სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლონდონში პოლიციელების გვერდით მოსახლეობაც დადგა

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში არეულობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა, როგორც AP იუწყება, წუხანდელი ღამე წინა ღამეებთან შედარებით მეტნაკლებად მშვიდი იყო.

ეს იმის ხარჯზე გახდა შესაძლებელი, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ სამართალდამცველი ორგანოების ძალების დემონსტრირება პირველად სწორედ ლონდონში მოახდინა. „ასოშიეტედ პრესის“ ცნობით, ლონდონის ქუჩებში გუშინ ღამით პოლიციელთა არნახული რაოდენობა - 16 ათასი გამოვიდა. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ისინი მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ჯავშანმანქანებით პატრულირებდნენ. პატრულირება მიმდინარეობდა როგორც ჯავშანმანქანებით, ასევე ქვეითად და მხედრული წესითაც. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ ლონდონში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის ფართომასტაბიანი შეტაკება არ მომხდარა. ამის მიუხედავად, აგრესიული ახალგაზრდები მაინც უკიდებდნენ ცეცხლს სხვადასხვა დაწესებულებებს და, ზოგიერთი ბრიტანული წყაროს მიხედვით, ლონდონის სამხრეთ ნაწილში რამდენიმე მძლავრი აფეთქების ხმაც გაისმა.

ლონდონისა და სხვა ქალაქების მოსახლეობის უმრავლესობამ, რომელსაც, როგორც ჩანს, საკმაოდ აშფოთებს ახალგაზრდების მიერ გამოვლენილი აგრესია, პოლიციას სრული სოლიდარობა გამოუცხადა და მეტიც - წესრიგის დასაცავად სამართალდამცველთა გვერდით დადგა. ლონდონელი სტივენ ლენონის იდეას, რომელიც მსგავსი ინიციატივით გამოვიდა, უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა. მისი თქმით, ლონდონის მცხოვრებლებისგან შემდგარი ათასკაციანი რაზმი დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში გადანაწილდა და პოლიციელებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იცავდა წესრიგს.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სასწორზე შევაგდოთ ქვეყნის ბედი. რა უმსგავსობაც ხდება, ეს ყველას ეხება და ყველას ვალია, დაეხმაროს პოლიციას, რომელსაც, როგორც ჩანს, საკუთარი ძალებით არეულობასთან გამკლავება არ ძალუძს“, - თქვა ლენონმა. ლენონის იდეა სხვა ქალაქების მცხოვრებლებმაც გაიზიარეს და უკვე ყველგან იქმნება მოსახლეობის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული, უიარაღო რაზმები, რომელთა მეთაურები აცხადებენ, რომ არ მოერიდებიან „აგრესიული ახალგაზრდებისთვის ჭკუის სწავლებას, თუ ისინი ისევე გააგრძელებენ მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდნენ“.

დღეს პოლიციამ უკვე მიიღო პლასტიკური ტყვიების გამოყენების უფლება, თუმცა, ყველა ასეთი შემთხვევა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და პოლიციელს ასეთი ტყვიების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეეძლება. პლასტიკური ტყვიები ოფიციალურად, ადრეც შედიოდა პოლიციის აღჭურვილობაში და მას იყენებდნენ კიდეც არეულობების დროს (მაგალითად, ჩრდ. ირლანდიაში), მაგრამ ბრიტანეთის მატერიკზე მსგავსი ტყვიები აქამდე არასდროს გამოუყენებიათ. პლასტიკურ ტყვიებს არ ახასიათებს კანში შეღწევადობა და მისი მოხვედრა მტკივნეული, მაგრამ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

მართალია, ლონდონში სიტუაცია შედარებით განიმუხტა, მაგრამ ახალი დაძაბულობის კერებმა გადაუარა სხვა ქალაქებს: ბირმინჰემში, ნოტენჰემში, მანჩესტერსა და ბრისტოლში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შეტაკება აგრესიულ დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100