სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქმა ჟურნალისტებს ტკბილეულით უმასპინძლა და დალოცა, მაგრამ თავდებობისგან თავი შეიკავა

რა თქმა უნდა, პატრიარქმა კარგად იცოდა, რას ითხოვდნენ მისგან საპატრიარქოს წინ სანთლებით ხელში შეკრებილი ქართველი ჟურნალისტები, მაგრამ მათი მიღების დროს ფოტოგრაფების თავდებობაზე, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, სიტყვა არ უთქვამს. თავიანთი მოთხოვნა პატრიარქს ვერც ჟურნალისტებმა შეახსენეს, შესაბამისად, პატრიარქის თავდებობის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

ჟურნალისტები მხოლოდ პატრიარქის ოპტიმისტური განცხადებით დაკმაყოფილდნენ იმის თაობაზე, რომ „გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ მჯერა, რომ დაკავებულებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება“. მეტიც, პატრიარქმა თვითონ ჟურნალისტებისგანაც მიიღო იგივე განწყობის გამომხატველი პასუხი, როცა მათ ჩაეკითხა, ჰქონდათ თუ არა ყველაფრის მშვიდობიანად დასრულების იმედი.

საბოლოო ჯამში, შეხვედრა არა ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებული შემდგომი ქმედებების განხილვას, არამედ მამაშვილურ საუბარს ჰგავდა, რაც, რასაკვირველია, გასაკვირი არ იქნებოდა, ჟურნალისტები რომ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს მხოლოდ ყოფით საკითხებთან დაკავშირებით შეხვედროდნენ. პატრიარქმა ჟურნალისტებს ტკბილეულით უმასპინძლა და აღნიშნა, კარგი იქნებოდა, ჟურნალისტები არამხოლოდ ნეგატიურს (რითაც მოსახლეობას აღიზიანებენ), არამედ პოზიტიურსაც (რითაც მოსახლეობას გაახარებენ) აშუქებდნენო. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით პატრიარქმა არნიშნა, რომ მათი ბედი მთელ ქვეყანას აღელვებს და კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.

ჟურნალისტებმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს პატრიარქის იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100