ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის მამა მალხაზ პაპასკირი იკითხება. მისი განცხადებით, ბრალდებულთან ადრეც ჰქონდა შეხება, თუმცა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მერაბ კვირიკაშვილის განცხადება, რომ ის უდანაშაულოა.

"ამნაირი ტრაგედია ყველას შეიძლება მოუვიდეს და გამიჩნდა მის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ უნდა ყოფილიყო აღიარება ამ დანაშაულის ჩემსა და უფლის წინაშე"-, განაცხადა მალხაზ პაპასკირმა. მისი თქმით, საქმეზე ექსპერტიზის სამი წინააღმდეგობრივი დასკვნა არსებობს.

"მთავარი არაა ვინ დაისჯება, მთავარია სიმართლის დადგენა. იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო სწორად შეაფასებს ამ გარემოებებს და დაადგენს, რომ მოხდა სიჩქარის გადაჭარბება, რის გამოც დაიღუპნენ ადამიანები. მე არ ვაპირებ შურისძიებას, მე მოვითხოვ სამართალს ამ ამბავზე", - განაცხადა პაპასკირმა.

საქმე 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოყვა. საქმეს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე განიხილავს.

შეგახსენებთ, კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი