მცხოვრებ ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა.

შორენა ხანგოშვილი სოდ-ის თანამშრომლებმა ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით, პარასკევს, ახმეტაში დააკავეს და იმავე დღეს თბილისში გადაიყვანეს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100