სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანუატუს ახალ პრემიერად კვლავ სატო კილმანი აირჩიეს, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა

ვანუატუს ახალ პრემიერ-მინისტრად კვლავ სატო კილმანი აირჩიეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ვანუატუს მთავრობის ვებ-გვერდის ინფორმაციით, კილმანი აღნიშნულ თანამდებობაზე პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს. მის კანდიდატურას მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა, სერჟ ვოხორას კი - 23-მა.

აპირებს თუ არა პრემიერი აფხაზეთის დამოუკიდებლობის კვლავ აღიარებას, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ვანუატუსა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას მაისის ბოლოს მოეწერა ხელი. დოკუმენტს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმა სერგეი შამბამ და სატო კილმანმა მოაწერეს ხელი. თუმცა მას შემდეგ, რაც სატო კილმანს პრემიერის თანამდებობა დაატოვებინეს, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გადაიდო.

პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად ედვარდ ნატაპეი დაინიშნა, რომელმაც განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში მისი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობის ძირითადი ნაწილის სოლიდარულია და აფხაზეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

მან გაერო-ში ვანუატუს წარმომადგენელს საქართველოსთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების დავალებაც მისცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100