ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ერთში - ქუთაისში, მეორე ტური გაიმართება.

ქუთაისში, 124 უბნიდან 124 -ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩეველთა ხმების 48,66%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველთა ხმების 27,03% აიღო. კერძოდ, გიორგი ჭიღვარიას მხარი 25 350–მა ამომრჩეველმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 14084 –მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში მერობის არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი, რადგან კანდიდატს მერის მანდატის მოსაპოვებლად 50%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება.

რაც შეეხება 4 თვითმმართველ ქალაქს, რომლებშიც ცესკოს წინასწარი მონაცემებით პირველივე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ასე გამოიყურება:

წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,13 %-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს. მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - 17.49%-ით. ამ დროისთვის 737-ვე უბნის მონაცემებია დათვლილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში, სადაც ასევე ყველა - 87 უბანია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ ხმების 53.05% მიიღო, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზურაბ მაისურაძე - 19.8%-ით.

ბათუმშიც 103-ვე უბნის შედეგებია დამუშავებული, რომელთა მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ ამომრჩეველთა ხმების 55.95%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ლევან ანთაძემ - 24.04% მიიღო.

რაც შეეხება ფოთს, 32-ვე უბნის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გოჩა კურდღელიამ 55.14%, ხოლო „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ დარცმელიძემ 13.36% მიიღო.

კომენტარი