ძიძას, რომელმაც „ეშმაკის ბრძანებით“ ორი ბავშვი მოკლა, სასამართლომ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა

55 წლის იოსელინ ორტეგამ ორი მცირეწლოვანი ბავშვი, როგორც თავად აცხადებს, „ეშმაკის ბრძანებით“ მოკლა. ის დაღუპული ბავშვების ძიძა იყო და მათ ოჯახში მუშაობდა. 6 წლის ლუსი კრიმი და მისი უმცროსი ძმა 2 წლის ლეო ქალთან ყოველდღიურად დიდ დროს ატარებდნენ, ერთ დღეს კი ორტეგამ მოულოდნელად ენით აღუწერელი სისასტიკე ჩაიდინა.

როგორც თავად ბრალდებული აცხადებს, მკვლელობის მომენტში ის შეპყრობილი იყო და ჰალუცინაციები ჰქონდა. რაღაც ხმა ჩაესმოდა, რომელიც სამზარეულოდან დანის აღებასა და ბავშვების დახოცვას აიძულებდა. მკვლელობის შემდეგ პატარების გვამები სააბაზანო ოთახში მოათავსა.

„ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა... გთხოვთ, რომ მოწყალება გამოიჩინოთ ჩემს მიმართ და მკაცრად არ განმსაჯოთ. მე პატიებას ვთხოვ ღმერთს და გარდაცვლილი ბავშვის მშობლებს“ - ეს სიტყვები წარმოთქვა ორტეგამ სასამართლოს უკანასკნელ სხდომაზე, განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე წუთით ადრე.

გამოძიების ვარაუდით, ორტეგას შურდა ბავშვების დედის, მარინა კრიმის, რომელიც სიყვარულსა და მზრუნველობას არ აკლებდა თავის პატარებს. შური კი იქიდან გამომდინარეობდა, რომ თავად ვერ შეძლო თავისი ვაჟის გაზრდა, რადგან ამერიკაში წამოსვლისას ის ოთხი წლის ასაკში დეიდას დაუტოვა და მას შემდეგ აღარ უნახავს.

სასამართლოს განჩინებით 55 წლის ორტეგა დარჩენილ ცხოვრებას ციხის საკანში გაატარებს.

კომენტარი