სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგა ბოკერია ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია იმედოვნებს, რომ საზოგადოებაში არსებობს მყარი კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ყველანაირი უმცირესობის წარმომადგენლებს ეკუთვნის.
როგორც ბოკერიამ, პირველი არხის გადაცემა ”დიალოგში” სტუმრობისას განაცხადა, ეს ქვეყანა ეკუთვნის ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა რაიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა. მისი თქმით, მართლმადიდებლობის ისტორიული როლიც ესმის.
“ბუნებრივია, რომ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს. რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე დიდი კონფესია, ყველაზე დიდი მრევლი ჰყავს და ყველაზე დიდი როლი ითამაშა ისტორიულად ამ საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ეს ფაქტი არის გამოხატული იმაში, რომ არსებობს საკონსტიტუციო რანგის შეთანხმება. ამის გარდა, ძალიან სპეციფიური უფლებებია ამ რელიგიის და ეს რეგულირება ძალაში რჩება, არ იცვლება. ამ ქვეყნის თანამესაკუთრე ყველა მოქალაქეა. ამ ნიშნით საზოგადოების დაყოფის ყველანაირი მცდელობა, ქვეყნის ფუნდამენტის შერყევაა”,-განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, პრინციპულად, მორალურად, ფუნდამენტურად მიუღებელია მისთვის და მისი პოლიტიკური გუნდისთვის, ბოლო დღეებში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები. ”იმედი მაქვს, ასეთი განწყობების გაღრმავების პერსპექტივა არ არის მოსალოდნელი. თუმცა ეს პროცესი გასაკვირი არ ყოფილა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად აქტიური ნაწილი ამგვარ ვითარებებში ცდილობს ხოლმე პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებშიც და საზოგადოებრივ ჯგუფებშიც არიან გულწრფელი ადამიანებიც, რომლებსაც, სამწუხაროდ, ამ ტიპის, ჩვენთვის კატეგორიული შეხედულებები აქვთ”,-განაცხადა ბოკერიამ.
მისივე შეფასებით, პოლიტიკურ პარტიებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ და მისთვის მიუღებელია განცხადებები, თითქოს ხელისუფლებამ რელიგიური კონფესიების შესახებ კანონი ზურგს უკან მიიღო.

ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით გადაჭარბებული სკეპტიციზმი - "ვერ გავიგეთ, რაშია საქმე", ჩემთვის ცოტა გაუგებარია , - ამის შესახებ, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ პირველი არხის გადაცემა ”დიალოგში” განაცხადა.
ბოკერიას თქმით, მისთვის სრულიად გასაგებია, საქმე რაშია. ”ბუნებრივია, სასამართლოში უნდა გაირკვეს, მაგრამ ბრალდებები არის სერიოზული, რაში მდგომარეობს ბრალდება, ჩემთვის გასაგებია. ეს არ უკავშირდება პროფესიულ საქმიანობას, ფოტოების გადაცემას, რაიმე შეხედულებას ან სხვა ტიპის ქმედებას, რომელიც ჟურნალისტურ ასპექტს შეიცავს, ბრალდება შეეხება კონფიდენციალური, მათ შორის გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტების და ინფორმაციის გადაცემას იმ ადამიანების მიერ, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ამაზე ან ჰქონდა შანსი მოპოვების. ის, რაც ითქვა, ჩემი აზრით გასაგებია”,-აღნიშნა ბოკერიამ.
მისივე თქმით, აქ ტესტი იქნება იმაში, თუ რა ტიპის და რა ინფორმაციის გამჟღავნება არის შესაძლებელი სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. "თავისთავად ეს ფაქტი არავისთვის არის სასიხარულო, მათ შორის არც ხელისუფლებისთვის. პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი არის ბრალდებული ძალიან სერიოზულ საქმეში",-აღნიშნა ბოკერიამ და დასძინა, რომ მისთვის აბსოლუტურად გასაგებია საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესი ამ საქმესთან დაკავშირებით.
”ლეგიტიმურია, როცა ინტერესის გამოხატვა ხდება, თუმცა, ეს არ გულისხმობს, რომ როგორც გარანტირებული უფლება, ამ ტიპის საქმეებზე სასამართლო პროცესი მთლიანად გახსნილი იყოს. იმიტომ არსებობს კანონმდებლობაში დათქმები, რომ ამ ტიპის საქმეები შეიძლება საჭიროებდეს და აუცილებელიც იყოს, ყველა ინფორმაცია ვერ გახდეს გამჭვირვალე. პროგნოზებისგან თავს შევიკავებ. ეს არ არის ჩემი პერსონალური გადაწყვეტილება. ეს გამოძიების, ბრალდების შემდგომ უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებაა. მაგრამ ინტერესი თავისთავად გასაგებია. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, თითქოს ეს არის პრესის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის წინააღმდეგ კამპანია და ა.შ. რაღაც საფუძველი ამ ტიპის შეთქმულების თეორიას უნდა ჰქონდეს, არ შეიძლება ასე სროლა სიტყვების, როცა არანაირი საფუძველი არ არსებობს. კარგი იქნებოდა, ის ადამიანები, ვინც გულწრფელად არიან შეწუხებულები, მეტი პასუხისმგებლობით თუ მოეკიდებიან ამ ტიპის განგაშის ზარების შემოკვრას”,-განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100