„ნეტ ხუდა ბეზ დაბრა“ - ადა მარშანია იმედოვნებს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი საქართველოს რუსეთთან დააახლოებს [ვიდეო]

დეპუტატ ადა მარშანიას იმედი აქვს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი საქართველოს რუსეთთან დააახლოებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი მიიჩნევს, რომ საქართველომ სტიქიასთან საბრძოლველად უნდა მიიღოს რუსეთის დახმარება, რომელსაც, მისი თქმით, შთამბეჭდავი ტექნიკა აქვს.

„ხომ არის ასეთი რუსული გამოთქმა - „ნეტ ხუდა ბეზ დაბრა“, ეგებ, ამ ხანძრის მეშვეობით ჩვენ აუცილებელ სამეზობლო კონტაქტებს დავამყარებთ“, - აცხადებს მარშანია.

მისივე თქმით, დახმარებაზე რუსეთისთვის უარის თქმა არც პატრიოტიზმია, არც პრინციპული პოზიცია და არც ღირსების დაცვა.

„უამრავი, ათი ათასობით რუსი ტურისტი და რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქე შემოდის ჩვენს ქვეყანაში და ამ შემთხვევაში სად არის ჩვენი პრინციპულობა, ღირსების დაცვა და პატრიოტიზმი?!“, - ამბობს მარშანია.

შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში ცეცხლი სწორედ იმ პერიმეტრზე გაჩნდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა გადაწვა.

რუსეთმა სტიქიის დასაძლევად ქართულ მხარეს თანამშრომლობა შესთავაზა, თუმცა საქართველომ სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში რუსული ძალების ჩართვაზე უარი განაცხადა.

კომენტარი