სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გივი თარგამაძე: ანქვაბის პროქართულობა მხოლოდ რიტორიკაა

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე აფხაზეთში დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არავითარ ცვლილებას არ ელის და თვლის, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახდება აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი.

თარგამაძის შეფასებით, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებებიც კი, რომელიც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბრობს და რომელიც საქართველოსადმი შედარებით ლოიალურად განწყობილ ფიგურად ითვლება, "მხოლოდ რიტორიკაა".

"თავის დროზე, სერგეი ბაღაფშიც პროქართულ ფიგურად მიიჩნეოდა, თუმცა რა ხეირიც მოგვიტანა მან, ყველამ ვნახეთ. ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთში ის ბოლო ადამიანია, ვისზეც ამბობენ, რომ თითქოს პროქართულია. ამის გამო ანქვაბის ლიკვიდაცია ორჯერ უკვე სცადეს და ბუნებრივია, მას რამდენიმე თავი არა აქვს" - განუცხადა "პირwელს" გივი თარგამაძემ.

თავის მხრივ, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მხარდაჭერით დე ფაქტო პრემიერის სერგეი შამბას გაპრეზიდენტებას ელის.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება, რომელშიც დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი, დე ფაქტო პრემიერი სერგეი შამბა და ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100